Accentnews.ge
«ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა»: 10 ნარჩევი ფეიქი პუტინის მიმართვიდან

«ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა»: 10 ნარჩევი ფეიქი პუტინის მიმართვიდან

23/02/2022 13:38:27 მითები და რეალობა

21 თებერვალს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების მორიგი არალეგიტიმური, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და მინსკის შეთანხმებების უხეშად დამრღვევი გადაწყვეტილების გამოცხადებას პრეზიდენტ პუტინის გამაოგნებლად თავხედური, პარანოიდულ ბოდვასთან მიახლოებული სიცრუით გაჯერებული ვრცელი ტელემიმართვა უძღოდა წინ. ალბათ, აღარც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ტექსტში კრემლის ლიდერი თითქმის არ შეჰხებია ორ თვითგამოცხადებულ “რესპუბლიკას”, დონბასში შექმნილ ვითარებას და ამის ნაცვლად დიდის ენთუზიაზმით ცდილობდა ერთადერთი თეზისის დამტკიცებას – უკრაინული სახელმწიფოს არალეგიტიმურობისა და შეუმდგარობის შესახებ. ამისათვის პუტინმა ფეიქების ნამდვილი კორიანტელი მოაწყო. დღეს მათგან 10 გამორჩეულზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას.

"უკრაინული სახელმწიფო ლენინმა შექმნა"

«თანამედროვე უკრაინა თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერაა შექმნილი, უფრო ზუსტად, ბოლშევიკური, კუმუნისტური რუსეთის მიერ. ეს პროცესი პრაქტიკულად 1917 წლის რევოლუციის დასრულებისთანავე დაიწყო. თანაც ლენინი და მისი თანაგუნდელები ამას თავად რუსეთის მიმართ ძალზე უხეში ფორმით ახორციელებდნენ — მისგან ქვეყნის საკუთარი, ისტორიული ტერიტორიების გამოყოფით. იქ მცხოვრებ მილიონობით ადამიანს, რაღა თქმა უნდა, აზრი არავინ ჰკითხა. <…> სწორედ ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც სრულიად საფუძვლიანად შეიძლება, ვუწოდოთ „ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა”. ისაა მისი ავტორი და არქიტექტორი» - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ პუტინისთვის ეს იდეა არახალია: მან ის 2021 წლის დეკემბერში, ე.წ. დიდ პრეს-კონფერენციაზეც გააჟღერა.

რეალურად, არც პირადად ლენინს, არც ბოლშევიკებს უკრაინული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან არანაირი პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ.

პირველად უკრაინული რესპუბლიკა, როგორც ავტონომია რუსეთის შემადგენლობაში, 1917 წლის ივნისში კიევში ცენტრალურმა რადამ გამოაცხადა. იმავე წლის ნოემბერში, რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გამოცხადდა უკვე უკრაინის სახალხო რესპუბლიკა. ფორმალურად იგი რუსეთთან ფედერატიულ ურთიერთობებში იყო, მაგრამ ბოლშევიკების მიერ არ კონტროლდებოდა და არც პეტროგრადში მყოფ ბოლშევიკურ მთავრობას აღიარებდა. ცოტა მოგვიანებით წარმოქმნილ, ხელისუფლების ცენტრობის პრეტენზიის მქონე ბოლშევიკურ საბჭოებთან რესპუბლიკა კონფლიქტურ ურთიერთობებში იყო. მომდევნო წლის იანვარში უკრაინა გერმანიის მიერ იქნა ოკუპირებული, უმაღლესი რადა დაშალეს. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის შემდეგ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა აღდგა, მის ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოს – დირექტორიას ჯერ ვლადიმირ ვინნიჩენკო, ხოლო შემდეგ სიმონ პეტლიურა ჩაუდგნენ სათავეში. მაშინვე მოსკოვში შეიქმნა უკრაინის დროებითი ბოლშევიკური “გლეხებისა და მშრომელების მთავრობა"; მისმა ფორმირებებმა შეტევა წამოიწყეს და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს. კიდევ მოგვიანებით უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარებმა, ისარგებლეს რა რუსეთის სამხრეთის თეთრგვარდიული შეიარაღებული ძალების ანტონ დენიკინის მეთაურობით განხორციელებული შეტევით, კიევი დაიკავეს, თუმცა შემდგომში განიდევნენ თეთრგვარდიელების მიერ, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის იდეას არ აღიარებდნენ. შედეგად ბოლშევიკებმა უკრაინა სრულად ჩაიგდეს ხელში.

