
პაპუაშვილი: "ევროკავშირი ცდილობს, წევრობის განაცხადის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს"
30/03/2022 17:31:54 ევროპა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რობერტა მეცოლას სახით, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ასევე შეხვდა ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაქსე გარსია პერეზს.
ბრიუსელში ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას პაპუაშვილმა ილაპარაკა საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადზე.
„მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს, ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს - ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც კითხვარი უნდა შეიმუშაონ. სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება. გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც ქვეყნის შესწავლის და ანალიზის საფუძველს წარმოადგენს. სხვა მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად დაჩქარდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ“,– განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსული აგრესია უკრაინაში და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021