
თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ არ იყო საქართველო წარმოდგენილი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე
27/04/2022 09:56:29 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გერმანიაში, აშშ-ის რამშტეინის საავიაცო ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეკრებას.
„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა არ გამართულა ნატოს ეგიდით. მისი განხილვის მთავარი თემა იყო კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის აღდგენა პოსტსაომარ პერიოდში. საქართველოს როლი კი უკრაინის მტკიცე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას.
რაც შეეხება ნატოს ეგიდით გამართულ შეხვედრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა 17 თებერვალსა და 16 მარტს, მიმდინარე წელს გამართულ ნატო-ს თავდაცვის ორივე მინისტერიალზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი სამჯერ იყო მიწვეული და მონაწილეობდა თავდაცვის მინისტერიალზე, რისი პრეცედენტიც წინა წლებში არ ყოფილა“,– განუცხადეს „აქცენტს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
ბერლინში, აშშ-ის რამშტეინის საავიაცო ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. მინისტერიალს ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელი, ასევე ალიანსის 14 არაწევრი ქვეყნის მინისტრი ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უსარგებლო და საშიშია ბირთვული იარაღის გამოყენებით სპეკულირება და მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, მოახდინოს კონფლიქტის დეესკალაცია: "კონფლიქტი პუტინმა დაიწყო. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ამის დასრულების გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ "შეძრავს ცას და დედამიწას", რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს. ოსტინმა თქვა: უკრაინას სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს, ასევე სჯერა აქ ყველას".
ოსტინისვე განცხადებით, მათ სურთ, რუსეთს არ ჰქონდეს ისეთი სამხედრო ძალა, რომ სხვა მეზობლებს საფრთხე შეუქმნას.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა.
აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს, თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი გენერალია.
უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას.
„ომის დაწყებისას რუსეთის ერთ-ერთი უცნაური მოთხოვნა იყო უკრაინის „სრული დემილიტარიზაცია“.
მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გუშინდელი საეტაპო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან ცუდი ამბავია: მოცულობა, სიჩქარე, გამარტივებული ლოჯისტიკა, იარაღის გაფართოებული დიაპაზონი - უკრაინა ძლიერდება“,– წერს ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021