Accentnews.ge
“უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის საკვანძო პრობლემა სიჭრელე და შიდა კონფრონტაციაა”

“უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის საკვანძო პრობლემა სიჭრელე და შიდა კონფრონტაციაა”

23/08/2022 14:39:04 ანალიზი

რუსი პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და სოციოლოგი იგორ იაკოვენკო უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯარის ერთ-ერთ საკვანძო პრობლემად არაერთგვაროვნებასა და “სიჭრელეს” მიიჩნევს.

როგორც იაკოვენკო განმარტავს, პუტინის ჯარი “ჭრელია” არა მარტო მომზადებისა და აღჭურვის ხარისხით, არამედ ფორმირების წყაროების მიხედვითაც:

“უპირველესად, გვერდიგვერდ უწევთ ბრძოლა კონტრაქტორებს, რომლებიც შედარებით ნორმალურად ფინანსდებიან და “უფასო” ახალწვეულებს, რაც, ბუნებრივია, მათ შორის დაძაბულობას ქმნის” – ამბობს ანალიტიკოსი.

გარდა ამისა, მისი თქმით, არსებობენ ე.წ. კადიროველები – პრივილეგირებული სტრუქტურა, რომელიც, როგორც წესი, ბრძოლაში არ მონაწილეობს და ბრძოლის ველზე მხოლოდ დეზერტირობის ფაქტების გამოსარიცხად გადის:

“ტიკტოკში” დაპიარებული კადიროველები მებრძოლებს უკან მიჰყვებიან და უკუსვლის ან გაქცევის შემთხვევაში ადგილზე განადგურებით ემუქრებიან, აღებულ ტერიტორიებზე კი მაროდიორობით, მოსახლეობის წამებით, გაუპატიურებითა და მკვლელობებით კავდებიან. კადიროველთა ეს პრივილეგირებული მდგომარეობა, ცხადია, სხვა დანაყოფების უკმაყოფილების სერიოზული საბაბია: ვის მოეწონება, “ტიკტოკში” დაპიარებული ბიჭები ზურგში მიჰყვებოდნენ და ესროდნენ მათ, ვინც იბრძვის და მათგან განსხვავებით, ომს ყოველგვარი სარგებლის გარეშე ეწირება?!”.

ცალკეა ე.წ. “ვაგნერი” – კერძო გასამხედროებული ფორმირება, ერთგვარი უცხო სხეული რუსულ ჯარში, რომელიც თავის დროზე “კრემლის მზარეულმა” პრიგოჟინმა ჩამოაყალიბა. არცთუ დიდი ხნის წინ იგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროსთან გარკვეულ კონფრონტაციაში შევიდა და ამის გამო საქმეებს ჩამოაშორეს, მაგრამ როცა გაირკვა, რომ რუსული ჯარი საკუთარი ძალით უკრაინაში ვერას ხდებოდა, პრიგოჟინს კვლავ უხმეს.

როგორც იაკოვენკო აცხადებს, რუსული არმიის ოფიცრებსა და “ვაგნერის” რაზმების მეთაურებს შორის ასევე აშკარა კონფრონტაციაა და “პრიგოჟინის ბიჭები ძალიან არ უყვართ”.

ცალკე არიან ასევე კაზაკები თავისი პირობებით, წესებითა და შიდა პრობლემებით.

და ბოლოს, ბრძოლაში გზავნიან დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სახალხო მილიციას. როგორც იაკოვენკო აღნიშნავს, ამ ორ ძალას ერთმანეთშიც კი აშკარა დაპირისპირება აქვს:

“ადამიანები, რომლებსაც უკრაინის ამ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხარეს საომრად ძალით აგროვებენ, უმთავრესად მალევე იღუპებიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ რეგიონებში ადგილობრივი მამაკაცები თითქმის ამოწყდნენ და ე.წ. სახალხო მილიციაში მსხვერპლი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვედანაყოფებში, რაც, ბუნებრივია, კონფრონტაციის კიდევ ერთი საფუძველია. გარდა ამისა, თავად ამ ორ ე.წ. მოძმე რესპუბლიკასაც აქვს ერთმანეთში უთანხმოება. მაგალითად, რაკი ლუჰანსკის ოლქი გაცილებით მეტწილადაა ოკუპირებული, ვიდრე დონეცკის, დონეცკელებს უბრძანეს, ლუჰანსკელებს დაჰხმარებოდნენ, ისინი კი უარზე იყვნენ – “ჩვენ ჩვენი მიწისთვის უკვე ვიომეთ, მათსას კი თავად მიხედონო”.

ამგვარად, ანალიტიკოსის დასკვნით, უკრაინაში მეომარ რუსულ ძალებს შორის არავითარი ერთიანობა და ბრძოლის ჟინი არ არსებობს, სამაგიეროდ უთანხმოება საკმარისია და "ვინც არ უნდა დაუნიშნონ ასეთ “ჭრელ” ჯარს თავკაცად, საეჭვოა, მან რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა შეძლოს”.

  • როგორც CNN აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის კოლინ კალის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, 24 თებერვლის ღამეს ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ჯამში დაახლოებით 70-80 ათასი მეომარი დაკარგა და ბოლო პერიოდში ყოველდღიური დანაკარგი უწინდელი 300-დან საშუალოდ 500-მდეა გაზრდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S