Accentnews.ge
„რუსეთ–საქართველოს ომი ჯერ არ დასრულებულა და როცა დასრულდება, დასრულდება კრემლისთვის სრულიად მოულოდნელი შედეგებით“

„რუსეთ–საქართველოს ომი ჯერ არ დასრულებულა და როცა დასრულდება, დასრულდება კრემლისთვის სრულიად მოულოდნელი შედეგებით“

06/08/2018 19:46:37 თვალსაზრისი, ანალიზი

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩველი, ანალიტიკოსი ანდრეი ილარიონოვი 2008 წლის აგვისტოს ომის მე–10 წლისთავთან დაკავშირებით ექსპერტ სერგეი მარკედონოვის სტატიას საკუთარ ბლოგში ეხმიანება და წერს, რომ „რუსეთ–საქართველოს ომი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო როცა დასრულდება, დასრულდება კრემლისთვის სრულიად მოულოდნელი შედეგებით“:

„ამ ბლოგის სახელწოდება – „რუსეთ-საქართველოს ომი არ დასრულებულა“ – სრულიად ბუნებრივი და ერთადერთი დასაბუთებული რეაქციაა სერგეი მარკედონოვის მიერ 2 აგვისტოს გამოცემა „ვედომოსტი"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში "შეგდებულ" ნარატივზე. ომი არ დასრულებულა. სტატიის სახელწოდებაც და შინაარსიც ამის დამაჯერებელი მტკიცებულებებია, რადგან ეს სტატია მორიგი ძალზე ცინიკური გასროლაა რუსეთ-საქართველოს მეორე ომის სა(დეზ)ინფორმაციო ნაწილში, – ომისა, რომელიც აგერ უკვე მესამე ათწლეულია, გრძელდება.

1. ომის სახელწოდება. სერგეი მარკედონოვი მას როგორც „08,08,08 ომს“, ისე „აგვისტოს ომს“, „5-დღიან ომს“ და „ხანმოკლე ომს“ უწოდებს – ანუ ყველა იმ სადეზინფორმაციო სტატუსით მოიხსენიებს, რომელიც საჯარო სივრცეში რუსულმა სპეცსამსახურებმა შეაგდეს მისი აგრესიული და ხანგრძლივი ხასიათის შესანიღბად. ბუნებრივია, ავტორი არც ერთხელ არ იყენებს ამ ომის ერთადერთ კორექტულ სახელწოდებას – „რუსეთ–საქართველოს ომს“.

2. სტატიის სათაური. კრემლის კვალდაკვალ მარკედონოვი ცდილობს, რუსეთ–საქართველოს ომი „დასრულებულად“ გამოაცხადოს. მაგრამ ომები სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით სრულდება, ამ შემთხვევაში კი ეს არათუ არ მომხდარა, არამედ მოსალოდნელიც კი არ არის. აქ საქმე არა იმდენად იმაშია, რომ ამას საქართველო არ თანხმდება – განურჩევლად იმისა, რომელი ხელისუფლება ზის თბილისში, არამედ იმაში, რომ სამხედრო მოქმედებები არ შეჩერებულა და არ შეჩერებულა სწორედ რუსეთის მხრიდან. სამხედრო მოქმედებების ყველაზე ცხელი ფაზის დასრულებიდან გასული 10 წლის განმავლობაში, ე.წ. მცოცავი ანექსიის ფარგლებში რუსეთის ჯარებმა კონტროლი დამატებით 103 ქართულ სოფელზე დაამყარეს.

3. ერთის მხრივ კოსოვოს და მეორეს მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დიპლომატიური აღიარების შედარება.მარკედონოვი წერს: „10 წლის განმავლობაში იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც დაეთანხმნენ მოსკოვის გადაწყვეტილებას, მხარი დაეჭირა აფხაზებისა და ოსების დამოუკიდებლობისთვის, კვლავინდებურად მცირეა – იგი ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რამდენიმე სახელმწიფოთი შემოიფარგლება. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც რიცხოვნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა 1983 წლიდან მხოლოდ თურქეთს აქვს აღიარებული, კოსოვოს კი 17 წლის განმავლობაში მხოლოდ ალბანეთი აღიარებდა, – მნიშვნელოვანია პრეცედენტი“.

