
რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის წევრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა
17/09/2019 13:25:28 კავკასია, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელებს. კერძოდ, თურნავამ აზერბაიჯანის ლიდერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა; ითქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია და საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას.
ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის.
"ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე.
ქართველმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი.
ცნობისთვის: აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა 9 პროცენტიანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19 პროცენტიანი წილით.