
საქართველო, NATO და რუსული პროპაგანდა: გვიშლის თუ არა ხელს ოკუპირებული ტერიტორიები?
26/02/2019 19:40:23 სხვა, მითები და რეალობა
რუსული პროპაგანდა დიდი მონდომებით ამკვიდრებს საქართველოში მთელ რიგ მითებს ქვეყნის ევროატლანტიკური სწრაფვის შესაფერხებლად და, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში მიზანს აღწევს კიდეც. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამაში კრემლს ხელს საქართველოში მოქმედი რიგი მედიასაშუალებები და ცალკეული მოღვაწეები უწყობენ.
ასე, მაგალითად, აქტიურად ინერგება მითი, თითქოს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გასაწევრიანებლად ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოუწევს.
პერიოდულად რიგი მედიასაშუალებები და კონკრეტული პირები «სარწმუნო წყაროებზე» დაყრდნობით იმასაც კი აცხადებენ, თითქოს ალიანსი ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე ევაჭრება კიდეც.
ერთიც და მეორეც სრული დეზინფორმაციაა, რომელიც არაერთხელ უარყვიათ ოფიციალურ პირებს როგორც თბილისში, ისე ბრიუსელში. ესეც რომ არა, NATO-ს არც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში არაა მითითებული, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ხელს შეუშლის მის ალიანსში გაწევრიანებას.
კერძო ექსპერტის მოსაზრება, რომელიც პროპაგანდამ მითის გასააქტიურებლად გამოიყენა
«საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის» დირექტორ ნინო ბოლქვაძის ვარაუდით, ბოლო პერიოდში ზემოაღნიშნული მითის წინ წამოწევა შესაძლოა, ალიანსის მორიგი სამიტის წინ დამოუკიდებელ ექსპერტ ლუკ კოფის მოსაზრებების გამოქვეყნებას უკავშირდებოდეს.
„Heritage Foundation“-ის მკვლევარი თვლის, რომ თუ საქართველო გახდება NATO–ს წევრი, ალიანსის წესდების მე-5 მუხლი დროებით უნდა გავრცელდეს მის მთელს ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული რეგიონებისა, სანამ ისინი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მშვიდობიანად არ დაბრუნდებიან. კოფის აზრით, ეს მიდგომა შეიძლება, გახდეს დამარწმუნებელი არგუმენტი იმ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისთვის, რომლებიც ვერ თანხმდებიან საქართველოს NATO–ში მიღების დაჩქარებულ წესთან დაკავშირებით. გაწევრიანების შემდეგ საქართველოს, როგორც NATO–ს წევრ ქვეყანას, ექნება სხვანაირი და უფრო ძლიერი ბერკეტი რუსეთთან სალაპარაკოდ.
NATO–ს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა NATO–ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის - სამხედრო ძალის გამოყენებას ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.
მე-5 მუხლი NATO–ს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს - აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს ამოქმედდა.
«რეალურად, ლუკ კოფი გვთავაზობდა NATO–ში გაწევრიანების და ტერიტორიების დაბრუნების მისეულ ხედვას. ეს არის კერძო ექსპერტის და არა NATO–ს მოსაზრება. უბრალოდ მკვლევარის პირადი მოსაზრება დეზინფორმაციის გამავრცელებლების მხრიდან გასაღდა, როგორც NATO–ს შეხედულება. სინამდვილეში, NATO–ში არ გაიზიარეს ეს ხედვა. მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ ალიანსი არ იწონებს ამ მიდგომას და პირიქით, ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, გაწევრების შემდეგ კი მე-5 მუხლი უნდა გავრცელდეს მის მთელს ტერიტორიაზე“ - განუცხადა ამასთან დაკავშირებით «აქცენტს» ნინო ბოლქვაძემ.
NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები და სადავო ტერიტორიები
ერთადერთი სავალდებულო დოკუმენტი, სადაც NATO–ში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებზეა საუბარი, ალიანსის დამფუძნებელი წესდების - ე. წ. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია, რომლის მიხედვით, NATO–ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, მიიწვიონ ალიანსში ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში.
«ამ კრიტერიუმებით, საქართველოს შეუძლია, გახდეს NATO–ს წევრი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით“, – განუცხადა „აქცენტს“ ნინო ბოლქვაძემ.
ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეცედენტი
ქართველ და უცხოელ ექსპერტებს არაერთგზის აღუნიშნავთ ამ კონტექსტში პრეცედენტები, როცა ქვეყნები ალიანსში მეზობელთან საზღვრების დაუდგენლობის პირობებში გაწევრიანებულან. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს 2004 წელს NATO–ში გაწევრიანებისას რუსეთთან საზღვრების დემარკაციის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული ამ უკანასკნელის მხრიდან პროცესის გაჭიანურების გამო და მიუხედავად ამისა, NATO–მ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბალტიის ქვეყნები მის რიგებში მიეწვია არსებული მდგომარეობით, ხოლო რუსეთთან ტერიტორიული საკითხები ამ სახელმწიფოებს შემდგომ მოეგვარებინათ. შედეგად ლატვიამ რუსეთთან საზღვრის დადგენის შესახებ ხელშეკრულება ალიანსში გაწევრიანებიდან მალევე, 2007 წელს გააფორმა, ესტონეთმა სასაზღვრო შეთანხმებას ჯერ - 2005, ხოლო შემდეგ 2014 წელს მოაწერა ხელი და ის ძალაში ამ დრომდე არ არის შესული.
