Accentnews.ge
7 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

7 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

28/08/2019 04:06:34 თვალსაზრისი, ანალიზი

28 აგვისტოს 7 წელი გავიდა ლაფანყურის გახმაურებული სპეცოპერაციიდან, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 7 შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო, ხოლო სამი საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელი. საქმე არაერთხელ იქცა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად და პერიოდულად აქტუალობას ახლაც იძენს, თუმცა მას კვალიფიკაციაც კი არ შესცვლია. კერძოდ, ისევ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით არის დაკვალიფიცირებული. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აქტიურად მიმდინარეობდა საქმესთან შემხებლობაში მყოფი თუ არმყოფი პირების მრავალსაათიანი დაკითხვა და როგორც დაკითხული პირები ამბობდნენ, მათგან ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ ითხოვდნენ ჩვენების მიცემას, თუმცა როგორც ჩანს, საქმე წინ ვერ ან არ წავიდა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მას კვალიფიკაცია არ შეცვლია, არ ჰყავს ბრალდებული და კვლავ რჩება პოლიტიკური სპეკულაციის საგნად. მეტიც, საქმის ერთ–ერთი მთავარი მოწმე ახმედ ჩატაევი, რომელიც ასევე სახელდებოდა 17–კაციანი შეიარაღებული ჯგუფის ჩამოყვანის ორგანიზატორად, წაყენებული ბრალდებებისგან გაათავისუფლეს და ქვეყნიდანაც გაუშვეს. უკვე 2017 წელს კი მან გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას აიფეთქა თავი. ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი ტერაქტებს გეგმავდა.  

კიდევ ერთი მთავარი მოწმე, მომლაპარაკებელი ზელიმხან ხანგოშვილი საქარველოში მასზე განხორციელებული უშედეგო თავდასხმის შემდეგ გერმანიაში მოკლა "ქილერმა" და როგორც ცნობილია, ამ კრიმინალურ აქტს შეკვეთილ მკვლელობად განიხილავენ. მეტიც, NATO-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს. საქართველოში კი, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად და 2015 წელს ხანგოშვილზე საქართველოში განხორციელებული თავადსხმის საქმის განგებ თუ დაუდევრობით ჩიხში შეყვანის გადასაფარად, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ძირითადი ნარატივი გარკვეული ჯგუფების შურისძიება და ხანგოშვილის ტერორისტად წარმოჩენაა. 

რამდენიმე წლის წინ „აქცენტმა“ ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით ზელიმხან ხანგოშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და მკითხველს მის სრულ ვერსიას სთავაზობს:

– ზელიმხან, თქვენ ლოპოტას ხეობის ცნობილი მოვლენების უშუალო მონაწილე ბრძანდებით, კერძოდ, ახმედ ჩატაევთან ერთად მომლაპარაკებლის როლს ასრულებდით. მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს. რა ვითარებაში აღმოჩნდით ხეობაში, რა პრინციპით შეგარჩიეს მომლაპარაკებლად?

– ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც იმ დროს სხვადასხვა უწყებებში მუშაობდა. იგივე გია ლორთქიფანიძე, ზურა მაისურაძე... იმ პერიოდში მაისურაძე ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი იყო. სწორედ ის დამიკავშირდა და მთხოვა, მათთან ერთად წავსულიყავი მანქანით ლოპოტას ხეობაში და თუ მოლაპარაკების შესაძლებლობა იქნებოდა, მასში მიმეღო მონაწილეობა. როცა მაისურაძემ დამირეკა, ვარაუდობდა, რომ შეიარაღებული ლეკები დაღესტნიდან იყვნენ გადმოსულები. იმ მომენტისთვის ტყვედ აყვანილი ლაფანყურელები უკვე გათავისუფლებულები ჰყავდათ და, როგორც ჩანს, სწორედ მათგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთმა იცოდა ქართული, დანარჩენები კი რუსულად საუბრობდნენ. მეც ვიცოდი, რომ პროდუქტის შესაძენად ლეკებს საზღვართან ახლომდებარე სოფლებიდან თელავში ჩამოსვლა ერჩივნათ, მახაჭყალაში ჩასვლას. ამიტომაც ვივარაუდეთ, რომ ერთ–ერთი მათგანი შესაძლოა, დაღესტნელი ყოფილიყო, რომელიც ქართულ ენას ფლობდა. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ამიტომაც არც იმას გამოვრიცხავდი, რომ რუსებს ეს ჯგუფი გარკვეული პროვოკაციისთვის გადმოეშვათ. ეს ვარაუდი მაისურაძესაც გავუზიარე. უკვე გომბორზე ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ იმ ჯგუფში ჩეჩნებიც იყვნენ. მე მგონი, ამ დროისთვის სანდრო ამირიძე უკვე ასული იყო შეიარაღებულ ჯგუფთან და სწორედ მისგან ჰქონდათ დანარჩენებს ინფორმაცია ჩეჩნების თაობაზე. მაშინ ზურამ მკითხა, ვინ შეიძლებოდა, კიდევ წამოსულიყო ჩემთან ერთად მოლაპარაკებებზე. მე რომ ავსულიყავი, ჩემთვის არ მოესმინათ, უკან დავბრუნებულიყავი და შემდეგ დაგვეწყო ძებნა, არ გამოდიოდა, თანაც დრო იკარგებოდა. მაშინ ვურჩიე ახმედ ჩატაევი. იმ პერიოდში ჩვენც კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. კიდევ სხვებიც შეიძლებოდა, მაგრამ არჩევანი მასზე შეჩერდა, რადგან მას ბევრი სცემდა პატივს და ავტორიტეტიც ჰქონდა. პირადად დავურეკე მას, იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა და ტაქსით ჩამოვიდა თელავში. ავედით ხეობაში მე, ზურა მაისურაძე და ახმედ ჩატაევი.

– ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ჯგუფი ლოპოტას ხეობაში არსებულ ერთგვარ ქვეხეობაში – დათვისციხეში იყო გამაგრებული...

– ვერ გეტყვით, ზუსტად რა ადგილი იყო ეს, მე სადაც ამიყვანეს, ჩვეულებრივი ხეობა იყო, ისე კი, მანდ გადაადგილება მარტივი ნამდვილად არ არის. ჩვენი ასვლის დროისთვის უკვე ის სამი მესაზღვრეც გათავისუფლებული იყო, რომელიც შეიარაღებულებს 5 ლაფანყურელის ნაცვლად ჩაბარდა და მათ ნაცვლად ტყვეობაში ამირიძე რჩებოდა. ისეთ ადგილას იდგნენ, საიდანაც ასასვლელი ბილიკი კარგად ჩანდა და როგორც კი დაგვინახეს, ჩვენსკენ ამირიძე გამოუშვეს, რომელსაც უკან მიბჯენილი იარაღით ერთ–ერთი მათგანი მოჰყვებოდა, – როგორც მერე გავიგე, სახელად აბუხამზა ერქვა. ავსტრიიდან ჩამოსული ეს ჩეჩენი შეიარაღებული ჯგუფის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. სანამ არ მოგვიახლოვდნენ,რა თქმა უნდა, არ გვესმოდა, რას საუბრობდნენ ერთმანეთში, მაგრამ ამირიძე გაბრაზებული ჩანდა. რომ მოგვიახლოვდნენ, მათ უკან, გარკვეული მანძილის მოშორებით კიდევ ორი შეიარაღებული გამოჩნდა. ჩატაევი მაშინვე მათთან ავიდა. მე ცოტახანს ამირიძეს მოვუსმინე, შემდეგ კი იქვე მდინარეზე ჩავედი, რადგან ლოცვა მიგვიანდებოდა. ვილოცე და ავბრუნდი მათთან. ორი მათგანი ვიცანი – შორიდან ვიცნობდი. ერთი სურხო დუდაევი იყო, რომელსაც ერთხელ თბილისში შევხვდი, მეორეს კი ასლანას ეძახდნენ, ინგუში იყო, მისი გვარი არ ვიცი. ჩვენები, პანკისელები იქ საერთოდ არ მინახავს, ჩვენთან ისინი არ გამოჩენილან, ამიტომაც არც ვიცოდი, რომ იქ საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ იქ სულ, თუ არ ვცდები, 17 კაცი იყო მე კი მთელი ამ ხნის განმავლობაში მათგან მხოლოდ 5–6–ის ნახვის საშუალება მომეცა. ინგუში ასლანა იყო ჯგუფის მეთაური. მოგვიანებით გავიგე კიდევ ერთის სახელი – აბუჰამზა. სწორედ ეს სამი აქტიურობდა ყველაზე მეტად. აბუჰამზას მანამდე არ ვიცნობდი, იქ გავიცანი.

– რა პირობები უნდა გადაგეცათ მოლაპარაკებების წარმოებისას შეიარაღებულთათვის?

