Accentnews.ge
რას შეცვლის ჯონსონის გადადგობა ბრიტანეთის პოლიტიკაში – ხედვა ლონდონიდან

რას შეცვლის ჯონსონის გადადგობა ბრიტანეთის პოლიტიკაში – ხედვა ლონდონიდან

08/07/2022 11:09:49 ანალიზი

რეგიონში დიდი ბრიტანეთის გააქტიურების, უკრაინის მხარდამჭერ ანტიპუტინურ მოძრაობაში ფლაგმანად ქცევის (ბევრი ექსპერტის ხედვით, სწორედ ბრიტანეთის მტკიცე პოზიციონირებამ უბიძგა ევროპას და აშშ–ს უკრაინის ირგვლივ გაერთიანებისკენ) შემდეგ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ ცნობამ ქართული საზოგადოების ნაწილიც შეაშფოთა, გაჩნდა რა კითხვა, ხომ არ შეცვლის ლონდონი პოლიტიკას ახალი პრემიერ–მინისტრის პირობებში და ხომ არ აქვს გადაწყვეტილებაში რაიმე სახის როლი კრემლს?

ინფორმაციისთვის: 7 ივლისს დიდი ბრიტანეთის ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

მისი თქმით, ახლა ცხადია „კონსერვატიული პარტიის“ ნება, რომ მათ ახალი ლიდერი და შესაბამისად ახალი პრემიერმინისტრიც სურთ. ახალი ლიდერის არჩევის ვადები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.

ბორის ჯონსონმა დანიშნა მინისტრთა ახალი კაბინეტიც და აღნიშნა, რომ მოვალეობის შესრულებას მანამ გააგრძელებს, სანამ პარტიის ახალი ლიდერი მის ამჟამინდელ თანამდებობას არ დაიკავებს.

"მინდა იცოდეთ, ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ, მაგრამ ცხოვრება ასეთია",– გამოხატა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული წუხილი ბორის ჯონსონმა.

„ბრიტანელი კოლეგები ხშირად მეუბნებიან ხუმრობით, რომ „საქართველოსა და უკრაინაში უფრო პოპულარულია ჯონსონი, ვიდრე საკუთარ ქვეყანაშიო“,– ამბობს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი ნათია სესხურია და დასძენს, რომ გადაწყვეტილება ცალსახად შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოძახილია, რომელიც სათავეს მხოლოდ უკანასკნელი მოვლენებიდან არ იღებს.

„უჩვეულო დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს პოლიტიკური სკანდალები არ აკლია. ეს იყო ერთადერთი სვლა, რისი გაკეთებაც შეეძლო ჯონსონს საკუთარი რეპუტაციის გარკვეულწილად გადასარჩენად. მას დაუპირისპირდა საკუთარი პარტია, განუდგნენ წამყვან პოზიციებზე მყოფი იმგვარი პირები, რომლებიც თავადვე დანიშნა თანამდებობებზე. ცხადია, კრიზის ახლა არ დაწყებულა. მსგავსი მოთხოვნა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ძალიან დიდი ხანია, არსებობს. კრიზისის ესკალაცია მოხდა 2021 წელს, როდესაც ბრიტანულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯონსონმა პანდემიის დროს, სამუშაო საათებში თანამშრომლებთან ერთად გამართა წვეულება. საზოგადოებაში ამას ძალიან დიდი აღშფოთება მოჰყვა“,– ამბობს სესხურია "ტვ პირველის" ეთერში.

მისი დაკვირვებით, ჯონსონი კრიზისის გადაფარვას უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ საერთაშორისო არენაზე გააქტიურებით ახერხებდა, რამაც ლონდონს „ბრეიქსითის“ შემდეგ რეგიონში შერყეული პოზიციები აღუდგინა:

„ჯონსონი ცდილობდა, შიდა პოლიტიკური ჩავარდნების გადაფარვას იმით, რომ აქტიურად ჩანდა ბრიტანეთი საერთაშორისო ასპარეზზე. მისმა აქტიურობამ ევროპელ ლიდერებს მაგალითი მისცა, მჭიდროდ ეთანამშრომლათ და მხარში დასდგომოდნენ უკრაინას. მან ხელი შეუწყო ბრიტანეთის გააქტიურებას დამისთვის ლიდერის პოზიციის დაბრუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რომ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ლონდონს პოზიციები მნიშვნელოვნად შეერყა. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდა და მას გამოსავალი აღარ დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებდა“.

