
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – კანდიდატის სტატუსზე: "დროა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გადაიხედოს"
08/06/2022 14:05:37 ევროპა, პოლიტიკა, კომენტარი
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხს "აქცენტთან" ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ომის გავლენა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობაზე.
„ევროკავშირის წევრად გახდომა რთული პროცედურაა. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 მარტს "ვერსალის დეკლარაციის" ფარგლებში ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაურმა კომისიას სთხოვა, შეეფასებინა ეს განაცხადი. დეტალური ანალიზის გამოქვეყნება მოსალოდნელია ევროსაბჭოს მომდევნო სხდომამდე, რომელიც 23 – 24 ივნისს გაიმართება. ევროპარლამენტმა მოუწოდა კომისიას, საფუძვლიანად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი დამსახურების საფუძველზე. დროა, გადაიხედოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, იმ მიზნით, რომ გათვალისწინებული იქნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობაზე. ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს კავშირების გაძლიერება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან იმ კონტექსტში, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი სამხედრო აგრესიით და უსაფრთხოების სხვა რეალური საფრთხეებით", – განუცხადა "აქცენტს" მაკალისტერმა.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირს წევრობის განაცხადი ოფიცილურად წარუდგინეს, ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციები მიიღო. რაც შეეხება საქართველოს, ევროპარლამენტს საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი დოკუმენტი ჯერ–ჯერობით არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განიხილავს რეზოლუციას მედიის უფლებების დარღვევაზე.