– ასვლისას ზურამ გვითხრა, იარაღი დაყარონ და დატოონ საქართველოს ტერიტორიაო. დაკავებას არცერთს არ უპირებდნენ. იმ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია არ გვქონდა, მაგრამ თუ აღმოჩნდებოდნენ, ამის აფიშირება არ უნდა მოგვეხდინა. ჯგუფთან რომ მივედით, ამირიძემაც არ იცოდა ზუსტად, გვითხრა, „ერთი თუ ორი აქაურია". მოსალაპარაკებლად თავიდან 20 წუთი მოგვცეს და გვითხრეს, თუ ამ დროის განმავლობაში ამ ბიჭებს ვერ დავითანხმებდით, გამოგვყოლოდნენ, ჩვენ მაინც უნდა გამოვსულიყავით. 20 წუთი არ გვეყო, დაახლოებით 40 წუთი მაინც ვიყავით იქ. პერიოდულად ზურას რაციით უკავშირდებოდნენ და მდგომარეობას ატყობინებდა. ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. იმ პირობების გარდა, რომელსაც მათ სამართალდამცველები სთავაზობდნენ, ბევრი სხვა რამ ავუხსენით: ვეუბნებოდით, რომ საქართველო არ დაუშვებდა, რუსეთს ქვეყანა მათ გამო დაებომბა, ამიტომაც მათ ვეღარ გაუშვებდნენ და გამოსავალი იარაღის დაყრა იყო. არ მოგვისმინეს. იყო არარსასიამოვნო სიტუაციებიც. უხეშად ექცეოდნენ მაისურაძეს და ამირიძესაც. ერთხელ ერთ–ერთმა შეიარაღებულმა კონდახიც მოუქნია და ჩვენ გავაჩერეთ. ვფიქრობ, იყო ფსიქოლოგიური მომენტიც. მათ იცოდნენ, რომ ალყაში იყვნენ მოქცეულები; ამასთან, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა ვერტმფრენი, რომელიც ჩვენს ზემოთ, ტყის თავზე დაფრინავდა. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ და დაღესტანში უნდოდათ გადასვლა.

– მოლაპარაკებების დრო რატომ იყო შეზღუდული?

– არ ვიცი. ალბათ, უფროსობისგან იყო ასეთი ბრძანება, მინისტრის დონეზე იყო შეთანხმება. ჩვენ ვთვლიდით, რომ ერთი სამი საათი იყო საჭირო. ალბათ, ეს დრო რომ მოეცათ, ან ღამეც, რაღაცას მაინც შევძლებდით. როგორც მივხვდი, სამართალდამცველებს ეშინოდათ, რომ ღამით შეიარაღებული ჯგუფის იქ დატოვების შემთხვევაში ისინი გაპარვას შეძლებდნენ. თანაც, ამ დროს რუსები საზღვრის გასწვრივ იყვნენ გამაგრებულები. ყველა ღიად ამბობდა, რომ თუ შეიარაღებულები საზღვარზე გადასვლას შეძლებდნენ, რუსები ამას ელოდნენ და საქართველოს დაბომბვას დაიწყებდნენ.

– ვისგან მოდიოდა ეს ინფორმაცია? ქართველ და რუს სამართალდამცველებს შორის რაიმე კონტაქტი შედგა?

– კონკრეტულად შედგა თუ არა მაშინ რაიმე კონტაქტი, ნამდვილად არ ვიცი, – ამას არც არავინ მეტყოდა, მაგრამ რომც არ შემდგარიყო, მესაზღვრეები ხომ ხედავდნენ, რომ საგანგებოდ ჰქონდათ რუსებს გამაგრებული საზღვარი, ისე, როგორც წლების განმავლობაში არ ჰქონიათ...

– თქვენ ახსენეთ ფსიქოლოგიური მომენტი, შეზღუდული დრო. როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა, პროცესები სხვანაირად წარმართულიყო? ანუ, იყო თუ არა დაშვებული ამ მხრივ შეცდომები და რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო სხვანაირად მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად?

– რაღაც დეტალებზე ეხლა არ მინდა საუბარი, მაგრამ რომ მოეცათ მეტი დრო, ვფიქრობ, შევძლებდით მთელი ჯგუფის თუ არა, რაღაც ნაწილის გამოყვანას მაინც. თავად მაისურაძეც ღელავდა. რაციით უკავშირდებოდნენ და აჩქარებდნენ. ერთი–ორჯერ ამოვარდა, „რაღაც 15 წუთი მოგცეს და ყველას აქ ჩაგვხოცავენ, უთხარით რამე, რომ ასე უაზროდ არ დაიხოცონო". ასე, რომ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესაც უნდოდა, სისხლი არ დაღვრილიყო. აბა, რა სასიამოვნო ფაქტია,–ქართველებმა და ჩეჩნებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარონ?!

– მას შემდეგ, რაც პირობები გააცანით, უთხარით, რომ არც ერთს არ დაიჭერდნენ და ისიც, რომ მათ გამო შესაძლოა, რუსებს საქართველოს დაბომბვა დაეწყო, მათი მხრიდან უარის თქმის არგუმენტი რა იყო? არ ენდნენ პირობებს?