ამგვარად, «ლენინის სახელობის უკრაინა» მოსკოვის ბოლშევიკური მთავრობის მიერ ძალაუფლების შეიარაღებული უზურპაციის შედეგად გაჩნდა, თანაც უკრაინული სახელმწიფო იმ დროისთვის უკვე არსებობდა. რა თქმა უნდა, მან უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე მის მიერ განადგურებულმა უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ, მაგრამ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება იქცა ბოლშევიკების მიერ განადგურებულ სახელმწიფოსთან მემკვიდრეობითობის აღდგენად.

“რუსეთმა უკრაინის ვალების გადახდა იკისრა”

«1991 წლის ბოლოსთვის უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ფონდების წინაშე სსრკ-ის ვალები დაახლოებით 100 მლრდ დოლარს შეადგენდა. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ეს კრედიტები ყოფილი სსრკ-ის ყველა რესპუბლიკას სოლიდარულად, მათი ეკონომიკური პოტენციალის პროპორციულად უნდა დაებრუნებინა. თუმცა საბოლოოდ მთელი საბჭოთა ვალის გასტუმრება რუსეთმა იკისრა და გაისტუმრა კიდეც. <…> სანაცვლოდ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უცხოეთში არსებული საბჭოთა აქტივების ნაწილზე უარი უნდა ეთქვათ. და 1994 წლის დეკემბერში შესაბამისი შეთანხმება იქნა მიღწეული უკრაინასთან. თუმცა კიევმა ამ შეთანხმების რატიფიცირება არ მოახდინა და მოგვიანებით მის შესრულებაზე უბრალოდ უარი განაცხადა, თანაც პრეტენზიები წამოაყენა ალმასების ფონდზე, ოქროს რეზერვზე, ასევე უცხოეთში ყოფილი სსრკ-ის ქონებასა და სხვა აქტივებზე» - განაცხადა პუტინმა.

რეალობა კი ასეთია: რუსეთმა მართლაც სრულად დაფარა ყოფილი სსრკ-ის საგარეო ვალი, შეცვალა რა თავდაპირველი შეთანხმებები, რომელთა მიხედვით, მისი წილი 61,34%-ით იყო განსაზღვრული, უკრაინისა კი - 16,37%-ით. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოსთან რუსეთმა მართლაც გააფორმა ხელშეკრულებები, რომლითაც ისინი უარს აცხადებდნენ თავის წილებზე სსრკ-ის უცხოეთში არსებულ აქტივებსა და ოქრო-სავალუტო რეზერვში. მსგავსი ხელშეკრულება უკრაინასთანაც გაფორმდა, თუმცა ქვეყანას მისი რატიფიცირება იმის გამო არ მოუხდენია, რომ რუსეთმა უარი განაცხადა, ეცნობებინა უკრაინისთვის რეალური მოცულობა იმ აქტივებისა, რომლებზეც ქვეყანას უარი უნდა ეთქვა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ ეს აქტივები მრავალჯერადად აღემატებოდა პასივებს და შესაბამისად, ხელშეკრულება მხოლოდ რუსეთისთვის იყო ხელსაყრელი.

მიუხედავად ამისა, რუსეთმა, იმოქმედა რა ცალმხრივად, გაისტუმრა სსრკ-ის საგარეო ვალი, რითაც ფაქტობრივად შეასრულა ძალაში შეუსვლელი ხელშეკრულება, რომლის პირობებს პარტნიორს ამ დრომდე უმალავს. არაერთ ქვეყანაში რუსეთი დე-ფაქტოდ მართავს ყოფილი სსრკ-ის ქონებას, მაგრამ დე-იურე ის მას არ ეკუთვნის.

"რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ვითარდებოდა, სანამ ისინი მაიდანმა არ დაარღვია"

«და მაინც, ცნობილი პრობლემების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის თანამშრომლობდა უკრაინასთან ღიად, სამართლიანად და განვმეორდები, მისი ინტერესებისადმი პატივისცემით. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა სხვადასხვა სფეროებში. ასე, მაგალითად, 2011 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 50 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღვნიშნავ, რომ 2019 წელს, ანუ ჯერ კიდევ პანდემიამდე ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთან უკრაინის ვაჭრობის ჯამური მოცულობა ამ მაჩვენებელს ჩამოუვარდებოდა» - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

მაგრამ რეალურად, თავისი ყალბი თეზისის გასამყარებლად პუტინი უბრალოდ ციფრებით მანიპულირებდა. მის მიერ ნახსენებ 2011 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა შემდეგ (ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული ადმინისტრაციისა და ნიკოლაი აზაროვის მთავრობის დროს) დაიწყო ვარდნა და უკრაინის ეკონომიკა თანდათან ევროკავშირთან პარტნიორობაზე გადაორიენტირდა. "უკრსტატის" მონაცემებით, 2013 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტმა დსთ-ის ყველა ქვეყნიდან ჯამურ იმპორტს გადააჭარბა, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტს 2014 წლიდან რეგულარულად აღემატება.

