
რატომ გაექცა თბილისი უკრაინის მხარდაჭერას ICJ–ში
15/07/2022 12:37:40 პოლიტიკა, ანალიზი
როდესაც მმართველი გუნდის დეპუტატ ბექა დავითულიანს ჰკითხეს, რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირთან, აშშ–სა და კიდევ 43 ქვეყანასთან ერთად უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხი უნდა აგოს, კანონმდებელმა თავს ირონიის უფლება მისცა: „40 ქვეყანა და დედამიწაზე არსებობს 200–მდე ქვეყანა. არ ვიცი, ამ 40–ს შორის ჩვენ რატომ არ ვართ[...]“. როგორც ჩანს, ამ ფრაზის წარმოთქმისას დეპუტატს არ გასჩენია კითხვა, ამ 200–მდე ქვეყნიდან მაინც რამდენის არსებობას უქმნის საფრთხეს რუსეთი? რამდენს დაესხა თავს? რამდენს მოუწყო გენოციდი? რამდენის დანაწევრებას ცდილობს „სახელმწიფოებად“? რამდენის ტერიტორიაზე მიღოღავს მავთულხლართებით? რამდენს სტაცებს და უკლავს მოქალაქეებს ისე, რომ პასუხსაც ვერ სცემ? და თუ ამ ყველაფრის შემოქმედის წინააღმდეგ შექმნილ ალიანსში არ ხარ, მაშ სად დგახარ?
მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემოგვთავაზა ზოგადი, ბუნდოვანი არგუმენტი:
„ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა“.
საგარეო უწყებას აღარ განუმარტავს, რომელი საქმეები ჰქონდა მხედველობაში და მაინც რა ტიპის ნეგატიური გავლენის თაობაზე შიშობდა.
ინფორმაციისთვის: გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. სარჩელში საქართველო საუბრობდა არა მარტო აგვისტოს ომზე, არამედ რუსეთის როლზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებში 1990-იანი წლებიდან და მოსკოვს ადანაშაულებდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევაში. 2009 წლის ბოლოს რუსეთმა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, ICJ-ში შეიტანა ორი შუამდგომლობა, რომ მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს სარჩელის განხილვა, რადგან: რუსეთი არ წარმოადგენს მხარეს საქმეში; საქართველომ დაარღვია CERD-ის პროცედურა და სარჩელის შეტანამდე მოპასუხე მხარესთან მოლაპარაკების ეტაპი არ გაუვლია. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი შუამდგომლობა, თუმცა გაიზიარა რუსეთის მეორე არგუმენტი და 2011 წლის პირველ აპრილს უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს “არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი”. საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გაცხადებული ჰქონდა, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეეცდებოდა “საქმის შებრუნებას” ICJ–ში. 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდა სტრასბურგის სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა. თუმცა ჰააგის ტრიბუნალში განმეორებითი განაცხადის შეტანის ვადა 2021 წლის აპრილში ისე ამოიწურა, რომ თბილისს განმეორებითი სარჩელი არ წარუდგენია;
– აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება მიმდინარე წელს დაასრულა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ. ამ ეტაპზე ცხინვალის მხოლოდ სამი მკვიდრის დაკავების ორდერებია გაცემული და ჯერ უცნობია, არის ეს პროცესის დასასრული, თუ კიდევ ვიხილავ საბრალდებო დასკვნებს;
– სტრასბურგში აღსრულების ეტაპზეა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებული სარჩელი დეპორტაციის საქმეზე. რუსეთმა 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს კომპენსაციის სახით;
– ამდენად, ერთადერთი მიმდინარე დავა, რომლის შესახებაც ცნობილია, უკავშირდება საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევას. საქმეს ევროსასამართლო განიხილავს.
საერთაშორისო სამართლის იმ სპეციალისტთა შორის, რომელთათვისაც საგარეო უწყების არგუმენტაცია დაზუსტებებს მოითხოვს, იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძეცაა.
„მეტი განმარტებაა საჭირო. მაგალითად, როდესაც საუბარია, რომ ამ მხარდამჭერ დეკლარაციაზე საქართველოს მიერთებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს საქმეებს საერთაშორისო სასამართლოებში, გაუგებარია, რომელ საქმეებს გულისხმობენ. თავად ეს საქმე ეხება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სადაც ჩვენ დავა არ გვაქვს. საქმე, რომელიც ამ სასამართლოში იყო მიმდინარე, 2011 წელს დაუშვებლად გამოცხადდა. შემდეგ ქართული საზოგადოება ელოდა, რომ ის განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ეს საქმე სასამართლოში არ შებრუნებულა და ვეღარც შებრუნდება, რადგან ხანდაზმულობის ვადაც გასულია. თუ აქ იგულისხმება ევროპული სასამართლო, სადაც ერთი დავა ნამდვილად მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე, (ICJ)-ისა და ევროპულ სასამართლოს შორის კორელაცია არ არსებობს. შესაბამისად, ერთი მეორეზე გავლენას ვერ მოახდენს. იგივე შეიძლება, ითქვას, (ICC)–ში დასრულებულ გამოძიებაზეც.
თეორიულად შეიძლება, ვისაუბროთ, გარკვეულ პროცედურულ დაბრკოლებებზე, რაც შეიძლება, პროცესში შეიქმნას. შეიძლება, იყოს საკითხი, რომელიც სამართლებრივად გასაანალიზებელია, მაგრამ მსგავს რამეს ვერ ვხედავ [საგარეოს განცხადებაში – რედ.] და არ ვართ ვალდებული, გამოვიცნოთ, რა დაბრკოლებებზე საუბრობს მთავრობა. მთავრობა ვალდებულია, მიზეზები დააკონკრეტოს. როგორც მინიმუმ, ასეთი განცხადება დაუსაბუთებელია და მაქსიმუმ, მსგავსი დაბრკოლება არ არსებობს“,– განმარტავს „აქცენტთან" მესხორაძე.
რაც შეეხება სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას, მესხორაძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, ჩვენს ინტერესშიც ყოფილიყო, ვინაიდან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა, ხოლო უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მინიმუმ, ირიბად ახდენს გავლენას თბილისის ინტერესებზეც, საუბარია რა საერთო მტერზე, გენოციდზე. შესაბამისად, ქვეყნის ინტერესში უნდა იყოს, გამოიყენოს მსგავსი შესაძლებლობები, ჩაერთოს პროცესში, რათა პოზიტიური გავლენა მასზეც გავრცელდეს.
„ამდენად, მეტი განმარტებაა საჭირო, რომელი საქმეები იგულისხმება და რა ნეგატიურ გავლენას ხედავს მთავრობა; ახსნაა საჭირო, მესამე მხარედ ჩართვა რატომ დააზიანებს ქართულ სახელმწიფოს და არა პირიქით, რადგან მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური შეიძლება, ყოფილიყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის“.
პროცესზე დამკვირვებლები ქვეყნის მიერ პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების შესაძლებლობის თაობაზე შიშობენ.
„როდესაც არ უერთდები იმგვარ პროტესტს, სადაც დავა მიმდინარეობს პოტენციურად რუსეთის, როგორც სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, აქ უკვე აშკარაა ქვეყნის კაპიტულანტური დამოკიდებულება რუსეთის დღევანდელი ფაშისტური რეჟიმის მიმართ“,– ასკვნის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე და დასძენს, „საქართველოს უბრალოდ არ უნდა, მიუერთდეს ცივილიზებულ სამყაროს“.