– სულ ვამბობ, დღესაც, თითქოს ეშმაკის დაწერილი გეგმით მოხდა ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა და მტკივნეული. იმ მსხვერპლის გარდა, რომლის შესახებაც ყველამ იცის, პანკისის ხეობაში ნათესავებს შორისაც დაიძაბა სიტუაცია. ამ საქმის გამო, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო, ჩემი ინფორმაციით, 2 000–მდე კაცი დაკითხეს. პირადად მე 11 თუ 12–ჯერ ვარ დაკითხული, ერთხელ 9 საათი ვიჯექი დაკითხვაზე. პირადად მე არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ვიცი, რომ ჩემზეც რაღაცეებს ფიქრობენ ხეობაში, ჰგონიათ, რომ რაღაცაში ვარ დამნაშავე. იმ დღეებშივე შევხვდი პანკისში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ავუხსენი სიტუაცია, მაგრამ ჭორის დონეზე სხვა ინფორმაციებიც მიუვიდათ. გასაგებია მათი პოზიცია, რადგან ბიჭები დაიღუპნენ, მაგრამ დღეს ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ ომში თუ სხვაგან, ისინი ძალით არავის წაუყვანია. დღეს ამბობენ, მაისურაძის და ამირიძის მოტყუებულები იყვნენ ეს ბიჭებიო, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ყველაფერს, ამირიძეს და მაისურაძეს რომ მოეტყუებინათ ისინი და ამ სიტუაციაში ჩაეყარათ, მერე კი მომლაპარაკებლად თავად წასულიყვნენ, მოკლავდნენ კი არა, ძალიან ცუდ რამეს გაუკეთებდნენ მათ, ასე არ არის? რა ლოგიკაა ამ ყველაფერში?! – მინიმუმ, სხვებს მაინც გაუშვებდნენ მოლაპარაკებაზე! გარდა ამისა, არც პანკისელები დაიმალებოდნენ და მეტყოდნენ, ამ სიტუაციაში აღმოვჩნდით, დაგვეხმარეთო....

–  და რა გითხრეს თავად შეიარაღებულებმა, რა გეგმა ჰქონდათ თავდაპირველად, დაღესტანში უნდოდათ გადასვლა საომრად?

– კი, დაღესტანში უნდოდათ გადასვლა რუსების წინააღმდეგ საომრად, შემდეგ კი შესაძლოა, ჩეჩნეთშიც გადასულიყვნენ. თქვენ იცით, რომ ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, მაგრამ არიან გარკვეული ჯგუფები და ალბათ, უნდოდათ, მათ შეერთებოდნენ.

– კეთილი, დავუბრუნდეთ მოვლენათა ქრონოლოგიას. შეიარაღებულებმა თქვენი პირობები არ მიიღეს. უნდობლობამ ითამაშა როლი?

– აბუჰამზას, მაგალითად, ჰქონდა ასეთი ვერსია: იარაღი რომ ჩავაბაროთ, რუსებს გადაგვცემენო. ჩატაევს ისიც კი უთხრა, შესაძლოა, შენც დაგიჭირონ და რუსებს გადაგცენ, რადგან ჩეჩენი ხარ და ხომ არ სჯობს, ჩვენთან დარჩეო...

– ჩატაევს იცნობდნენ?