“უკრაინელი ნაციონალისტები მასობრივად მონაწილეობდნენ ჩრდილოეთკავკასიურ ტერორისტულ ბანდებში”

«გასაკვირი არაა, რომ უკრაინული საზოგადოება შეეჩეხა უკიდურესი ნაციონალიზმის ზრდას, რომელმაც მალევე რუსოფობიისა და ნეონაციზმის ფორმა შეიძინა. აქედან მომდინარეობს უკრაინელი ნაციონალისტებისა და ნეონაცისტების მასობრივი მონაწილეობა ტერორისტულ ბანდებში ჩრდილოეთ კავკასიაშიც» - განაცხადა პუტინმა.

გენერალ გენადი ტროშევის წიგნში «ჩემი ომი. სანგრის გენერლის ჩეჩნური დღიური» ჩეჩნეთის პირველი - 1994–1996 წ.წ. ომის დროს ჩეჩნების მხარეს მებრძოლი უკრაინელების რაოდენობა 300-ითაა განსაზღვრული და ეს, მაღალი ალბათობით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, რადგან სხვა წყაროები ბევრად უფრო მცირე რაოდენობაზე მიუთითებენ. მაგალითად, ჟურნალ Soldier of Fortune-ის მონაცემებით, რეალურად, უკრაინელების რაოდენობა 100-ს არ აღემატებოდა. ჩეჩნური წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი – მოვლადი უდუგოვი კი თავის დროზე სულ 7 უკრაინელზე მიუთითებდა. მათგან ერთი – ალექსანდრე მუზიჩენკო, რომელიც ჯოჰარ დუდაევის პირად დაცვაში მსახურობდა, იჩქერიის ორდენით დააჯილდოვეს.

ჩეჩნეთის მეორე - 1999–2009 წ.წ. ომის დროს გენერალი ვალერი მანილოვი აცხადებდა "ტერაქტების სერიის მზადების შესახებ, რომელშიც უკრაინელებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა", თუმცა უკრაინის უშიშროების იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ლეონიდ დერკაჩმა ეს ცნობები კატეგორიულად უარყო და მოგვიანებით მისი სიტყვები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

2014 წელს რუსეთში დააკავეს და ჩეჩნეთის ომში მონაწილეობისთვის გაასამართლეს უკრაინის მოქალაქეები ნიკოლაი კარპიუკი და სტანისლავ კლიხი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდება შეთითხნილი იყო, რადგან საბოლოოდ ომის დროს ჩეჩნეთში ვერც ერთი მათგანის ყოფნა ვერ დამტკიცდა. ამასთან, ადვოკატ მარინა დუბროვინას განცხადებით, ბრალდება ცდილობდა, ზეწოლით მოეპოვებინა დაკავებულთაგან ჩვენებები უკრაინის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის – არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ, თუმცა მისი ბიოგრაფია საყოველთაოდ ცნობილია და იმ წლებში იგი ჩეჩნეთში უბრალოდ ვერ იქნებოდა. კლიხი და კარპიუკი მხოლოდ 2019 წელს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ასეა თუ ისე, უკრაინელები იჩქერიის მხარეს ბრძოლებში მართლაც მონაწილებდნენ, თუმცა მხოლოდ ერთეულობით.

“პროდასავლური ორიენტაცია უკრაინას ოლიგარქების ფულის შესანარჩუნებლად სჭირდება”

«უკრაინის ოლიგარქიული მმართველობის ე.წ. პროდასავლური ცივილიზებული არჩევანის მთელი არსი მდგომარეობდა და მდგომარეობს არა იმაში, რომ შექმნან უკეთესი პირობები ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ იმაში, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური მეტოქეების ავხორცულად საამებელი მოქმედებებით შეინარჩუნონ უკრაინელებისგან მოპარული და დასავლურ ბანკებში გადანახული მილიარდობით დოლარი» - განაცხადა პუტინმა.