კრიზისის ნაწილად განიხილება ჯონსონის მეგობრობა რუს ოლიგარქ ლებედევთან, რაც ჯონსონს არ უარუყვია და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრის სექსუალური სკანდალი.

რაც შეეხება ლონდონის სამომავლო საგარეო პოლიტიკას, მკვლევარს ამ მიმართულებით ცვლილებების მოლოდინი არ აქვს:

„უნდა აღინიშნოს, რომ ბორის ჯონსონმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ აქაური პოლიტიკური ელიტა იმდენად შეჯერებულია, რომ ბრიტანეთმა უკრაინას აუცილებლად უნდა აღმოუჩინოს მნიშვნელოვანი დახმარება, კურსის მნიშვნელოვნად ცვლილებას არ ველი. თავად მმართველ გუნდში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ჯონსონს ე.წ. „ქიმია“ ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩავიდა კიევში, რაც გაბედული ნაბიჯი იყო და ამით უკრაინაში საერთაშორისო ვიზიტებს გაუხსნა გზა.

საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიტანეთში გიორგი ბადრიძეც ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში ბორის ჯონსონის პირად წვლილს, თუმცა ლონდონის პოლიტიკაში ცვლილებებს არც ის ელის.

„ბორის ჯონსონი ისტორიაში წინააღმდეგობრივი ფიგურის სახით შევა: ერთია ის, რის გამოც საქართველოში იცნობენ და რომლის გამოც მართლაც უყვარს უამრავ ადამიანს – ლიდერობა, რომელიც მან უკრაინაში რუსული აგრესიის პირველივე ეტაპზე გამოიჩინა, რასაც მოჰყვა სოლიდარობა სხვა ქვეყნებისგან, როდესაც იარაღის მიწოდებაში ჩაერთო ევროკავშირი, დააწესა სანქციები... პიროვნებებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა და აქ უეჭველია მისი პირადი წვლილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ბრიტანეთის ქმედებები გამოხატავენ ლოგიკას, რომლითაც ის მოქმედებს ათწლეულების და შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაშიც. მისი პოლიტიკა დანარჩენი ევროპის პოლიტიკისგან ბევრი თვალსაზრისით განსხვავდებოდა. რუსეთთან მიმართებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე თანმიმდევრული, პრინციპული ევროპის ქვეყნებს შორის სწორედ ბრიტანეთი იყო. დღეს დანარჩენი ევროპის ქცევის გარდაქმნას ვხედავთ, მაგრამ ამაში ყოველთვის მაინც ლიდერი იყო დიდი ბრიტანეთი იყო. შესაბამისად, როგორც ვთქვი, ბორის ჯონსონის წვლილი უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ეს ქცევა გამოხატავდა ბრიტანეთის ტრადიციას და ჯონსონის წასვლის შემდეგ, ნებისმიერი სხვა კონსერვატორი ლიდერი გააგრძელებს იგივე პოლიტიკას. ლეიბორისტებმაც მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ.

და მეორეა მისი ისტორიული როლი ევროკავშირის ერთიანობის დარღვევაში, ბრიტანეთის გამოყოფაში, რომელიც მან ბრიტანული პოლიტიკისთვის არადამახასიათებელი მეთოდებით – პოპულიზმით – განახორციელა. ამასთან, პირადად მისი ამომრჩეველი, რომელმაც ჯონსონს მანდატი „ბრექსითის“ დასასრულებლად მისცა, აღმოაჩენს, რომ პროცესი დასრულებული არაა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის გადადგომა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CNN–თან ინტერვიუში განაცხადა და ჯონსონს "უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა".

თავის მხრივ ჯონსონმა ტვიტერზე“ დაწერა: „პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და გავიმეორე დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ მათ მივაწვდით სასიცოცხლო თავდაცვით დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ“.

მანამდე ჯონსონმა, რომელიც ყოველმხრივ უჭერდა მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანი უნდა იყოს, უკრაინამ „შეძლოს ამ ომის იმ პირობებით დასრულება, რომლებსაც პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S