– კი. შესაძლოა, ახლო ურთიერთობები აღარ ჰქონოდათ, მაგრამ იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, საუბრით ვერაფერს გავხდით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენი საუბრიდან აზრი არ გამოჰქონდათ. ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ მათ შორის ერთი ან ორი კაცი გარკვეული სხვა ინტერესების გამტარებელი იყო, კერძოდ, რუსებთან იყვნენ კავშირში, – ვგულისხმობ მათ, ვინც განსაკუთრებით აქტიურობდა. ზურაც ძალიან ცდილობდა მათ დაყოლიებას. მახსოვს, უთხრა, „თქვენ უფრო ძვირფასები ხართ ჩვენთვის, ვიდრე 1000 რუსი და ტყუილად რატომ უნდა დაიღუპოთო". ბოლოსკენ უკვე ზურა მოვიდა და გვითხრა, „მეტ დროს აღარ გვაძლევენო". ნუ, ყველა აღელვდა, სანდროც და ზურაც აღელვებულები ჩანდნენ. ჩატაევს ვკითხე, რა ვქნათ–მეთქი? მითხრა, შევთავაზოთ ქართულ მხარეს სადმე ახლო სოფელთან გაყვანა ამ ბიჭების და ვთხოვოთ დრო მათ დასაწყნარებლადო. საუბარი იყო ერთ კვირაზე. მე ვუთხარი, მაგდენ დროს ალბათ, არ მოგვცემენ–მეთქი. მაშინ სამ დღეზე მაინც დაგვთანხმდნენო. ჩეჩნურად ვსაუბრობდით და ეს ესმოდათ შეიარაღებულებსაც, მაგრამ არაფერი უთქვამთ, ჩუმად იყვნენ. ვუთხარი ჩატაევს, ჩავიდეთ მაშინ და შევთავაზოთ–მეთქი. ბოლო მომენტში, გასვლისას ერთ–ერთმა შეიარაღებულმა რატომღაც გადაწყვიტა, სანდრო და ზურა ზემოთ დაეტოვებინათ, – თუ მოგვატყუეს, ამათ მოვჭრით თავებსო. ჩეჩნურად გველაპარაკებოდნენ, ამიტომაც ზურას და სანდროს არაფერი ესმოდათ. სანდროს ავუხსენი, მოველაპარაკებით დაბლა–მეთქი, მაგრამ მითხრა, სად არის, ბიჭო, მაგის დრო, წუთებზეა საუბარი, ამდენ დროს არავინ მოგვცემსო... ამ დროს ეს ბიჭებიც ახმაურდნენ ზურას და სანდროს დატოვებაზე. არადა, ვმეგობრობდი მათთან და ნამდვილად არ მინდოდა, იქ რომელიმე დამეტოვებინა: მართლა არ ვიცოდი, ჩვენი წამოსვლის შემდეგ ზემოთ რა მოხდებოდა და რამე რომ მომხდარიყო, იარაღი კი არა, დანაც არ მქონდა, რომ სანდრო და ზურა დამეცვა, ვერაფერს შევძლებდი. ამათ თითოეულ ნაბიჯზე შეიარაღებულებს რეაქცია ჰქონდათ. იარაღს უმიზნებდნენ. ნუ, ტონს რომ ავუწიე, ზურა მიხვდა, რომ ვითარება დაძაბული იყო და ჩვენთან ერთად წამოსვლაზე დამთანხმდა. შეიარაღებულებს კი განვუმარტე, რომ მათ გარეშე მე ვერავის დავუკავშირდებოდი, რადგან კონტაქტი მათ ხელმძღვანელობასთან, მხოლოდ ზურას და სანდროს ჰქონდათ. წამოვედით ჩვენ ოთხნი და ორიც გამოგვყვნენ – აბუჰამზა და სურხო დუდაევი. გზაშიც ვცდილობდით მათ დარწმუნებას. ბოლომდე არ ვიყავით ჩამოსულები, ტელეფონმა სიგნალი მიიღო და შეიარაღებულებმა აყვირდნენ, აქედან დარეკეთო, ასე შორს რატომ მივდივართო. ზურას ვუთხარი ხელმძღვანელობასთან დაერეკა, რადგან შეიარაღებულები ნერვიულობდნენ, ისიც ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ მიღება ცუდი იყო და არაფერი ესმოდა. მაშინ ვთქვი, კიდევ ჩავიდეთ დაბლა–მეთქი. ამ მომენტში უკვე ამირიძეს და მაისურაძეს ვუთხარი, თქვენ ცოტა წინ წადით–მეთქი. მაინც, გზაში ყველაფერი შეიძლებოდა, მომხდარიყო და რამე რომ ყოფლიყო, პირველ რიგში, ამათ მოკლავდნენ. ამასობაში უკვე ვუახლოვდებოდით ქართველ მესაზღვრეებს და ან იმათ რომ შეშინებოდათ, ან ესენი დამფრთხალიყვნენ მესაზღვრეების დანახვაზე, სროლა შეიძლებოდა, ამტყდარიყო. ერთ 300 მეტრში ვიყავით მესაზღვრეების დისლოკაციის ადგილიდან. ვთქვი, ჩვენ აქ გავჩერდეთ–მეთქი და დაველოდოთ. ჩვენ გავჩერდით, ზურა და სანდრო კი მესაზღვრეებთან ჩავიდნენ: ვიცოდით, რომ მათი დისლოკაციის ადგილზე ტელეფონი უკვე ნორმალურად იჭერდა (თავიდან, როცა ავდიოდით, სწორედ ამ ადგილიდან დავრეკეთ ბოლოს). მას შემდეგ ისინი იქ აღარ მინახავს. ჩვენ კი გაჩერებულებიც ვაგრძელებდით შეიარაღებულთა დარწმუნებას, მაგრამ უშედეგოდ, – უკვე აღარც გვისმენდნენ და რაღაც უბედურებებს ამბობდნენ. ჩანდა, რომ შედეგი არ იქნებოდა. არ მინდოდა, ჩატაევი შეიარაღებულებთან დამეტოვებინა, – ჩემი წაყვანილი იყო მაინც. ჩატაევს ვუთხარი, „რეკვით არაფერი გამოვა, სჯობს, ჩავიდეთ, ქართველების უფროსობას შევხვდეთ და პირადად ვთხოვოთ–თქო". ჩატაევი მომყვებოდა, მაგრამ როგორც კი წამოსვლა დააპირა, შეიარაღებულებმა დაუწყეს ლაპარაკი. ძალით არავინ აჩარებდა, მაგრამ ეუბნებოდნენ, „ნუ წახვალ, აქ დაველოდოთ, რას ეტყვიან იმ ორსო". ამასობაში არც ქვემოდან ისმოდა რაიმე ახალი. სადღაც 20 თუ მეტი წუთი ვიდექით იქ. მერე ვთქვი, მე მაინც ჩავალ, გავიგებ, რა უთხრეს ზურას და სანდროს უფროსებმა–მეთქი და ჩამოვედი. ღამე იყო, კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ერთი–ორი სილუეტი შევამჩნიე. ვიფიქრე, ჩვენები იყვნენ – ზურა და სანდრო, ან მესაზღვრეები. იქეთკენ წავედი. იმ ადგილზე, როგორ გითხრათ, რაღაც საბადოს მაგვარია, დიდი ქვები ყრია. სპეცრაზმი ყოფილა იქ უკვე ჩასაფრებული. როგორც კი მივუახლოვდი, ეგრევე გამოვარდნენ და დამიჭირეს. დიდი ქვის უკან გამიყვანეს და დაკითხვა დამიწყეს, ვინ ხარო. ზანდრო და ზურა ამ დროს იქ არ ჩანდნენ. ვიკითხე, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ აქ დასარეკად და სად არიან–მეთქი. მიპასუხეს, დარეკეს და უარი უთხრეს, მაგ პირობებზე ვინ წამოვაო. რომ მიხვდნენ, არც იარაღი მქონდა, არც არაფერი, უკანა მხარეს გამიყვანეს. იმ ადგილიდან, სადაც მანქანები გავაჩერეთ, ეს ადგილი უკვე აღარ ჩანს. იქ გამიყვანეს და დავინახე, რომ იქ უკვე დაახლოებით 300 კაცი იდგა. ეს სიტუაცია რომ ვნახე, ვუთხარი, „ჩვენიანია ზემოთ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, ცალხელა და მაგას მაინც არაფერი უქნათ–თქო". მიპასუხეს, ოპერაციის დაწყებას არ ვაპირებთ, უფრო მივუახლოვდებით და კიდევ შევთავაზებთ იარაღის დაყრასო. დაახლოებით ნახევარი საათი იქნებოდა გასული ამ მომენტიდან, პირველი სროლა რომ გავიგე.

