
"პუტინის არმია ჩიხშია" - როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები
06/07/2022 09:31:21 ანალიზი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკვე თითქმის ნახევარი წელი გავიდა. თუ დასაწყისში მსოფლიო კიევზე პუტინის ჯარის შეტევას სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს, ეხლა დამკვირვებლები დღეებს მხოლოდ მცირე რაიონული ცენტრებისთვის პოზიციური ბრძოლების განხილვაში ატარებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მადა აშკარად შემცირებულია, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი უკვე საკუთარ ტყუილებში აიხლართა და სულ უფრო უჭირს შავის თეთრად წარმოჩენა, რათა რუსული ჯარის უდიდესი დანაკარგების, ქვეყნის საბედისწერო საიმიჯო ზიანის, მზარდი საერთაშორისო იზოლაციისა და დამანგრეველი ეკონომიკური შედეგების ფონზე პუტინს სოციალური აფეთქება აარიდოს, ან ცოტა ხნით მაინც გადაუვადოს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ორიოდ დღის წინ პრეზიდენტ პუტინს ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის “გათავისუფლების” შესახებ უპატაკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ოლქის ბოლო მსხვილი ქალაქი – ლისიჩანსკი დატოვეს და წინასწარ მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისკენ დაიხიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ უკან დახევის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “არტილერიაში, ავიაციაში, ზალპური ცეცლის სარაკეტო სისტემებში, საბრძოლო მასალასა და პირად შემადგენლობაში საოკუპაციო ძალების მრავალჯერადი უპირატესობის პირობებში" და რომ ქალაქის დაცვის გაგრძელება “საბედისწერო შედეგებს გამოიღებდა”.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მისი ჯარი “ტაქტიკისა და თანამედროვე შეიარაღების მიწოდების წყალობით” ქალაქზე კონტროლს აუცილებლად აღადგენს. "უკრაინა არაფერს თმობს. როდესაც მოსკოვში ვიღაც ვიღაცას ლუჰანსკის მხარის შესახებ რაღაცას უპატაკებს, გაიხსენოს თავისი მოხსენებები და დაპირებები 24 თებერვლამდე, ან აგრესიის პირველ დღეებში, ან თუნდაც გაზაფხულზე. რეალურად შეაფასონ, რას მიაღწიეს ამ თვეების განმავლობაში და რა ფასად. მათ ამჟამინდელ მოხსენებებს იგივე ბედი ეწევათ", – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ხმამაღალი პატაკებისა და “მორიგი გამარჯვების” შესახებ რუსული პროპაგანდისტული რიტორიკის მიუხედავად, არცთუ სახარბიელო რეალობას, როგორც ჩანს, აცნობიერებენ კრემლშიც. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მინისტრ შოიგუს ბრძანება მისცა, “ჯარი დაასვენოს”.
რას მოუტანს მხარეებს ეს “დასვენება” და როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები მისი დასრულების შემდეგ?
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი თვლის, რომ პუტინს კვლავინდებურად სურს, უკრაინის დიდი ნაწილი დაიპყროს. ამავდროულად, მისი შეფასებით, ეს ამოცანა ამ ეტაპზე რუსული ჯარისთვის მიუღწეველია.
ჰეინსი მოვლენათა განვითარების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს:
- რუსეთის მსხვილი გარღვევა ფრონტზე;
- უკრაინის მიერ ფრონტის ამჟამინდელი ხაზის სტაბილიზაცია;
- განრძობადი კონფლიქტი, რომლის დროსაც რუსეთი ეცდება, უმნიშვნელო წინსვლას მიაღწიოს.
დამოუკიდებელ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Conflict Intelligence Team-ში (CIT) კი, რომელიც ომს პირველივე დღიდან აკვირდება, თვლიან, რომ:
- დრო კვლავინდებურად უკრაინაზე მუშაობს. პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების ეშინია, რადგან ამას უსილობლად მოჰყვება სოციალური აფეთქება;
- დასავლეთის სამხედრო დახმარებას ნამდვილი ეფექტი მაშინ (და იმ შემთხვევაში) ექნება, როცა უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების რაოდენობა ხარისხში გადავა;
- უკრაინულმა არმიამ მოახერხა, ლისიჩანსკი მასობრივი დანაკარგების გარეშე დაეტოვებინა;
- რუსული სამხედრო ტექნიკის თანამედროვე პარკის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ხოლო ქვეყნის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს სანქციების პირობებში დანაკარგების შევსების საშუალება არ აქვს;
- უკრაინას რუსული ფრთოსანი რაკეტებისგან დაცვა არ გააჩნია, თუმცა სარაკეტო დარტყმები რუსეთს ომში გარდატეხას ვერ მოუტანს;
- ბელარუსის მხრიდან კიევზე რუსული არმიის ახალი იერიში ნაკლებ სავარაუდოა;
- ხერსონის ოლქში უკრაინული ძალების დიდ კონტრშეტევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია;
- უკრაინისთვის ამჟამად აზრი არ აქვს ხარკოვის მხარეში კონტრშეტევის გაგრძელებასა და რუსეთთან საზღვრამდე გასვლას;
- პუტინის არმია ჩიხშია და დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციისთვის მას სულ მცირე, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება;
- რუსული არმიის სარდლობაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებისთვის ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირს: უარყოფითი გადარჩევის ათწლეულების შემდეგ მასში ნიჭიერი სამხედრო ხელმძღვანელები თითქმის აღარ დარჩნენ;
- დასავლეთის “გადაღლისა” და მის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების ყველგვარი მოლოდინები უსაფუძვლოა: ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის საკვანძო მხარდამჭერებს წარმოადგენენ, არჩევნებამდე ჯერ კიდე შორია და გარდა ამისა, ბევრ მათგანში უკრაინას უპირობოდ უჭერენ მხარს როგორც მმართველი პოლიტიკური ძალები, ისე ოპოზიციაც.