
რას პასუხობენ "ოცნებაში" უკრაინული დაზვერვის სამსახურის უმძიმეს ბრალდებებს
04/04/2022 13:14:15 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან უკრაინული მხარის უმძიმეს ბრალდებებს, რომელთა თანახმად, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის".
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული "ინფორმაცია თავიდან ბოლომდე არის სიყალბე, სიცრუე, შეთხზული ამბავი, რომელიც სინამდვილედაა გასაღებული და სურთ, საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიონ":
„მახსოვს, როგორ გამოაგზავნეს საქართველოში სააკაშვილი განუბაჟებელ ტვირთად და როგორ განვითარდა მოვლენები მის დაკავებაზე. ამგვარი კონტრაბანდა ყველამ ერთად ვიხილეთ. ძალიან მძიმე მოსასმენია, მეგობარ სახელმწიფოს აბრალებდე იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს და წარმოუდგენელია. ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა და საქართველოს ხელისუფლება ნათლად განმარტავს, ეს ყველაფერი რატომ არის პასკვილი, რატომ არის სიცრუე. სამარცხვინოა, რომ ადამიანები უკრაინაშიც და აქ, ხატია დეკანოიძე ხმაშეწყობილად ავრცელებენ სიბინძურეს და სიცრუეს საქართველოს წინააღმდეგ. ამაში ყველა ჩართულია. ნახავთ, ჩვენი ოპონენტები, მოექსპერტო ტიპები როგორ დაეწყობიან და დაიწყებენ საკუთარი ქვეყნის ლანძღვას გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და თუ მეგობარი ქვეყნიდან ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, სრულად უნდა იყოს მოწოდებული და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მსგავსი მტკიცებულება არ გვინახავს. საუბარია იმაზე, თითქოს, საქართველო რუსეთს თავის საჰაერო სივრცეს უხსნის, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთებს. ასევე, თითქოს, ხდება ადამიანების რეკრუტირება სხვა ქვეყნებში და ისინი იყენებენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად. ეს არის სიბინძურე, არც ერთი ინფორმაცია არ არის დადასტურებული და ვერც დადასტურება. ვხვდები, ეს ყველაფერი საიდან მოდის. ეს ყველაფერი უნდა მოკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ძებნილები უკრაინის ხელისუფლებაში ჩაბუდებულები ძირს უთხრიან საქართველოს და მის მომავალს, როგორიც არის, ლორთქიფანიძე, რომელიც 26 მაისის დარბევისთვის და ხალხის ხოცვა-ჟლეტვისთვის არის ბრალდებული, ასეთი ადამიანი უკრაინის კინტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. თურმე, „ქილერას“, რომელიც გლდანის დაწესებულებაში პატიმრებს აუპატიურებდა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. შემიძლია, დავასახელო ბევრი ქართველი კრიმინალი, რომელიც იქ უხვად დაპურდა და ახლა ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. ეს არის უმწარესი სიმართლე, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კიდევ ერთი წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება:
„რბილად, რომ ვთქვათ სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს. სხვანაირადაც ვიტყოდი, რომ ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი კითხვები შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება, ზოგადად ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს. კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს. ეს სრული აბსურდია. საუბარი იმაზე, რაც არ არსებობს ბუნებაში, სხვა კითხვებს აჩენს. საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს ყველაფერს, რაც ხდება. საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს, ამიტომ მანიპულირება საზოგადოებით სრულიად შეუსაბამო და არარელევანტურია“.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას „გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას" უწოდებს.
"სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!.." - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას მიუღებელს უწოდებს.
"მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხებს ქმნის". მისი ცნობით, საუბარია, კერძოდ, სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონელზე.
ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ქართულ სპეცსამსახურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული აქვთ მითითება, კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელი არ შეუშალონ".
მისივე ინფორმაციით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების კონტრაბანდა ხორციელდება ასევე აღმოსავლეთ აზიის გავლით.
უკრაინული დაზვერვის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილება.
უკრაინული მხარის უმძიმეს ბრალდბებზე საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.