როგორც ვხედავთ, ძალზე ინფორმირებული ავტორი შეგნებულად ადარებს შეუდარებელს – 2008 წლის ომის შემდეგ გასულ 10 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის და 2008 წლამდელ 17 წელიწადს კოსოვოსთვის. სწორედ ამიტომ გამოსდის მას, რომ კოსოვო 17 წლის განმავლობაში ერმა სახელმწიფომ აღიარა, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 10 წლის განმავლობაში – უკვე ხუთმა. თუმცა მსგავს „გამოთვლებში“ სულ მცირე, 2 ფანდი გამოსჭვივის:

პირველი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ვადარებთ, უნდა შევადაროთ შედარებადი პერიოდები. სამივე წარმონაქმნის პირველი – ცალმხრივი აღიარების თარიღები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის: კოსოვოს შემთხვევაში – 1990 წლის 7 სექტემბერი, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში –1992 წლის 29 მაისი, აფხაზეთის შემთხვევაში –1994 წლის 26 ნოემბერი. პირველი დამოუკიდებლობის თვითგამოცხადებიდან 2008 წლამდე კოსოვოს დამოუკიდებლობა ერთმა სრულფასოვანმა, გაეროს წევრმა სახელმწიფომ აღიარა – ალბანეთმა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კი იმავე საანაგარიშო პერიოდში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა აღიარებული, მათ შორის - არც თავად რუსეთს.

მეორედ კოსოვომ თავისი დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. 6 თვეში, 2008 წლის 21 აგვისტოს აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა ე.წ. „საერთო ეროვნული შეკრებები“ ჩაატარეს და მიიღეს რუსეთისადმი მიმართვა, მათი დამოუკიდებლობა ეღიარებინა. 2008 წლის 17 თებერვლის შემდეგ კოსოვოს დამოუკიდებლობა გაეროს წევრმა 111–მა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ აღიარა, 2008 წლის 21 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კი გაეროს წევრ მხოლოდ 5 დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს აღიარებული.

დამოუკიდებლობის ამღიარებელი გაეროს წევრი დამოუკიდებელი ქვეყნების რაოდენობა:

პერიოდი კოსოვო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი

2008 წლამდე 1 0

2008 წლის შემდეგ 111 5

მეორე ფანდი კი მდგომარეობს იმაში, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც აღიარების

პროცესი მიმდინარეობდა, უნდა აითვალოს ბოლო აღიარების თარიღიდან. ვინაიდან კოსოვო თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოს ბოლოს 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა, მისი აღიარების ვადის ათვლაც სწორედ ამ თარიღიდან უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მათი თვითგამოცხადების ვადები არ შეცვლილა – 1994 წლის 26 ნოემბერი და 1992 წლის 29 მაისი. ამგვარად, გამოდის, რომ დამოუკიდებლობის 10 წლის განმავლობაში კოსოვო 111–მა ქვეყანამ აღიარა, ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებლობის“ 26 წლის და აფხაზეთი „დამოუკიდებლობის“ 24 წლის განმავლობაში კი – მხოლოდ 5-5-მა.

ამ ფონზე მტკიცება იმისა, რომ „რაოდენობრივი პარამეტრები არცთუ მნიშვნელოვანია“ და „მნიშვნელოვანია პრეცედენტი“, უპირველესად, თავად ავტორის მიდგომაზე მეტყველებს.

