Accentnews.ge
ვინ შეაჩერებს ოკუპანტს

ვინ შეაჩერებს ოკუპანტს

20/08/2019 10:56:18 თვალსაზრისი, ანალიზი

2008 წლის ომიდან ერთ წელიწადში ოკუპანტებმა დე ფაქტო საზღვრის “მოწყობა” წამოიწყეს. 2009 წელს “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიამ” საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა წინადადებით, “ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი ერთობლივად განისაზღვროს”, გასაგები მიზეზების გამო პასუხის არმიღების შემდეგ კი ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია ცალმხრივ რეჟიმში წამოიწყეს. მათი მტკიცებით, საფუძვლად აღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ყოფილი   ავტონომიური ოლქის რუქები 1984 წლისთვის არსებულ საზღვრებში.

რა  ოდენობის მიწა დაკარგა საქართველომ იმ დროიდან დღემდე, სუს-მა იცის, თუმცა ამ ინფორმაციის გასაცემად წერილობით მიმართვას ითხოვს. “აქცენტმა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიმართა და ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებისთანავე მას აუცილებლად გაავრცელებს.

ამასობაში კი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს, სოფელ გუგუტიანთკარში დაწყებული ე.წ. ბორდერიზაცია სულ ორდღიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა და ამ დრომდე გრძელდება. მავთულხლართი სოფლის სიღრმისკენ მიიწევს.

პარალელურ რეჟიმში მთელი ამ ხნის განმავლობაში დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს გრძელდება “საზღვრის დარღვევის” მოტივით საქართველოს მოქალაქეების დაკავებაც.

2018 წლის ოქტომბერში ოსურმა დე ფაქტო მთავრობამ “საზღვრის დამრღვევთათვის” ჯარიმა გააათმაგა - 2-დან 20 ათას რუსულ რუბლამდე გაზარდა და ამბობდა, რომ ეს “შემაკავებელი ფაქტორი” უნდა გამხდარიყო. თუმცა 8 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, “დამრღვევთა” რაოდენობა არ შემცირებულა და 293-ს შეადგენს, რომელთაგან 120 “სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია”, 173 – “სასაზღვრო რეჟიმის».

გასულ შაბათ-კვირას კი საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარის სიახლოვეს საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ადგილობრივები ამ თემაზე მედიასთან საუბარს უმთავრესად თავს არიდებენ, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ოკუპანტების შემჩერებელი არავინ ჩანს.

«რა ხდება – არავინ იცის, არც ის, რა გველის სამომავლოდ. ქუჩაში ბავშვების გაშვების გვეშინია. როცა გადიან, ვტუქსავთ და ვეუბნებით, სახლში დარჩნენ. საშიშია ეს ყველაფერი. [ოკუპანტები] უკვე საკმაოდ ღრმად შემოვიდნენ და სად აპირებენ შეჩერებას, არავინ იცის», – ამბობს ადგილობრივი ანი გუგუტიშვილი.

მისი მეზობლის მაია თუხარელის  თქმით, ადგილობრივები თავს უფრო დაცულად იგრძნობდნენ, მავთულხლართის გასწვრივ რომ მუდმივ რეჟიმში ქართველ სამართალდამცველებს ემორიგევათ:

«ხომ შეიძლებოდა მუდმივი ბლოკ-საგუშაგოების ჩაყენება? მაგრამ [შსს-ს წარმომადგენლები] გვეუბნებიან, რომ  გადაადგილების რეჟიმში მუშაობენ და რომ ყველა მოქალაქე დაცულია. მე მაინც მგონია, აქ რომ ბლოკ-საგუშაგო იყოს, ხალხი თავს უფრო  დაცულად იგრძნობდა. რამე რომ მოგვივიდეს, მერე კი მოვიდნენ და დაწყნარება დამიწყონ, ეს დაგვიანებული იქნება».

მიუხედავად ამისა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ “ვერ მოისმინა, ადგება თუ არა საფრთხე კონკრეტულ ოჯახებს”. 

ადგილობრივთა შიში კიდევ უფრო გააძლიერა 17 აგვისტოს ე.წ. გამყოფი ხაზის სხვა მონაკვეთზე, სოფლების ახალუბნისა და აძვისის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს 7 მოქალაქის დაკავებამ. როგორც ახლობლები ამბობენ, ისინი სასაფლაოზე იყვნენ გასულები და ახლომდებარე ტაძარში აპირებდნენ შესვლას.

მეორე დღეს, 18 აგვისტოს ცნობილი გახდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ – ამჯერად ღრომის უღელტეხილის მიდამოებში.

