Accentnews.ge
მოსკოვის პასუხი აშშ-ს: «იძულებულები ვიქნებით, ვირეაგიროთ, მათ შორის – სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებებით»

მოსკოვის პასუხი აშშ-ს: «იძულებულები ვიქნებით, ვირეაგიროთ, მათ შორის – სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებებით»

17/02/2022 14:14:16 მსოფლიო

მოსკოვმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე ვაშინგტონიდან მიღებულ საპასუხო წერილს ვრცელი “პასუხის პასუხი” გასცა, რომელიც დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ აშშ-ის ელჩს – ჯონ სალივანს გადასცეს.

10-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ «ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი რუსული მხარის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მომზადებული ორმხრივი შეთანხმების პროექტის საბაზისო ელემენტებს და შესაბამისად, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს, მათ შორის – სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებით».

“საბაზისო ელემენტებს”, რომლებსაც, მოსკოვის შეფასებით, აშშ-მა “კონსტრუქციული პასუხი არ გასცა”, კრემლი მიაკუთვნებს:

  • ნატო-ს შემდგომ არგაფართოებას;
  • “ბუქარესტის ფორმულის” გაუქმებას (იმის შესახებ, რომ “უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან”);
  • უარის თქმას ალიანსის არაწევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნაზე, მათი ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის წარმოებისთვის გამოყენების ჩათვლით;
  • სამხედრო, მათ შორის შემტევი პოტენციალებისა და ნატო-ს ინფრასტრუქტურის დაბრუნებას 1997 წლის მდგომარეობასთან, როცა რუსეთ-ნატო-ს ჩარჩო-აქტი გაფორმდა.

«ამ დებულებებს რუსეთისთვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს», — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საპასუხო დოკუმენტში.

ამასთან, მოსკოვის შეფასებით, ამერიკული მხრიდან “იგნორირებულია რუსეთის წინადადებების პაკეტური ხასიათი და გამიზნულადაა შერჩეული მხოლოდ “ხელსაყრელი” თემები, რომლებიც, თავის მხრივ, «დამახინჯებულია» აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესობების შესაქმნელად”.

“მსგავსი მიდგომა, ისევე, როგორც ამერიკის ოფიციოზის თანმდევი რიტორიკა, ამყარებს საფუძვლიან ეჭვებს, რომ აშშ მართლაც იღწვის ევროუსაფრთხოების სფეროში ვითარების გამოსწორებისკენ».

მოსკოვი ირწმუნება, რომ “აშფოთებს აშშ-ისა და ნატო-ს მზარდი აქტივობა უშუალოდ მის საზღვრებთან, მაშინ, როცა უსაფრთხოების სფეროში რუსეთის “წითელი ხაზები” და ძირეული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის სუვერენული უფლება, ისინი დაიცვას, კვლავინდებურადაა იგნორირებული”.

«ულტიმატუმური მოთხოვნები რუსეთის გარკვეული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის შესახებ, რომლებსაც თან ახლავს სანქციების გამკაცრების მუქარები, მიუღებელია და ძირს უთხრის რეალური შეთანხმებების მიღწევის პერსპექტივას” – აღნიშნავს ოფიციალური მოსკოვი და იქვე დასძენს, რომ “აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან რუსეთის უსაფრთხოების დაცულობის მყარ, იურიდულად სავალდებულო გარანტირებაზე შეთანხმებისთვის ამერიკული მხარის მზაობის არარსებობის პირობებში რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს, მათ შორის – სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებით».

ამის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების წერილში მოდის ვრცელი – ქვეთავებად დაყოფილი ნაწილი, რომელშიც არაფერია რეალობის თავდაყირა დაყენების, რუსეთის – უბიწო მსხვერპლად, ხოლო უკრაინისა და დასავლეთის აგრესორებად წარმოჩენის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მცდელობების გარდა. დასასრულს კი მოსკოვი კვლავ თავის მოთხოვნებს აყენებს.

“აქცენტი” ტექსტის ამ ნაწილის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

“უკრაინის შესახებ

არავითარი «რუსული შეჭრა» უკრაინაში, რის შესახებაც გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული ოფიციალურ დონეზე აცხადებენ აშშ და მისი მოკავშირეები, არაა და არც იგეგმება. ამდენად, მტკიცებები “ესკალაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობის” შესახებ სხვა ვერანაირად შეფასდება, თუ არა ზეწოლისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსული წინადადებების გაუფასურების მცდელობად.

