Accentnews.ge
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები ხაზარაძე– ჯაფარიძის საქმის „პოლიტიკურ მოტივზე“ ამახვილებენ ყურადღებას

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები ხაზარაძე– ჯაფარიძის საქმის „პოლიტიკურ მოტივზე“ ამახვილებენ ყურადღებას

12/09/2019 10:52:15 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული საქმის ირგვლივ ინტერესი ქართულ მედიასთან ერთად არც საერთაშორისო მედიაში ცხრება.   

გავლენიანი უცხოური გამოცემები არაერთ სტატიას აქვეყნებენ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ საქმე შესაძლოა, „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყოს და ამასთანავე არც ამ საქმესა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შორის კავშირს არ გამორიცხავენ. 

ასე მაგალითად,  ბრიუსელში მდებარე  ევროპული მულტიმედიური ახალი ამბების პლატფორმა Eureporter ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „თანდათან მზარდია შეშფოთება, რომ ქართველი წამყვანი ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრული საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულია“. 

როგორც სტატიის ავტორი მარტინ ბენკსი აღნიშნავს, 2019 წლის ივლისში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა, თუმცა თანდათან იზრდება უკმაყოფილება, რადგან ქართველი პროკურორები აცხადებენ, რომ საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. 

ამასთან, მარტინ ბენკსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალის ოფიციალურად წარდგენა სასწრაფოდ მოჰყვა მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების დაანონსებას. 

„ზვიად კორძაძე, რომელიც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატია, აცხადებს, რომ აღნიშნული საქმეში საკმაო მტკიცებულებებია იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართონ. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძე– ჯაფარიძის საქმეში ორი ცნობილი და გამოცდილი ადვოკატი – სტივენ ქეი QC და ვინსენტ ბერგერი ჩაერთვნენ“, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი ციტირებს სტივენ ქეის სიტყვებს, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს იმ წვლილს, რომელიც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეიტანეს. 

„თიბისი ბანკის“ აქციები ივაჭრება ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოში“, – განაცხადა სტივენ ქეიმ თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

”ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმიანმა ურთიერთობებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებაზე“, – დასძინა მან.

როგორც სტივენ ქეიმ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრული საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეყრდნობა, „ძალიან უჩვეულოა“. 

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურორებს საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდათ, ამ 11 წლის განმავლობაში პირადად მათ წინააღმდეგ [ხაზარაძე და ჯაფარიძე] საქმე არ აღძრულა“,  – განუცხადა ჟურნალისტებს სტივენ ქეიმ.

სტატიის ავტორი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა:

„დღემდე მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა. მას  ბიზნეს–საქმიანობის გაგრძელება ერჩივნა თავისი როლით „თიბისი ბანკში“ და თავისი გეგმებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. თუმცა, ბატონი ხაზარაძის შეშფოთება უკავშირდება იმ გზას, საითაც საქართველო მიდის, ჩანს, რომ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე მის გადაწყვეტილებას  კიდევ უფრო შეუწყო ხელი თბილისში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა, როცა პოლიციამ ქართველი დემონსტრანტებს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. 

„ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას“, – განაცხადა ხაზარაძემ 9 ივლისს“.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზეც და წერს, რომ თბილისში აკრედიტებულმა საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის კონტექსტსა და დროის გარემოებებთან დაკავაშირებით.  

სტატიის ავტორი წერს, რომ  საქართველოში მოღვაწე უცხოელმა ჟურნალისტმა გამოცემას შემდეგი განუცხადა: „ნაკლებსავარაუდოა, შემთხვევითი იყოს, რომ ხაზარაძეს ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა“.

„სადავო საკითხად რჩება ისიც,  რომ ხაზარაძის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში არის კიდევ ერთი მიზეზი მის მიმართ სამართლებრივი ქმედებების. ამბობენ, რომ ხაზარაძის როლი ისეთ სატრანსპორტო კარიბჭეში, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის, გაზრდის მის გავლენას ქვეყნის შიგნი, რომელიც შესაძლოა, შეშფოთების საგანი იყოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო მეზობლად მდებარე რუსეთიც ეწინააღმდეგება ამ პროექტის განხორციელებას“, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე– ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულია“. 