რვავე დაკავებული, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში რჩება.

გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესის დაწყების დღიდან ოპოზიციას არაერთგზის დაუდანაშაულებია საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში, უუნარობასა და ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის არსურვილში. ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს, თუმცა პრობლემას ვერ/არ უმკლავდება.

როგორც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატში ცხადებენ, საქართველოს რვა დაკავებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიღებულია ყველა ზომა მათი უსწრაფესი გათავისუფლებისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ კონსტანტინიდიმ განაცხადა, რომ უწყება “ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში” მუშაობს – აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა მხარესთან, რომელსაც პროცესზე ზეგავლენა შეუძლია, როგორც უკანონო დაკავებების, ისე ბორდერიზაციის საკითხებზე:

«საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესის გამართვას აპირებენ  (…). გარკვეული ხნის წინ შედგა სატელეფონო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრ  დავით ზალკალიანსა და ეუთო-ს თავმჯდომარეს/სლოვაკეთის  საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შორის. ყველაფერს ვაკეთებთ, ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტსა და მექანიზმს, მათ შორის – საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით, რადგან მოქალაქეების გატაცებამ ბორდერიზაციის პროცესით გამოწვეული მდგომარეობაკიდევ უფრო დაამძიმა”.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვებულების შეწყვეტა საჭიროდ არ ჩათვალა და არც განცხადების გაკეთება ისურვა – როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთო.

პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კი გადაწყვიტა, ოპოზიციისთვის ეპასუხა და ყველაფერში სწორედ ის დაედანაშაულებინა:

«ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინოდ იქცევა. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას, ხალხს, ქვეყნის ინტერესებს მხარში ამოუდგეს და ყველა ერთად, ჩვენი განვითარებით დავუპირისპირდეთ ოკუპაციას, საერთაშორისო დიპლომატიის მეშვეობით  უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება და სამომავლოდ გვქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შესაძლებლობა, ისინი იმით არიან დაკავებულები, რომ ლაფში სვრიან საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებას. მათ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოსადმი. რომელ დეოკუპაციაზეა საუბარი, როცა სწორედ ამ ადამიანების პოლიტიკური პროვოკაციები უწყობს ხელს ოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოზიციების გამყარებას?!».

თავის მხრივ, ცხინვალმა თბილისის მოქმედება შეაფასა «კარგად დადგმულ სპექტაკლად, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსულ-ოსური ურთიერთობების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ნაწილს წარმოადგენს” და განაცხადა, რომ “სახემწიფო საზღვრის მოწყობას ცალმხრივ რეჟიმში  გააგრძელებს”.

«ეს კარგად დადგმული სპექტაკლი სახელმწიფო საზღვრის ხან ერთ მონაკვეთზე თამაშდება, ხან მეორეზე. მიზანს საქართველოსადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს. ამ პროტესტებს არაფერი აქვს საერთო საზღვრისპირა ტერიტორიებზე სტაბილურობაზე ზრუნვასთან. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივ რეჟიმში მონიშნვას გააგრძელებს, რაკი  ქართულ მხარეს თანამშრომლობა კვლავინდებურად არ სურს. მოგეხსენებათ, ჩვენ თბილისს თანამშრომლობას როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ერგნეთის შეხვედრებზე სისტემატიურად ვთავაზობდით. თუმცა ერთმანეთთან პიარში მოპაექრე ქართულ ორგანიზაციებს მხოლოდ შოუები სჭირდებათ – იმის მსგავსი, როგორიც გასულ წელს ატოცთან მოეწყო სხეულის ცალკეული ნაწილების მოშიშვლებით. მართალია, გუგუტიანთკარში საქმე ჯერ აქამდე არ მისულა, თუმცა იქ მასობრივი ჩასვლები და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვები – ეს წმინდა წყლის პროპაგანდისტული კამპანიაა” - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა. 

რაც შეეხება 17 აგვისტოს მოქალაქეთა გატაცების ფაქტს, ჯიოევის შეფასებით, ამ ადამიანებმა «ავტომანქანებით გადაადგილებისას მასობრივად დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და კანონით ისჯებიან”.

ერგნეთის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა კი ისიც დაამატა, რომ დაკავებულები “დაახლოებით 30 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მანქანებით გადაადგილდებოდნენ და ასე დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი, რისთვისაც კანონით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურებით დაისჯებიან  და ამ ყველაფერისთვის “გატაცების” კვალიფიკაციის მიცემა სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცობა”.