–  ერთი გასროლა იყო?

– არა, ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი, მაგრამ ათზე მეტი მოკლე გასროლა მაინც იქნებოდა და ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა. ვისაც რაცია ეკავა, ვკითხრე, რა მოხდა–მეთქი. მითხრა, მე მგონი, ავტომატიანს ესროლესო. მერე უკვე ქვემოთ ჩამომიყვანეს და სროლის ხმა აღარ გამიგია. ერთი იმას ვხედავდი, რომ ვერტმფრენი დაფრინავდა. მერე თელავში ჩამომიყვანეს და ეგ იყო.

– და ჩატაევი? რატომ დაიჭირეს ადამიანი, რომელიც ამ საქმეში მომლაპარაკებლად ფიგურირებდა?

– უკვე როცა პატიმრობიდან გათავისუფლდა, ველაპარაკე ჩატაევს. მითხრა, „ლიმონკები", რომლის ქონაც დამაბრაეს, თვალითაც არც მინახავსო, უბრალოდ საქმეში ჩაწერესო. შეიძლება, იმ მომენტში ინფორმაცია რომ არ გასულიყო, ან რაღაც პერიოდი გაეჩერებინათ, იმისთვის დასჭირდათ მისი დაკავება. სიმართლე გითხრათ, ეს არ ვიცი.

– საბოლოოდ, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, დანარჩენებმა კი გააღწიეს ქვეყნიდან. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

– როგორც ჩანს, გააღწიეს. ჩემი ინფორმაციით, ერთი – ლეკი, რომელიც ლოპოტას ხეობაში იყო და მისი სახელი გაჟღერდა, როგორც „რაბანი", რუსეთს აფარებს თავს. ოფიციალურად თქვეს, თითქოს ის დაჭერილიც ჰყავთ, მაგრამ რეალურად, თავიდანვე რუსეთზე მუშაობდა და არც არავის ჰყავს დაკავებული. აბუჰამზაზე გავიგე, რომ ავსტრიაშია, ზოგი – სირიაშია, ზოგიც – თურქეთში, ოღონდ ამის დადასტურება არ შემიძლია.

– ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული ინფორმაცია გაჟღერდა. ერთ–ერთი ვერსიით, ლოპოტას ხეობის მოვლენები რუსლან პაპასკირს, მეტსახელად „ზოონს" უკავშირდება, კერძოდ, სწორედ მან ჩამოიყვანა საქართველოში უცხოეთიდან ეს ბიჭები...

– „ზოონი" გამიგია. თუ არ ვცდები, თურქეთშია დაკავებული. ვიცი ისიც, რომ „ზოონს" საქართველოში ბევრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ჩემს იქ ყოფნაში ეს კაცი არავის უხსენებია. სხვათა შორის, შეიარაღებულთაგან არც ის უხსენებია ვინმეს, რომ ვინმემ მოატყუა, როგორც ახლა ვრცელდება ინფორმაცია. საერთოდ, ბევრი ტყუილი გაჟღერდა თუნდაც ამ ჯგუფების ჩამოყვანის თაობაზე. გამიგია, 100 კაცი ჩამოიყვანეს საქართველოში რაღაც მიზნებისთვისო... მაგრამ 100 კი არა, 10 კაციც რომ დააბანაკო სადმე, იმდენ კვალს დატოვებენ, ხალხი მაინც შეამჩნევდა. ასე ჩემზეც ამბობენ, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობსო. ვისაც რას უნდა, იმას ამბობს და სადღეისოდ საქმე ლაპარაკზეა გადასული. ჩემზე ის ჭორიც გამიგია, ვიღაცეებს დაპირდნენ, რომ მომკლავდნენ, თუმცა დღემდე არავინ მოსულა, რამე რომ ეთქვა. იგივე „ზოონზე" რასაც ამბობენ, ოფიციალურად ჯერ არავის უთქვამს, მხოლოდ ჭორის სახით ვრცელდება.

– კი, მაგრამ რომელი უწყება იტყვის, ზელიმხან, ესა და ეს კაცი ჩემი აგენტიაო?!

– გასაგებია, მაგრამ კიდევ ვამბობ, ლაფანყურის თემაზე ბევრად მეტი ტყუილია გავრცელებული, ვიდრე სიმართლე. ისიც მოვისმინე, ბიძინა ივანიშვილის მოსაკლავად ჰყავდათ ეს ბიჭები ჩამოყვანილიო... „ზოონის" შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ბევრმა ლაფანყურის საქმით შეიქმნა კარიერა, მაგრამ სიმართლეს რატომღაც ამ დრომდე არ ამბობენ.

– ჩატაევთან გაგიფუჭდათ ურთიერთობა?

– ჭორის დონეზე გავიგე, თითქოს გული სწყდებოდა. ციხიდან რომ გამოვიდა, სახლში მყავდა ჩემთან და ველაპარაკე. მითხრა, ხალხს ვერ გავაჩუმებ, თუ ვინმე რამეს აბობს, ჩათვალე, ტყუილიაო.

– ზაკაევის დასკვნას ალბათ, იცნობთ, მანდ იყო საუბარი სწორედ იმაზე, რომ ჯგუფები ჩამოჰყვადათ საქართველოში. ასევე ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ჩეჩნები ანგარიშსწორებით იმუქრებიან და ა.შ. თქვენ თუ გქონიათ ამ თემასთან დაკავშირებით კონტაქტი ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობასთან?

– რეალურად რა მოხდა, მე მგონი, უკვე იციან. 17–ში უკვე დაიწყებოდა შარიათი. ჩემი ინფორმაციით, ის თურქეთში მიმდინარეობს. დასკვნა გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება კიდეც. მეც მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ შსს–მ საშუალება არ მომცა.

– რა შედეგებს შეიძლება, ველოდოთ შარიათისგან, თქვენი აზრით?

– თუ ვინმეს ბრალეულობა დადგინდება, ვინც მოსაკლავია, უნდა მოიკლას, თუმცა შესაძლოა, სხვაგვარადაც დასაჯონ. იქ იქნებიან მოსამართლეები, რომელთაც რელიგია იციან კარგად. გაირკვევა დეტალები, მართლა საქართველოდან მოუხმო ვინმემ ამ ბიჭებს, თუ ჩეჩნეთში გასცა ვინმემ მსგავსი ბრძანება და ა.შ.

– ამ საკითხზე ზაკაევის კომისიამ დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. თქვენ რას იტყვით ამ დასკვნასთან დაკავშირებით?

