
"ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას"
15/02/2022 18:54:48 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ეს ალბათ, არ არის ის საკითხი, რომელთანაც ჩვენ ორს თანამდებობებზე ყოფნისას გვექნება საქმე. არ ვიცი, პრეზიდენტი პუტინი თანამდებობაზე რამდენ ხანს აპირებს დარჩენას, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ეს შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა სამუდამოდ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მოგვიანებით, The New York Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ანტონ ტროიანოვსკმა განაცხადა, რომ პუტინთან ერთობლივი პრეს–კონფერენციის შემდეგ, შოლცმა ცალკე ბრიფინგი გამართა გერმანულენოვან ჟურნალისტებთან, სადაც აღნიშნა, რომ ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას:
"მან ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს არის ფაქტი, რომელიც პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ იცის. ყველამ უკან უნდა დაიხიოს და გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ შეიძლება, გვქონდეს შესაძლო სამხედრო კონფლიქტი იმ საკითხის გამო, რომელიც დღის წესრიგში არ დგას".