ერთი სიტყვით, ოსური მხარე და ოკუპანტები შეჩერებას არ აპირებენ. და გამოსავალი არ ჩანს. ამ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეებს უიმედობა იპყრობთ. აი, რას ფიქრობს რამდენიმე მათგანი:

– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა დღეს ე.წ. ბორდერიზაციის  შეჩერება?

დათო, 29 წლის: ვფიქრობ, სადღეისოდ საქართველოს მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს. პრობლემის გადაჭრაში საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩავრთოთ. პარტნიორების დახმარებით შეიძლება, გაგვიჩნდეს ბორდერიზაციის შეჩერების შესაძლებლობა. მაგალითად, თუ რუსეთს მორიგი სანქციებით დაემუქრებიან. ჩვენმა მთავრობამ ამისათვის აქტიურად უნდა იმუშავოს, მაგრამ მოქმედი ხელისუფლება არაფერს აკეთებს: მინისტრები ისვენებენ, პრეზიდენტი ლოპოტას ტბაში დაცურავს...

ცირა, 51 წლის: გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის შეჩერება დღეს ალბათ, არ გამოვა. თუმცა, ბუნებრივია, რაღაც ზომების მიღება აუცილებელია, რომ ეს პროცესი სხვა სოფლებში არ გაგრძელდეს. მსგავსი რამ სადღეისოდ მხოლოდ მეგობარი ქვეყნების დახმარებითაა შესაძლებელი, საერთაშორისო დონეზე. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ხმას არავინ უნდა იღებდეს. ხელისუფლებამაც და ხალხმაც ყოველდღიურად უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემის არსებობაზე. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ საკუთარი ძალებით ამ პრიცესის შეჩერება არ გამოგვივა, მსგავსი შესაძლებლობები არ გვაქვს.

გიორგი, 47 წლის:  ბორდერიზაციის შეჩერების ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, ალბათ, მხოლოდ ფიზიკურადაა შესაძლებელი. იქ, გუგუტიანთკარში  ვიღაც უნდა იყოს და ხელს უშლიდეს რუს ოკუპანტებს მავთულხლართების აღმართვაში, თუმცა ძნელად წარმომიდგენია, ვინ შეიძლება, იყოს ეს: პოლიცია, სამხედროები თუ რიგითი მოქალაქეები. რამდენადაც მახსოვს, ატოცში გამოიჩინეს თავი აქტივისტებმა. ისინი იქ 24-საათიან რეჟიმში იმყოფებოდნენ და ფაქტობრივად შეაჩერეს ბორდერიზაცია. იქნებ, აქაც გამოსვლოდათ პრობლემის იგივე მეთოდით გადაჭრა,  არ ვიცი.

მერაბი, 28 წლის: ახლა რომ იქ ჩვენი სამხედროები გაიყვანონ, რომლებიც ამ პროცესს  ხელს შეუშლიან, ყველაფერი შეიძლება, ახალ კონფლიქტში გადაიზარდოს. ვფიქრობ, ვითარება ამით კიდევ უფრო გამწვავდება, ამიტომაც ეს გამოსავალი ვერ იქნება. ნებისმიერი ფიზიკური ჩარევა მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას. ჩვენმა ხელისუფლებამ თავი ხელში უნდა აიყვანოს და ყველა არსებული მექანიზმი აამოქმედოს, მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას.

ლილი, 65 წლის: ჩემი აზრით, სადღეისოდ პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ვერ ვხედავ, როგორ შევაჩეროთ დღეს საქართველოში ე.წ. ბორდერიზაცია. ფიზიკური ჩარევა გამორიხულია, არც ხელისუფლება წავა ამაზე. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. მიმართავენ დიპლომატებს, თუმცა ისინიც არაფერს აკეთებენ, უბრალოდ უპატაკებენ საკუთარ ხელმძღვანელობას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ და მორჩა. ძალზე ძნელია, რაიმე მოიმოქმედო. ვფიქრობ, უნდა მოვიცადოთ და გამოსავალი ალბათ, მოიძებნება.

ბექა, 33 წლის: ეს რთული პრობლემაა, მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება. სხვადასხვა ქვეყნებში იქნა გამოყენებული პრაქტიკულად ყველა მეთოდი, თუმცა ხელშესახები შედეგები ვერავინ მიიღო. ჩვენთან საქმეს ისიც ართულებს, რომ რუსეთთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს ფაქტობრივად არ ვაწარმოებთ, თუმცა ეს ალბათ, აზრს მოკლებულიც იქნებოდა. პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ ამერიკა და ევროპა, მოსკოვს სანაცვლოდ რამე უნდა შევთავაზოთ, სხვა შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში  გამოიყენება


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S