გერმანიის პრეცედენტი
მითს, რომლის თანახმად, საქართველოს NATO–ში გაწევრიანების სანაცვლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოუწევს და ზოგადადაც, ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ტერიტორიული პრობლემაა, გერმანიის პრეცედენტიც ამსხვრევს.
კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ქვეყანა ორად გაიყო და მისი აღმოსავლეთ ნაწილი საბჭოთა კავშირის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. მიუხედავად ამისა, 1955 წელს დასავლეთ გერმანია NATO–ში გაწევრიანდა, რამაც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე, ასევე სტაბილური განვითარება განაპირობა.
ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ კი ქვეყანა გაერთიანდა და NATO–ს წევრი უკვე ამ – გაერთიანებული სახით გახდა.
მერკელის განცხადება: რა იდგა რეალურად მის უკან
იმ მითის «მტკიცებულებად», თითქოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოუწევს, რუსულმა პროპაგანდამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ამასწინანდელი განცხადების გამოყენებაც სცადა.
როგორც ცნობილია, გერმანია ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს. მისმა კანცლერმა საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, აღნიშნა რა, რომ «ალიანსში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ხედავს» და ამის მიზეზებზე საუბრისას «ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტი» დაასახელა:
„გულწრფელად უნდა გითხრათ: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის კონტექსტის გამო ნატო–ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ. გერმანიის პოზიცია ასეთი იყო და ასეთად რჩება. თუმცა, როგორც იცით, ალიანსის ბოლო სამიტზე დამტკიცდა NATO-საქართველოს პაკეტი, საქართველო ნელ-ნელა უახლოვდება NATO–ს“.
თუ რა იდგა გერმანიის კანცლერის ამ განცხადების უკან, მარტივად აღქმადი აღმოჩნდა ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაისთვის:
“ეს საკითხი [ტერიტორიული პრობლემა], რა თქმა უნდა, სირთულეა. როგორ არ არის ეს სირთულე, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები და თავის მხრივ, ამ რეგიონების უფრო და უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება რუსეთთან?! ასე, რომ, ცხადია, ამას რუსეთთან აქვს კავშირიო”.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არარსებობა არ არის ფორმალური კრიტერიუმი ნატოში გაწევრებისთვის და, შესაბამისად, საქართველოში მათი არსებობა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პირობებში NATO-ში ვერ შევა.
უფრო დეტალური განმარტებები ამ თემაზე “აქცენტმა” ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მიიღო:
"პოლიტიკურ ჭრილში განხილვისას, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დაბრკოლება და გამოწვევაა, მაგრამ ეს არ არის ფორმალური მოთხოვნა, რომ თუ ეს პრობლემა არსებობს, მაშინ გამორიცხულია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენი ძალისხმევის შედეგად მიღწევადია ის, რომ არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ჩვენ შევიდეთ ნატო-ში. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ნატო-ს წევრ 29-ვე ქვეყანას აქვს თავისი უსაფრთხოების ინტერესი და ხედვა. რაც მთავარია, ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, უბრალოდ ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველას პოზიცია შევაჯეროთ, მივაღწიოთ კონსენსუსს, თუ როდის უნდა მიგვიღონ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინტეგრაციის გზა და ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ მოვახდინოთ ალიანსის წევრების ინტერესთა თანხვედრა და მუშაობის გაგრძელება შედარებით სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ხედავენ საქართველოს გაწევრიანებას".
კრემლი საკუთარ მითს თავად ამსხვრევს: «საქართველოს ალიანსში ხილვა არც სოხუმსა და ცხინვალთან ერთად მსურს, არც მათ გარეშე»
პროპაგანდისტული მითი იმის შესახებ, რომ პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებშია და ან მათ დავთმობთ, ან ალიანსში არ მიგვიღებენ, სულ ახლახანს, ნებსით თუ უნელიედ, თავად კრემლმაც დაამსხვრია რუსეთის პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევის სახით.
„NATO აგრძელებს მოქმედებას, ფართოვდება და ცდილობს, თავის რიგებში რაც შეიძლება, მეტი ქვეყანა ჩაითრიოს [...]. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიმართ გულგრილები ვერ დავრჩებით, რადგან [...] NATO–ს გაფართოება უპირობო საფრთხე და უდავო გამოწვევაა რუსეთის ფედერაციისთვის» - აღნიშნა მედვედევმა, ხოლო კითხვაზე, „გვექნება თუ არა საქმე პოტენციურ კონფლიქტთან რუსეთის მონაწილეობით, თუ საქართველოს NATO–ში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ?“, განაცხადა, რომ «ამან, უდავოდ, შეიძლება, პოტენციური კონფლიქტი გამოიწვიოს“.
დასკვნა: ამგვარად, რეალურად, NATO–ში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას არამც და არამც არ ნიშნავს. პირიქით, NATO მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის მიერ არაერთგზის დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. NATO მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021