ამ თეზისის სერიოზულად განხილვაც კი უცნაური იქნებოდა. საკმარისია, გავიხსენოთ, რომ რუსი ოლიგარქები თავისი ანგარიშებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მშვენივრად გრძნობდნენ თავს დასავლეთის ქვეყნებში და არავითარი «პროდასავლური ორიენტაცია» რუსეთისგან არავის მოუთხოვია. მათ წინააღმდეგ სანქციების შემოღება მხოლოდ 2014 წლის შემდეგ დაიწყეს - უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის გამო.

“უკრაინული სახელმწიფო გაჟღენთილია კორუფციით”

«კორუფციამ, რომელიც, უდავოდ, გამოწვევასა და პრობლემას წარმოადგენს მრავალი ქვეყნისთვის და მათ შორის რუსეთისთვისაც, უკრაინაში რაღაც განსაკუთრებული ხასიათი შეიძინა და ფაქტობრივად გაჟღინთა, გაანადგურა უკრაინული სახელმწიფოებრიობა, მთელი სისტემა, ხელისუფლების ყველა შტო» - განაცხადა პუტინმა.

რეალურად, კორუფცია უკრაინისთვის უდავოდ მტკივნეული პრობლემაა, თუმცა ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისთვის და რომელ მათგანში შეიძინა მან “განსაკუთრებული ხასიათი” – ჯერ კიდევ საკითხავია. 1995 წლიდან “Transparency International” კორუფციის აღქმნის ინდექსს ადგენს და კორუფციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებს შორის მუდმივად ფიგურირებს როგორც უკრაინა, ისე რუსეთიც, თანაც უკრაინის მაჩვენებელი რუსეთისას მუდივად ჩამორჩება. ასე, მაგალითად, 2021 წელს უკრაინა 122–123 ადგილს ინაწილებდა (ესვატინისთან), ხოლო რუსეთი - 136–139-ეს (მალისთან, ლიბერიასთან და ანგოლასთან). 2020-ში უკრაინა 117–122 ადგილებს ინაწილებდა, რუსეთი — 129–133-ეს, 2019-ში – უკრაინა 126–129-ეს, რუსეთი - 137–145-ეს.

“უკრაინაში ენერგოტარიფების კატასტროფული ზრდაა”

«2014 წლიდან წყლის ტარიფი თითქმის 1/3-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის - რამდენჯერმე, გაზის – რამდენიმე ათეულჯერ. ბევრ მოქალაქეს უბრალოდ არ აქვს სახსრები კომუნალური გადასახადების გადასახდელად და თავის გატანა უწევთ» - განაცხადა პუტინმა.

დიახ, ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზარდა; უკრაინა ხომ ცდილობს, თავი დააღწიოს სოციალისტური ეკონომიკის მემკვიდრეობას, რომლის დროსაც მოსახლეობა ენერგიით ლამის უფასოდ მარაგდებოდა და ეს მის უკონტროლო ხარჯვას იწვევდა. მაგრამ ტარიფების ზრდაზე საუბრისას პუტინმა მიჩქმალა ხელფასების ზრდის ფაქტი, საშუალო ხელფასებისა და ტარიფების მაჩვენებლების შედარებითი დიაგრამები კი, რომლებიც ამასწინათ გამოცემა «Слово i дiло»-მ გამოაქვეყნა, ნათლად მეტყველებს უკრაინაში რეალურად არსებულ მდგომარეობაზე:

“უკრაინაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ორგანოები კი აშშ-ის კონტროლქვეშაა”

«დამოუკიდებელი სასამართლო უკრაინაში უბრალოდ არ არსებობს. დასავლეთის მოთხოვნით კიევის ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უზენაესი სასამართლო ორგანოების წევრთა შერჩევის უპირატესი უფლება გადასცა. გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო კორუფციის საწინააღმდეგო ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისა და უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს პირდაპირ კონტროლს ახორციელებს» - განაცხადა პუტინმა.

რეალურად, უკრაინის სამართლის უზენაესი საბჭო შემდეგნაირად ფორმირდება: მასში თანამდებობრივად შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 10 წევრს ირჩევს უკრაინის მოსამართლეთა ყრილობა, 2-ს ნიშნავს პრეზიდენტი, კიდევ 2-ს – უმაღლესი რადა, 2-ს – პროკურორთა სრულიად უკრაინული კონფერენცია, 2-საც – უმაღლესი იურიდიული სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლობითი ყრილობა. სად შეამჩნია აქ პუტინმა საერთაშორისო ორგანიზაციები – გამოცანად რჩება.

