Accentnews.ge
ხანგოშვილის მკვლელობა: რუსული მედიის გამიზნული დეზინფორმაცია

ხანგოშვილის მკვლელობა: რუსული მედიის გამიზნული დეზინფორმაცია

18/09/2019 15:51:30 სხვა, სამართალი, მითები და რეალობა, საზოგადოება

ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე „დოიჩე ველემ“ ამ თემაზე რუსული მედიის პუბლიკაციები გააანალიზა და მთელი რიგი გამიზნული დეზინფორმაციები აღმოაჩინა.

23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას რუსულმა მედიამ მთელი რიგი სტატიები მიუძღვნა და ეს არც არის გასაკვირი: საერთაშორისო გამომძიებელი ჟურნალისტების ვარაუდით მკვლელობის უკან შესაძლოა, სწორედ რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.


დასავლური მედია  - მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე

ამერიკული სპეცსამსახურების აზრით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან,- „The Wall Street Journal”.

მანამდე მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და გამოცემა The Insider-მა. ისინი აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილმა რუსეთის საზღვარზე კონტროლის ფანტომური პასპორტით გავლა მოახერხა, რომლის მონაცემები რუსეთის მოქალაქეების არც ერთ ბაზაში არ იძებნება, ხოლო პასპორტში მითითებული მისამართი ბუნებაში არ არსებობს. ამას მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა აქვს და ორივეს სპეცსამსახურებამდე მივყავართ,- აღნიშნავს Bellingcat, - ან პასპორტში მითითებული გვარ-სახელის „ვადიმ სოკოლოვი“ მქონე პირი ცნობილი იყო მესაზღვრეებისთვის, როგორც ოპერმუშაკი და მათ წინასწარი ბრძანება ჰქონდათ მიცემული, იგი საზღვარზე გადაეშვათ, ან რუსეთიდან გასვლისას „სოკოლოვი“ ჯერ კიდევ ირიცხებოდა რუსეთის პასპორტების მონაცემთა ბაზაში, საიდანაც შემდგომ ამოიღეს; მეორე ვერსია, Bellingcat-ის აზრით უფრო რეალურია, ვინაიდან სწორედ ამ სქემით ამოშალეს მონაცემთა რუსული ბაზებიდან ГРУ-ს ყოფილ თანამშრომელ სერგეი სკრიპალზე თავადსხმაში ეჭვმიტანილთა ყველა კვალი.


რუსეთი მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ამასთან პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ დანაშაულთან „ოფიციალური რუსეთის“ ყველა სახის კავშირი ჟურნალისტების გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე გამორიცხა.

მსხვერპლის დისკრედიტაცია

რაც შეეხება რუსულ მედიას, მისი ნაწილი თავიდანვე ცდილობდა მსხვერპლის დისკრედიტაციას. ამ მიზნით ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები - დაწყებული ჩეჩნური „გარჩევებით“, დამთავრებული ხანგოშვილის ისლამიზმში დადანაშაულებით. ასე მაგალითად, გამოცემა „Коммерсант“-მა 29 აგვისტოს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაავრცელა ვერსია ჩეჩნების ბრალეულობის თაობაზე. წყაროდ მხოლოდ „მსხვერპლის ახლობლები“ სახელდებიან, რომლებიც „დარწმუნებულები არიან“, რომ ხანგოშვილი „ეროვნული გარჩევების“ მსხვერპლად იქცა. ისინი ხანგოშვილს „ავტორიტეტულ ბოევიკად“ მოიხსენიებენ, რომელიც შეიძლება, მხოლოდ ჩეჩნებს მოეკლათ - როგორც რუსეთში მცხოვრებთ, ისე „ევროპაში გაქცეულ იჩქერიელებს“.

მოგვიანებით „Коммерсант“-ის ეს ვერსია სხვა რიგმა რუსულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის სააგენტო „Интерфакс“-მა აიტაცეს.

ასევე ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ავრცელებდა რუსული მედია ვერსიას ხანგოშვილის ისლამისტური წარსულის თაობაზე. გერმანიაში მოკლული ამოღებულ იქნა იმ პირთა სიიდან, რომლებიც ქვეყანას ისლამისტურ საფრთხეს უქმნიდნენ. ამ სიაში იგი თავის დროზე რუსული დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიყვანეს.