აღნიშნული კონტექსტში ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმისა და მის ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მოხსენიება არავითარ კავშირშია შიდა პოლიტიკურ კონფლიქტთან და არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც იქ შიდა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად იქცა. უკრაინული სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა მის შიგნით მომხდარი პროცესების შედეგია.

რუსეთის მიმართ ამერიკული მხარის პასუხში მოცემული ბრალდებები, მათ შორის – “ყირიმის ოკუპაციის” შესახებ, კრიტიკას ასევე ვერ უძლებს. 2014 წელს კიევში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. მისმა ინიციატორებმა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერით კურსი აიღეს ნაციონალისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ირღვეოდა რუსული, რუსულენოვანი მოსახლეობისა და სხვა “არატიტულური” ეთნოსების წარმომადგენლების უფლებები. რა გასაკვირია, რომ მსგავს ვითარებაში ყირიმელებმა ხმა მისცეს რუსეთთან გაერთიანებას?! ყირიმისა და სევასტოპოლის ხალხების ნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ ფორმულირდა ნების თავისუფლად გამოვლენის გზით, გაერო-ს წესდებაში გამყარებული თვითგამორკვევის უფლების რეალიზების ფარგლებში. ძალა ან ძალის მუქარა არავის გამოუყენებია. ყირიმის კუთვნილების საკითხი დახურულია.

ნატო-ში უკრაინის მიღების შემთხვევაში შეიქმნება რეალური საფრთხე იმისა, რომ კიევის რეჟიმმა ყირიმის ძალით “დაბრუნება” და ამ მიზნით ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის საფუძველზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების რუსეთთან ღია შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევა სცადოს – ყველა გამომდინარე შედეგით.

აშშ-ის პასუხში განმეორებადი თეზისი, თითქოს რუსეთმა “დონბასში კონფლიქტი გააღვივა», შეუმდგარია. ამ კონფლიქტის მიზეზებს წმინდად შიდაუკრაინული ხასიათი აქვს. დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ მინსკის შეთანხმებებისა და იმ “ღონისძიებათა კომპლექსის” რეალიზებით, რომელთა თანმიმდევრობა და რეალიზებაზე პასუხისმგებლობა მკაფიოდაა გაწერილი და ერთხმად გამყარებული გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2202 რეზოლუციით, მათ შორის მხარდაჭერილი აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ. ამ რეზოლუციის მე-2 პუნქტში მხარეებად კიევი, დონეცკი და ლუგანსკია მოხსენიებული. არც ერთ ამ დოკუმენტში არაა საუბარი რუსეთის პასუხისმგებლობაზე. რუსეთი ეუთო-სთან ერთად შუამავლის როლს ასრულებს მოლაპარაკებათა მთავარ ფორმატში – საკონტაქტო ჯგუფში, ასევე ბერლინსა და პარიზთან ერთად – “ნორმანდიულ ფორმატში”, რომელიც კონფლიქტის მხარეებისთვის რეკომენდაციებს გამოიმუშავებს და მათ აღსრულებას აკვირდება.

უკრაინის ირგვლივ ვითარების დეესკალაციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • კიევის იძულება, შეასრულოს “ღონისძიებათა კომპლექსი”;
  • უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა;
  • იქიდან ყველა დასავლელი მრჩევლისა და ინსტრუქტორის გაწვევა;
  • ნატო-ს ქვეყნების მიერ უარის თქმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ნებისმიერ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე;
  • უკრანიდან დღემდე მიწოდებული ყველა უცხოური შეიარაღების გატანა.

ამასთან დაკავშირებით გვსურს, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც 7 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა განაცხადა: ჩვენ ღიანი ვართ დიალოგისთვის და მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ უსაფრთხოების სტაბილურ და თანასწორ პირობებზე ყველასთვის, საერთაშორისო ცხოვრების ყველა მონაწილისათვის».

ძალთა კონფიგურაცია

«რუსეთის წინადადებებზე თავის პასუხში აშშ ამტკიცებს, რომ ევროპული უსაფრთხოების კუთხით პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფრთხისშემცველი ქმედებების დეესკალაციის” პირობებში, რაც, როგორც ვხვდებით, მოიცავს მოთხოვნას უკრაინასთან საზღვრიდან ჯარის გაყვანის შესახებ. ამასთან, აშშ მზადაა, ისაუბროს მხოლოდ «ურთიერთვალდებულებებზე… უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო ამოცანების მქონე მუდმივი ბაზირების ძალების გაშლისგან თავშეკავებაზე» და «ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების პრობლემის განხილვაზე».