4. სამხედრო ძალის გამოყენება. მარკედონოვი წერს: „იმ დროიდან ჩამოყალიბებული წესრიგის სამხედრო ძალის გამოყენებით შეცვლის მცდელობები აღარ ყოფილა“. ამ მტკიცებას, ბუნებრივია, არანაირი საფუძველი არ აქვს: საკმარისია, გადავხედოთზემოთ მოყვანილ მონაცემებს რუსული ჯარების მიერ სწორედ სამხედრო ძალის გამოყენებით დამატებით 103 ქართული სოფლის ხელში ჩაგდების თაობაზე.

5. რუსეთის, აშშ–ისა და ევროკავშირის როლი. მარკედონოვი წერს: „აფხაზეთსა და სამხრეთ ისეთში – რუსეთის, ხოლო საქართველოში აშშ–ისა და ევროკავშირის წარმოდგენილობა წლიდან წლამდე იზრდება“. ამ მტკიცებით ავტორი ცდილობს, საქმის რეალური არსი დაამახინჯოს: იმ დროს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია განახორციელა, იქ თავისი სამხედრო ბაზები, ათიათასობით სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება განალაგა საქართველოს ტერიტორიაზე, არც აშშ–ს და არც მით უფრო ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ განუხორციელებიათ, არც არანაირი სამხედრო ბაზა განუთავსებიათ, არც ჯარი.

6. თბილისის როლი. მარკედონოვი წერს: „და არა მხოლოდ მოსკოვი, არამედ დიდწილად თბილისიც უწყობდნენ ხელს იმას, რომ რუსეთის მიდგომები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იცვლებოდა არა საქართველოს სასარგებლოდ“. ეს აბსოლუტურად გაუგონარი მცდელობაა, აგრესიაზე პასუხისმგებლობა მის მსხვერპლს გადააბრალო. თუკი რამეში მართლაც იყო „თბილისის ბრალეულობა“, ის მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის გაუთავებელი ინიციატივები ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, ასევე ცხინვალის რეგიონში დ. სანაკოევის ხელმძღვანელობით ეთნიკურად შერეული ანკლავის მოდერნზების პროგრამა იმდენად წარმატებული და მიმზიდველი აღმოჩნდა ბევრი ოსისთვის, რომ აიძულა მოსკოვი, სასწრაფოდ გადასულიყო ძალისმიერ მოქმედებაზე.

7. „პირველი გასროლის“ პრობლემა. მარკედონოვი წერს: „დისკუსიებში კვლავინდებურად აქტუალურია "პირველი გასროლის პრობლემა“. რეალურად, ეს პრობლემა აქტუალურია მხოლოდ მათთვის, ვინ რუსეთ–საქართველოს ომის ნამდვილ ისტორიას არ იცნობს, არც სურს, გაიცნოს, ანდაც მათთვის, ვინც კარგად იცნობს, თუმცა პოლიტიკური (იდეოლოგიური, ფინანსური დაა ა.შ. მოსაზრებებით) უარს ამბობს ჭეშმარიტების აღიარებაზე. ვისაც ამ კითხვაზე პასუხი მართლაც აინტერესებს, შესაბამისი მასალები საჯარო სივრცეში დიდი ხანია, ხელმისაწვდომია:

Российско-грузинская война. Кто был первым? Часть первая.https://aillarionov.livejournal.com/319046.htmlРоссийско-грузинская война. Кто был первым? Часть вторая.https://aillarionov.livejournal.com/319444.html(На сайте «Новой газеты» соответствующей таблицы, размещенной там в 2009 г., сейчас уже нет).