Bellingcat-ის გამოძიებაში ასევე აღნიშნულია პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობა იმისა, რომ ხანგოშვილი ისლამური იდეოლოგიის მიმდევარი იყო. ამ ბრალდებებს გარდაცვლილის ნათესავებიც უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ იარლიყის მიწებებას მისთვის რუსეთი ცდილობდა, რათა ხანგოშვილის ექსტრადირებისთვის მიეღწია.

მიუხედავად ამისა, მთელი რიგი მედიასაშუალებები დაჟინებით ადანაშაულებდნენ ხანგოშვილს ისლამიზმში და აქცენტს მისი ბიოგრაფიის არაერთმნიშვნელოვანებაზე აკეთებდნენ. მაგალითად, „ისლამისტად“ მოიხსენიეს მოკლული RT-ს სიუჟეტში და იქვე მის „ჭრელ“ წარსულზე - მეორე ჩეჩნურ ომში საერთაშორისო ტერორისტად აღიარებულ საველე მეთაურ შამილ ბასაევის მხარეს მონაწილეობაზე მიუთითეს.

სპეკულეციები მტკიცებულებების ნაცვლად

მტკიცებულებების ნაცვლად მთელ რიგ რუსულ მედიასაშუალებებში გაჩნდა სპეკულაციები იმის შესახებ, ვინ შეიძლება, იყოს დაინტერესებული სკანდალის მოწყობაში. კრემლს დაქვემდებარებული არხები დასავლელ კოლეგებს კონსპიროლოგიასა და სენსაციების ძიებაში ადანაშაულებდნენ. მაგალითად, 28 აგვისტოს სახელმწიფო ტელეარხმა  „Россия 24“ DW და გაზეთი „Tagesspiegel“ იმაში დაადანაშაულა, რომ ორივე მედიასაშუალებამ ამ მკვლელობაში რუსული კვალი მხოლოდ ერთი მიზეზით განჭვრიტა - ამ რაკურსში ეს ისტორია „უფრო საინტერესოდ და პერსპექტიულად“ წარმოჩინდება. ტელეწამყვანი ასკვნიდა, რომ გერმანულმა მედიამ „დასავლეთისთვის ტიპიური დღის წესრიგი დაამუშავა, განჭვრიტა რა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მოსკოვის კვალი“. მან ამ მკვლელობის დასავლურ მედიაში გაშუქება „ჟურნალისტიკის კონსპიროლოგიად გადაქცევად“ შეაფასა.

მანამდე, 26 აგვისტოს გამოცემამ „Взгляд“ გერმანული მედია სენსაციებისა და სკანდალის გასაბერად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც იმით ახსნა, რომ „უქმე დღეებში დასავლური მედია ცხელი მასალების დეფიციტს განიცდის“.

ხანგოშვილის საქმე G7-სა და „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ს უკავშირდება?

მიუხედავად იმისა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის კავშირი „დიდ შვიდეულთან“ ან „ჩრდილოეთის ნაკად-2“-თან არ იკვეთება და ეს კავშირი ვერც დასავლეთში განჭვრიტეს, რუსულ მედიაში ამ თემაზე სპეკულაციები გაჩნდა.

„Россия 24“-ის ზემოთხსენებულ სიუჟეტში განიხილება ვერსია იმის შესახებ, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიის  კანცლერ ანგელა მერკელს უბრალოდ სჭირდებოდა „წონადი არგუმენტები“ ამ გაერთიანების წევრთა დასარწმუნებლად, მის შემადგენლობაში რუსეთი არ დაებრუნებინათ.

ე.წ. „სიახლეების რუსული სააგენტოს“ („Русское Агентство Новостей“) კიდევ უფრო შორს წავიდა და გამოაქვეყნა სიუჟეტი ვარაუდით იმის შესახებ, რომ ამ მკვლელობის ირგვლივ სკანდალის წარმოქმნით აშშ და რიგი ევროპული სახელმწიფოები იყვნენ დაინტერესებულები, რომელთაც სურდათ, ამ გზით რუსეთიდან გერმანიაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ის მშენებლობა ჩაეშალათ. თუმცა, ავტორების ვერსიით, ეს მცდელობა წარმატებით იმიტომ ვერ დასრულდა, რომ „გერმანია ვაჟკაცურად იტანს ყველა ბრალდებასა და მუქარას, ვინაიდან რუსეთიდან მილი ძალიან სჭირდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S