„გენპროკურატურის მთავარი მიზანია გაუყინოს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს როგორც ქართული, ისე ბრიტანული ანგარიშები, რათა ხელი შეუშალოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში და შეაჩეროს ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობის შექმნა, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის ივანიშვილის უკანონო კონტროლს სახელმწიფო ინსტიტუტებზე“, – განუცხადა გამოცემას ფადი ასლიმ. 

სტატიის დასასრულს ავტორი საქართველოში აშშ–ის და ბრიტანეთის საელჩოების მიერ ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით 25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებებს ციტირებს:

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას" - ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში. 

„დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთი საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხაზარაძე – ჯაფარიძის საქმეს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა – ბრიტანული გაზეთი LondonlovesBusiness ეხმიანება და წერს, რომ სტივენ ქეი QC უერთდება იურისტთა გუნდს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული ბანკის დამფუძნებლებს იცავს.


„იურისტთა გუნდმა, რომელიც წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, დღეს თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მათ უკვე აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა საქმე წარადგინონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით. ქართველი იურისტების გუნდს შეუერთდა ორი ძალზედ პატივცემული საერთაშორისო იურისტი, სტივენ ქეი QC, ლონდონის ბედფორდ როუს საადვოკატო ბიურო, და ვინსენტ ბერგერი პარიზიდან. როგორც აღნიშნეს, ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული აღნიშნულ საქმეში, განსაკუთრებით ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესების საზღვარგარეთ დაცვის კუთხით“, – წერს გამოცემა. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა: ”მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე გასცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ უკვე რამდენჯერმე მიმართა შუამდგომლობით დიდ ბრიტანეთს. ამავე დროს, ჩვენ უკვე გვაქვს მასალები საქმეში, რომლითაც შეიძლება მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში. ამ მიზნით საქმეში ორი მეტად გამოცდილი და კვალიფიციური საერთაშორისო ადვოკატი ჩავრთეთ ”, - განაცხადა კორძაძემ.

„თბილისში საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ის ფაქტი, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდება წარდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თაობაზე განაცხადა, გაამძაფრა შეშფოთება. იმ ფაქტმა, რომ საქმე ეხება 11 წლის წინანდელ გარიგებას, ასევე გაჩნდა ეჭვი, იმის შესახებ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაავრცელა განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე როგორც აშშ – ს საელჩომ.

გარდა იმისა, რომ ვშიშობთ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს გენერალური პროკურატურის ქცევა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ამ კვირაში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, რომელზეც დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

”პროკურატურა ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე”, - განაცხადეს მათ.

6 სექტემბერს დიპლომატებისთვის დახურული ბრიფინგი დაიგეგმა, ბატონი ხაზარაძისა და ბატონი ჯაფარიძის საქმის სასამართლო განხილვამდე ექვსი დღით ადრე, რომელიც 12 სექტემბერს იყო დანიშნული. შეხვედრის დრომ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ჩათვალეს, რომ აღნიშნული დრო განზრახ იყო დანიშნული, რათა  შეექმნათ საზოგადოებრივი აზრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზის შესაბამისი ფორუმის გარეთ.

მალევე იმის შემდეგ, რაც ბატონებმა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განცხადება გამოაქვეყნეს, გენერალურმა პროკურატურამ საჩქაროდ გადაიტანა მოწვევა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს "ლოგისტიკური მიზეზების" გამო. პარალელურად, აღნიშნული ორი პიროვნების სასამართლო პროცესი გადაიდო 10 ოქტომბრამდე, რამაც გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ გენერალური პროკურატურა კვლავ გეგმავდა "წინასწარ განხილვას" დიპლომატიური კორპუსისთვის, რომელთანაც სასამართლოს ახალ თარიღამდე აპირებდა შეხვედრას.

გენერალური პროკურატურა უარყოფს, რომ დიპლომატიურ კორპუსთან უნდა ჩაეტარებინა დახურული შეხვედრა, და აღნიშნავს: ”რაც შეეხება ბრალდებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე. წ. დახურული შეხვედრის შესახებ 6 სექტემბერს, ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ ასეთი შეხვედრა არ დაგეგმილა. უცხოელი მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ მომზადებული მოხსენება გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S