8. ომის მიზეზები. ცდილობს რა „ომის დამატებითი მიზეზების“ (მ. სააკაშვილის მიმართ ვ. პუტინის პირად ანტიპათიას თუ არა ჩავთვლით) იდენტიფიცირებას, მარკედონოვი თავისი კვლევის არეალს 1991 წლის დეკემბრამდე ზრდის და პარალელურად ასახელებს, მისი აზრით, ფუნდამენტურ მიზეზს: „გადასაწყვეტი იყო საკითხი, სად იწყება და სად მთავრდება „ჩვენი სახელმწიფოს“ საზღვრები, არსობრივად რას წარმოადგენს „ჩვენი სახელმწიფო“ და ვისთვის არის იგი „ჩვენი“. როგორც ჩანს, ავტორმა ვერც კი გაიგო, რომ მოუხერხებლად შეეცადა რა „ქართველების ბრალეულობის“ მიგნებას, მან ძალაუნებურად თავად გასცა მთავარი სახელმწიფო საიდუმლო რუსი იმპერიალისტებისა, რომლებიც აგერ უკვე თითქმის სამი ათწლეულია, ვერაფრით ეგუებიან რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ, 1991 წლის 25 დეკემბრისთვის არსებულ საზღვრებს და ამიტომაც რუსეთ–საქართველოს, რუსეთ–უკრაინის და ღმერთმა იცის, კიდევ რა ომების მეშვეობით ცდილობენ, გადაჭრან საკითხი, სად იწყება და სად მთავრდება „ჩვენი სახელმწიფოს“ საზღვრები.

9. პროგნოზი – მანიფესტი. მარკედონოვი წერს: „მოლოდინები, რომ ერთიანი მრავალეთნიკური ქვეყნის დაშლა საკავშირო რესპუბლიკების ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვრებთან მკაცრ შესაბამისობაში განხორციელდებოდა, არ გამართლდა. და ეს ალბათ, 2008 წლის ომის მთავარი შედეგია, – ამ საკვანძო მოვლენისა საბჭოთა კავშირის ნამსხვრევებზე ეროვნებების/სახელმწიფოების ფორმირების პროცესში. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს სასაზღვრო დავები დასრულდება...“. ეს ალბათ, ამ სტატიაში მოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებაა. როგორც ცნობილია, რუსეთის არც გენშტაბს, არც სპეცსამსახურებს მსგავსი მოლოდინები არასოდეს ჰქონიათ. მეტიც, მათმა აქტიურმა საქმიანობამ რუსეთის ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრების შესაცვლელად, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ–ის დაშლამდე დაიწყო, 2008 და 2014 წლებში აქტიური პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერა მიიღო. სტატიის ინფორმირებული ავტორი, სავარაუდოდ, საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ საქმე ამით არ დასრულდება მანამ, სანამ ყველა ეს სასაზღვრო დავა არ გადაწყდება...

10. დემოკრატიზაცია ახალ სახელმწიფოებში. მარკედონოვი წერს: „მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1991 წლის მოვლენების შედეგად აღმოცენებული ახალი სახელმწიფოები საკუთარი პოლიტიკური იდენტურობის გაფორმებას დაასრულებენ, ისინი შეძლებენ დემოკრატიზაციის პროცესების პრიორიტეტულად ქცევას“. აქ საქმე იმაშიც კი არ არის, რომ ავტორი არც კი ახსენებს, რომ საქართველოში, სომხეთში, არაღიარებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღშიც კი დემოკრატიზაციის დონე სადღეისოდ მართალია, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან შედარებით, დაბალია, თუმცა მაინც აღემატება დღევანდელი რუსეთისას. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მითითება გაცილებით მეტად ეკუთვნის სწორედაც რომ თავად რუსეთს.

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება, თუმცა დასრულდება სრულიად განსხვავებულად, ვიდრე დღევანდელ კრემლში წარმოუდგენიათ. ის დასრულდება ორ ქვეყანას შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის აღდგენის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით თავისუფალ რუსეთსა და თავისუფალ საქართველოს შორის.

P.S. ეს კი რუსეთ–საქართველოს ომის 2008 წლის 12 აგვისტოს წინასწარი შედეგებია. მთლიანობაში, მათ აქტუალურობა დღემდე შეინარჩუნეს:

https://aillarionov.livejournal.com/10307.html .

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S