აი, მოსამართლეთა უზენაესი საკვალიფიკაციო კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მართლაც მონაწილეობენ. მათ ირჩევს სპეციალური 6-კაციანი საკონკურსო კომისია: 3 წევრს დელეგირებს უკრაინის მოსამართლეთა საბჭო, 3-ს კი – საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებთანაც უკრაინა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობს. თუმცა გადამწყვეტი სიტყვა დანიშნვისას სამართლის უზენაეს საბჭოს რჩება.

კორუფციის საწინააღმდეგო ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას ნიშნავს უკრაინის მთავრობა, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს - პრეზიდენტი. პრეზიდენტივე ნიშნავს უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს წევრებს. ამ სასამართლოს თავისებურება მის მუშაობაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაა, რომელთა ამოცანა ამ ორგანოს კორუმპირებული ელიტების კონტროლისგან დაცვაა.

ხოლო ვერსია ანტიკორუფციულ ორგანოებზე აშშ-ის საელჩოს რაიმე განსაკუთრებული გავლენის შესახებ – ეს, მაღალი ალბათობით, უკრაინული ოლიგარქატის ქმნილებაა.

“უკრაინის სამხედრო სტრატეგია ყირიმში ტერორისტული იატაკქვეშეთის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს”

«2021 წლის მარტში უკრაინამ მიიღო ახალი სამხედრო სტრატეგია, რომელიც პრაქტიკულად სრულად ეძღვნება რუსეთთან დაპირისპირებას და ჩვენს ქვეყანასთან კონფლიქტში უცხოეთის ქვეყნების ჩაბმას ისახავს მიზნად. ეს სტრატეგია მოიცავს, მათ შორის, რუსულ ყირიმში და დონბასის ტერიტორიაზე არსობრივად, ტერორისტული იატაკქვეშეთის ორგანიზებას. დოკუმენტში გაწერილია ასევე კონტურები სავარაუდო ომისა, რომელიც, როგორც კიევის დღევანდელ სტრატეგებს წარმოუდგენიათ, ასე უნდა დასრულდეს: „საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობებით”, ასევე, როგორც ამჟამად კიევში ამბობენ – და ამას განსაკუთრებით ყურადღებით ჩააკვირდით, ვციტირებ, „რუსეთის ფედერაციასთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საერთაშორისო თანამეგობრობის სამხედრო მხარდაჭერით”. არსობრივად, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ქვეყნის – რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზადება» - განაცხადა პუტინმა.

რეალურად, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სტრატეგია გამოქვეყნებულია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დარწმუნდეს, რომ მასში ტერორისტული იატაკქვეშეთის ორგანიზების მსგავსიც კი არაფერია მოცემული.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებას, ეს სიმართლეა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ქმედებების მიმართულებით, რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის. 2014 წლის მოვლენების შემდეგ ხომ ამას ნამდვილად ვერავინ გამორიცხავდა.

ხოლო რაში მდგომარეობს საერთაშორისო თანამეგობრობის სამხედრო მხარდაჭერა, ამას ბოლო თვეებში ვხედავთ: დასავლელი მოკავშირეები უკრაინას თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღებით ამარაგებენ და უკრაინელი სამხედროების მომზადებაში მონაწილეობენ, თანაც თანმიმდევრულად უარყოფენ შესაძლო შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაბმის შესაძლებლობას.

“უკრაინაში დე-ფაქტოდ უკვე არსებობს ნატო-ს სამხედრო ბაზები”

«უკრაინაში ნატო-ს საწვრთნელი მისიებია გაშლილი. ეს, არსობრივად, სწორედაც რომ უცხოური სამხედრო ბაზებია. ადგნენ, ბაზას “მისია” უწოდეს – და ეგაა» - ეს პუტინის კიდევ ერთი თეზისია, რომლის სერიოზულად განხილვაც კი უხერხულია.

უკრაინაში მოქმედებს 4 უცხოური საწვრთნელი მისია — გაერთიანებული მრავალეროვანი, ბრიტანული, კანადური და ლიტვური. მიღებულია ასევე გადაწყვეტილება ევროკავშირის ანალოგიური მისიის შექმნის თაობაზე. სამხედრო ბაზებისგან განსხვავებით, მსგავსი მისიები მცირერიცხოვანია, მხოლოდ ინსტრუქტორებითაა დაკომპლექტებული, მათ არ გააჩნიათ შეიარაღება, რომელიც არ ეკუთვნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინელი სახმედროების წვრთნის გარდა, ისინი უბრალოდ ვერაფრით დაკავდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S