ყველაფერ დანარჩენში ამერიკული მხარე დუმილით უვლის გვერდს ჩვენს წინადადებებს, რომლებიც ორმხრივი შეთანხმების პროექტის მე-4 მუხლის მე-2 აბზაცსა და მე-5 მუხლის პირველ აბზაცშია მოცემული და ამბობს, რომ «აშშ-ისა და ნატო-ს ძალების ამჟამინდელი კონფიგურაცია შეზღუდულია, პროპორციული და სრულად შეესატყვისება რუსეთ-ნატო-ს ჩარჩო-აქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს».

ამოვდივართ იქიდან, რომ თავისივე ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსება არ ეხება და ვერც შეეხება აშშ-ის ფუნდამენტურ ინტერესებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ ძალები არ გვყავს.

აშშ და მისი მოკავშირეები კი ამ დროს აღმოსავლეთით ავრცელებდნენ თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას, შლიდნენ კონტინგენტებს ახალი წევრების ტერიტორიებზე. ისინი გვერდს უვლიდნენ “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ” შეთანხმებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და საკმაოდ თავისებურად ინტერპრეტირებდნენ რუსეთ-ნატო-ს ჩარჩო-აქტის დებულებებს “მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების დამატებით მუდმივ განლაგებაზე უარის თქმის” თაობაზე. ამ ქმედებების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია მიუღებელია. დაჟინებით მოვითხოვთ აშშ-ის ყველა შეიარაღებული ძალისა და შეიარაღების გაყვანას ცენტრალური, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე ბალტიისპირეთიდან. გვწამს, რომ ამ ზონებში ეროვნული პოტენციალები სრულიად საკმარისია. მზად ვართ ამ თემის განსახილველად ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე.

უსაფრთხოების ერთიანობის პრინციპი

ვერ დავინახეთ აშშ-ის პასუხში მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკული მხარე სრულადაა ერთგული უსაფრთხოების ერთიანობის პრინციპის განუხრელად დაცვის. ამერიკული მხარის მიერ ამ პოსტულატის დაცვის შესახებ ზოგადი განცხადებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ვაშინგტონის უმზაობასთან, უარი თქვას კონტრპროდუქტიულ და მადესტაბილიზებელ კურსზე, რომელიც მისთვის და მისი მოკავშირეებისთვის რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე პრივილეგიების შექმნაზეა მიმართული. სწორედ ეს ხდება ნატო-ს მიერ აშშ-ის თაოსნობით პოსტსაბჭოთა სივრცის (უკრაინის ტერიტორიის ჩათვლით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სენსიტიურია) ყოვლად შეუკავებელი გეოსტრატეგიული და სამხედრო ათვისების პოლიტიკის რეალიზების შედეგად. ეს ყველაფერი ხორციელდება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან. ამგვარად, ჩვენი “წითელი ხაზები” და ძირეული ინტერესები უსაფრთხოების სფეროში იგნორირდება, ხოლო რუსეთის განუყოფელი უფლება, მისი შესრულება უზრუნველყოს, უკუგდებულია. ჩვენთვის ეს, ბუნებრივია, მიუღებელია.

დამატებით შეგახსენებთ, რომ ხსენებული პრინციპი გამყარებულია სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შეზღუდვა-შემცირების შესახებ რუსეთ-აშშ-ის 2011 წლის იმ შეთანხმების პრეამბულაში, რომლის 5 წლით პროლონგაციაზე მხარეები გასული წლის თებერვალში ყოველგვარი ამოკლებების გარეშე შეთანხმდნენ. იგი მოცულია ასევე მთელ რიგ სხვა საბაზისო დოკუმენტებში, ეუთო-სა და ნატო-რუსეთის შეთანხმებების ჩათვლით: ჰელსინკის 1975 წლის შემაჯამებელი აქტის პრეამბულაში, პარიზის ახალი ევროპის 1990 წ. ქარტიაში, რუსეთ-ნატო-ს 1997 წ. ჩარჩო-აქტში, ევროპული უსაფრთხოების სტამბოლის 1999 წ. ქარტიაში, რუსეთ-ნატო-ს რომის 2002 წ. დეკლარაციაში და ეუთო-ს 2010 წლის ასტანის სამიტის დეკლარაციაში.

