
სომხეთში ფაშინიანის მომხრეებს სასამართლოების შენობები აქვთ ბლოკირებული
20/05/2019 06:12:40 სხვა, მსოფლიო
პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების საფუძველზე აქტივისტებმა დღეს სომხეთში სასამართლო შენობების ბლოკირება დაიწყეს.
კერძოდ, ბლოკირებულია ერევნის ნორ ნორკის თემში საერთო იურისდიქციის სასამართლო, რომლის მოსამართლემ 18 მაისს კონსტიტუციური წყობის დამხობაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გაათავისუფლა.
ბლოკირებულია ასევე ერევნის სხვა სასამართლოების შენობები, მათ შორის – საკონსტიტუციო სასამართლოც.
თავად ფაშინიანი დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს „ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ. მან ასევე „რევოლუციის მეორე – ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“ დააანონსა.
„არც მე, არც ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებასა და ხალხს არ გვჭირდება მარიონეტული სასამართლო“, – განაცხადა ფაშინიანმა „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვისას.
თავის მხრივ, ოპოზიციამ პრემიერის მოწოდებას „ანტიკონსტიტუციური უწოდა“ და „სასამართლო სისტემაზე უპრეცედენტო ზეწოლა“ დაგმო.
სომხეთის პრეზიდენტი არამედ სარქისიანი გამოვიდა მოწოდებით, „ამ დღეებში სიფხიზლე და მოთმინება სჭარბობდეს“.
თავის მხრივ, პრემიერის პრეს–სპიკერმა ვლადიმირ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ „არანაირი ანტისაკონსტიტუციო მოქმედება არ იქნება“.