
ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
16/05/2022 06:21:04 სამართალი, საზოგადოება
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.
„ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.
ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 საათიდან და ის დაუყონებლივ დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში“, - განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო. ასევე, მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა.
რაც შეეხება კახაბერ დამენიას, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ხელშეკრულების პირობების შეცვლა და მისაღები შემოსავლის განსაზღვრა, რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული და ბრალდების თანახმად, დანაშაულია, რომ დირექტორს შეეძლო კომპანიისთვის მეტი შემოსავლის მოტანა და ეს შემოსავალი არ მიიღო.
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის ნოემბერში მიმართა „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“, რომელშიც განხილული იყო აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა. ამ პრაქტიკის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. სახალხო დამცველის შეფასებით, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021