მიღებულ პასუხში ნახსენებია ვაშინგტონის ერთგულება უსაფრთხოების ერთიანობის პრინციპისადმი. თუმცა ტექსტში იგი დაყვანილია სახელმწიფოების უფლებამდე, «თავისუფლად აირჩიონ ან შეიცვალონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები, საკავშირო შეთანხმებების ჩათვლით». ეს თავისუფლება აბსოლუტური არ არის და წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების ქარტიის ცნობილი ფორმულის მხოლოდ ნახევარს. მისი მეორე ნაწილი კი მოითხოვს, ამ უფლების რეალიზებისას «…არ განამტკიცო საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე».

ვერ ჩავთვლით 10 თებერვალს მიღებულ წერილს პასუხად რუსეთის საგარეო უწყების მიერ ამა წლის 22 იანვარს სახელმწიფო მდივან ბლინკენისადმი წარგზავნილ წინადადებებზე. ჩვენ ვითხოვეთ პასუხი ეროვნულ ხარისხში.

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა

აშშ თავის პასუხში ადასტურებს ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკის “მტკიცე მხარდაჭერას». მაგრამ ის ხომ ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში მიღებულ საბაზისო ვალდებულებებს, უპირველესად - «სხვების ხარჯზე საკუთარი უსაფრთხოების არგანმტკიცების შესახებ”. ამასთანავე, მსგავსი პოლიტიკა არ მოდის თანხვედრაში თავად ალიანსის პრინციპებთან, რომელმაც კოპენჰაგენის 1991 წლის 6-7 ივნისის მინისტერიალის შედეგად იკისრა ვალდებულება, “არ ეცადოს პირადი სარგებლის მიღებას ევროპაში შეცვლილი სიტუაციიდან», არ დაემუქროს სხვა სახელმწიფოების “ლეგიტიმურ ინტერესებს”, არ ისწრაფვოდეს მათი “იზოლაციისკენ” ან «კონტინენტზე ახალი გამყოფი ხაზების გავლებისკენ».

მოვუწოდებთ აშშ-სა და ნატო-ს, დაუბრუნდნენ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ველით ალიანსის წევრებისგან კონკრეტულ წინადადებებს აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი არგაფართოების იურიდიულად გამყარების შინაარსსა და ფორმებთან დაკავშირებით.

სამხედრო წვრთნები და მანევრები

“აშშ-მა არ გაგვცა პასუხი წინადადებებზე, რომლებიც რუსული პროექტის მე-4 მუხლის მე-2 აბზაცშია მოცემული. როგორც ჩანს, ამერიკული მხარე ამოდის იქიდან, რომ სამხედრო სფეროში დაძაბულობის შემცირება შესაძლებელია ტრანსპარენტულობის გაზრდითა და დამატებითი ზომებით ვენის დოკუმენტის მოდერნიზების კუთხით დასავლეთის წინადადებების მიმართულებით საფრთხეების შესამცირებლად.

მსგავს მიდგომას მივიჩნევთ არარეალისტურად და ცალმხრივად, მიმართულად რუსეთის ფედერაციის შეარაღებული ძალების საქმიანობის “გაშუქებისაკენ”. ვენის 2011 წლის დოკუმენტის ფარგლებში ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები თანამედროვე ვითარების ადექვატურია. მათი განახლების შესაძლებლობის განხილვის დასაწყებად უნდა შეიქმნას აუცილებელი პირობები. ამისათვის კი აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უარი უნდა თქვან რუსეთის “შეკავების” პოლიტიკაზე და გადადგან კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები სამხედრო-პოლიტიკური ვითარების განსამუხტად, მათ შორის – ჩვენი პროექტის მე-4 მუხლის მე-2 აბზაცში მოყვანილის მიმართულებით.

რაც შეეხება ღია ზღვასა და მის ზემოთ საჰაერო სივრცეში ინციდენტების პრევენციას, მივესალმებით აშშ-ის მზადყოფნას შესაბამისი კონსულტაციებისათვის. თუმცა ეს მუშაობა ვერ ჩაანაცვლებს რუსეთის მიერ დაყენებული საკვანძო პრობლემების გადაწყვეტას».

განახლებადი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S