– ზაკაევსა და, შესაბამისად, მის კომისიას ჩრდილოეთ კავკასიაში კარგა ხანია, არაფერს ეკითხებიან და არც მათი დასკვნა წარმოადგენს რამეს. ეს არის დასკვნა, რომელშიც შეკრულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციები, ძირითადად – ტყუილები.

– ისევ ლაფანყურს რომ დავუბრუნდეთ, პანკისელები ამბობდნენ, რომ ჯერ მიცვალებულების დაკრძალვის უფლება არ მისცეს წესის მიხედვით, რის მიზეზადაც მაშინ ექსპერტიზა დასახელდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულა. ამასთან, ოჯახებს მიცვალებულთა გლოვის უფლება არ მისცეს, მოკლულთა ნაწილი კი საერთოდაც საერთო სამარხში დაკრძალეს, რომლიდანაც მოგვიანებით ჩუმად ამოთხარეს თავად პანკისელებმა.

– ეს მართლაც ძალიან დიდი მინუსია, საერთო საფლავში რომ ჩაყარეს ბიჭები. არადა, პრეზიდენტმა პირობა დადო საჯაროდ, წესის მიხედვით დაიკრძალებიანო. რაც შეეხება თავის დროზე ექსპერტიზის ჩატარებას, როცა გაიგეს პანკისის ხეობაში ბიჭების დაღუპვის ამბავი, ჩვენს იმამსაც ველაპარაკე და მთხოვა, იქნებ, მოხერხდეს, მიცვალებულები არ გაკვეთონო – ჩვენი რელიგიით, ეს არ შეიძლება. ჩვენ ყველამ ერთად, ოჯახის წევრების ჩათვლით ვითხოვეთ, რომ ბიჭები არ გაეკვეთათ. თუმცა ეხლა სხვაგვარად დაიწყეს საუბარი. რაც შეეხება გლოვას, მგონია, რომ უბრალოდ ხმაური არ უნდოდათ, გამოეწვიათ, ანუ რუსებისთვის ფაქტები მიეცათ, რომ პანკისელებიც იყვნენ ჩართულნი ამ ჯგუფში. ლოპოტაში სიტუაცია დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე არ წყდებოდა, სპეცრაზმიც იყო ჩართული და ის ვის ექვემდებარებოდა, ნამდვილად არ ვიცი. ჩემთან ერთად ვინც იყვნენ მოსალაპარაკებლად წამოსულები, ისინი მართლაც ისე იქცეოდნენ, როგორც ვაჟკაცს შეეფერება. შემდეგ ჩვენ პროცესს გამოვეთიშეთ.

– სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ მძინარეები იყვნენ ჩახოცილები...

– ეს ვერსია ალბათ, იმიტომ გაჩნდა, რომ მიცვალებულები გავრცელებულ კადრებში საძილე ტომრებში არიან ჩასვენებული. მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და შემიძლია, გითხრათ, რომ მიცვალებულის გამოყვანა ამ ფორმით, თუ სხვა არაფერი გაქვთ, შედარებით იოლია. რა ღრმადაც არ უნდა გეძინოს, ერთი გასროლის ხმაზეც კი გაგეღვიძება ადამიანს, თან იქ ხომ ვერტმფრენებიც მოძრაობდა! როცა ისეთ სიტუაციაში ხარ, ან მოგკლავენ, ან გადარჩები, ძალიანაც რომ გინდოდეს, ჩაიძინებ?! იქ ძილის სიტუაცია ნამდვილად არ იყო.

– სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ჩატაევი ოჯახთან ერთად გაუშვეს ავსტრიაში,თქვენ კი – მეორე მომლაპარაკებელს შარიათზე დასასწრებად თურქეთში გასვლის უფლება არ მოგცეს...

– შესაძლოა, ისევ დამიბარონ დაკითხვაზე. რაც შეეხება ჩატაევს, ჭორის დონეზე ვიცი, გარკვეული ინფორმაციის ჩამოტანას დაპირდაო, ოღონდ კონკრეტულად ვის და რა ინფორმაციის, არ ვიცი. სანამ ყველაფერი გაირკვევა, დისტანციური ურთიერთობა მაქვს მასთან მაინც.

დასასრულს მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პროგნოზებს, არც რომელიმე პარტიისკენ ვართ. საქართველოს მოქალაქეები ვართ და თითოეული ქართველის ბედიც ძალიან მაინტერესებს, რადგან ჩემი სამშობლოა საქართველო. ამ საქმეზეც უნდა ითქვას სიმართლე და არა ის, თუ ვის რა აწყობს.


ავტორი: დიანა მუსელიანი




ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S