
“ქართული ოცნება”, ჩრდილოეთის ქარი
11/08/2019 17:20:37 თვალსაზრისი, ანალიზი
ეკონომიკურ სირთულეებზე საქართველოში ისე საუბრობენ, როგორც ვენერიულ დაავადებაზე – ნახევარი ხმითა და რიდით. პოსტსაბჭოთა არაკომპეტენტურობა, შეზავებული ფეოდალური ქედმაღლობით, საინფორმაციო ველში ადგილს არ უტოვებს თემებს, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია უფრო განვითარებულ ერებში. მოქალაქეთა ნაწილს უბრალოდ არ ესმის ტერმინების “ინფლაცია”, “საპროცენტო განაკვეთი” და სხვების მნიშვნელობა და ელოდება, როდის გაიშვერს ვინმე თითს დიდი ინკვიზიტორის ჟესტით დამნაშავეებისაკენ.
ეროვნული ვალუტის მორიგი, ამასწინანდელი ეპილეპტიკური შეტევა ურთიერთბრალდებების საბაბად იქცა. ოპოზიცია მთავრობის ეპიკურ არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ირწმუნებოდა, რომ კრემლის მიერ საქართველოსთვის დაწესებულმა “ტურემბარგომ” არა მარტო ტურისტები დააფრთხო, არამედ დეპრესიაში ჩააგდო ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესმენები ავადსახსენებელ “გავრილოვის ღამესა” და მომდევნო დღეებში “ნაცმოძრაობის” პროვოკაციული ქმედებების გამო. სხვებზე ადრე ბოლო დღეებში ამ თემებზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი/ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საუბრობდნენ.
აგერ უკვე თვენახევარია, “ქართული ოცნება” აწარმოებს (ნაწილობრივ წარმატებულ) პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც პოსტულატს “ეკონომიკური პრობლემები “ნაციონალების” გამო წარმოიშვა” ეფუძნება. როგორც კი ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, “ოცნებამ” მყისიერად წამოიწყო ეს კამპანია ტელესიუჟეტებით ქობულეთის კერძო სასტუმროების მფლობელების საპროტესტო აქციების შესახებ, რომლებიც მომხდარში სააკაშვილის პარტიას ადანაშაულებდნენ.
ოპტიმისტები მიუთითებენ თერაპიულ ეფექტზე იმ დაგვიანებული და ქაოტური მოქმედებებისა, რომელიც განახორციელა ეროვნულმა ბანკმა (იგი ბრმა და თანაც მთვრალი გლაიატორივით აწყდებოდა არენის ხან ერთ, ხან მეორე კიდეს), ასევე იმაზე, რომ თუ ТВС-ს კვლევის შედეგებს დავუჯერებთ, რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა კვლავინდებურად მზარდია. პესიმისტები კი საუბრობენ სისტემურ პრობლემებზე, რომელთა გამოც ეკონომიკის კონვულსიები შეიძლება, სრულიად უმნიშვნელო საბაბმაც კი გამოიწვიოს და მწუხარედ მოთქვამენ: «რეალური სექტორი უნდა განვითარდესო».
ამ ეპიზოდში პრინციპულად ახალი არაფერია, რუსეთის ე.წ. პატრიოტული მედიის სახალისო ქცევის გარდა: იგი ენერგიულად მიესალმებოდა ლარის ვარდნას სათაურებით «საქართველოს ყველაფერს ვაზღვევინებთ!», თუმცა მიჩუმდა, როცა ამერიკული სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ცნობების გაჩენისთანავე რუსულმა რუბლმა დაიწყო ვარდნა.
უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა: თბილისში ავანსცენაზე გამოვიდნენ ადამიანები (უმთავრესად ახალგაზრდები), რომლებიც თვლიან, რომ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე მინიმალური დამოკიდებულებაც კი დამღუპველია და რაც ნაკლები იქნება საქართველოში ტურისტი და პროდუქტი ჩრდილოეთიდან, ასევე რუსული საუბარი – მით უკეთესი. ისინი სიბეცესა და ღალატზე ალაპარაკდნენ, როცა მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო რეისების სუბსიდირება გადაწყვიტა.
ისტორიული პროტოტიპებისა და პარალელების ძიებაში შეიძლება, გავიხსენოთ გასული საუკუნის 20-იან წლებში გერმანიის კანცლერ (შემდგომში – საგარეო საქმეთა მინისტრ) გუსტავ შტრეზემანის პრობლემები. იგი თვლიდა, რომ მისი ქვეყნის მიერ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგული პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური აღორძინების წყალობით შეიძლებოდა, აღმდგარიყო, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მოითხოვდა თანამშრომლობას გუშინდელ მტრებთან, მათ შორის - საფრანგეთთან, რომელიც ძალზე აგრესიულად იყო განწყობილი. შტრეზემანის პოლიტიკის საფუძველს აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის წინააღმდეგობებზე თამაში წარმოადგენდა: იგი საიდუმლოდ ზრდიდა მათთვის ახალ-ახალ “განხეთქილების ვაშლებს” (ეს, სხვათა შორის, ქართული ელიტების ერთ-ერთი საყვარელი ტაქტიკაა). რადიკალი ნაციონალისტები შტრეზემანს მოღალატედ მოიხსენიებდნენ და მოითხოვდნენ, მთავრობას საფრანგეთის მიმართ უფრო ხისტი და პრინციპული პოლიტიკა გაეტარებინა (რეპარაციების პრობლემა, რურის კონფლიქტი და ა.შ.), მაშინ, როცა გერმანიას არ ჰყოფნიდა რესურსი არათუ ახალი ომისთვის, რურის ოკუპაციისთვის თუნდაც ე.წ. პასიური წინააღმდეგობის გასაწევადაც კი.
ისტორიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობაში შტრეზემანის პატრიოტიზმი ეჭვს არ იწვევს, თუმცა როდესაც იგი უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა, ზოგიერთს ეჩვენებოდა, რომ სიდიადისა და Weltpolitik-ის დრო წარსულს ჩაბარდა და მოუწევდათ შეგუება ომისშემდგომ რეალობასა და სილეზიაში ახალ საზღვართანაც კი. სწორედ მათზე მიანიშნებდა ჰიტლერი, როდესაც იმეორებდა, რომ ერს ელოდა Untergang (საბოლოო კრახი, დაისი). გერმანელების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ჩანს, აცნობიერებდა, რომ შტრეზემანის “სტრატეგიული თმენა» ქვეყანას აძლევდა შესაძლებლობას, დრო მოეგო, ფეხზე წამომდგარიყო, მომძლავრებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ “გადაეგდო თეთრი ხელთათმანი” მჩაგვრელებისთვის. თუმცა იქიდან, რომ ისინი შესაბამის პოლიტიკას რაციონალურად თვლიდნენ, სულაც არ გამომდინარეობს, რომ ის მათ დამამცირებლად და გულისამრევად არ მიაჩნდათ.
ქვეყნები სხვადასხვაა, მათი შედარება ძნელია, თუმცა საკვანძო პრობლემა ერთი და იგივეა – საუკეთესო სტრატეგიის ძიება, რომელიც გადარჩენისა და დაკარგულის დაბრუნების შესაძლებლობას შექმნის.
საზოგადოების უმაღლესი ფენების წარმომადგენლები, როგორც წესი, თვლიან, რომ შიდა კრიზისები და დასავლეთის სანქციები მალე რუსეთის მკვეთრ დასუსტებას გამოიწვევს, თუმცა ურთიერთობების საბოლოო გაწყვეტა და საყოველთაო კონფრონტაციაზე გადასვლა (ჩრდილოეთკავკასიური მიმართულებით აქტივიზაციით და ა.შ.) მათ მაინც ნაადრევად მიაჩნიათ, მით უფრო, რომ თავისუფალი სამყაროს დერჟავები ჯერ-ჯერობით კრემლის შტურმს არ აპირებენ და ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში გამოდიან თავშეკავებისკენ მოწოდებით. ძირითადი იდეა ამ შემთხვევაში შეიძლება, დაახლოებით ასე აღვწეროთ: საქართველო უნდა განვითარდეს და გამდიდრდეს, რომ იქცეს ფანჯრად (შემდეგ კი ალბათ, კარადაც) ევროპაში კავკასიის ხალხებისთვის და მოახლოებულ რუსულ კრიზისს სრულ მზაობაში შეხვდეს.
«შტრეზემანის სახელობის პოლიტიკა» (პირობითად ასე დავარქვათ) გამორიცხავს უარის თქმას ეკონომიკურ კავშირებზე, დიპლომატიურ კონტაქტებსა და ზეწოლაზე იმ ჯგუფების მიმართ, რომელთაც ხშირად კოლაბორაციონისტულად მოიხსენიებენ, რადგან ითვლება, რომ თუ “რბილი ძალის” (მთლიანობაში ნაკლებად ეფექტურ) საცეცებს დაკარგავს, კრემლი კვლავ დაუბრუნდება ყველაზე ბრუტალურ სცენარებსა და ტერიტორიულ დაპყრობებს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისადმი ეს მიდგომა დიდი ხანია, ცნობილია, აღწერილია, და დღეს უფრო მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რა ამოძრავებთ ხელისუფლების ოპონენტებს, ეროვნული დამცირების პერიოდის სასწრაფო დასრულების სურვილის გარდა.
აქ ვგულისხმობ არა დემაგოგ პოლიტიკოსებს, რომლებიც მომენტის გამოყენებას ცდილობენ, და არა “კლავიატურის ლომებს” (რუსული “დივნის მეომრების” ანალოგს), რომლებიც სოციალურ ქსელებში პუტინს აგინებენ, ტელეწამყვან გაბუნიას მსგავსად. ვგულისხმობ სრულიად გულწრფელ ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთათვისაც მიუღებელია რუსული მიმართულებით “ქართული ოცნების” პოლიტიკა («ერთ პაკეტში») არაკომპეტენტურობასთან, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ერთად. მეტიც, ისინი “თეთრ ხელთათმანს უგდებენ” მთლიანობაში უფროს თაობას, რომელიც არასაკმარისად განვითარებულად, მეტისმეტად “საბჭოურად” და ისტორიულ მარცხგამოვლილად მიაჩნიათ.
«მოხუცებისთვის» ძალიან საწყენია, რადგან მათ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანეს; ვიღაცამ იომა, ვიღაცამ იშიმშილა, რომ ბავშვებს მეტი შეჰხვედროდათ. ბევრი მათგანის მიერ მხარდაჭერილმა “ნორმალიზების პოლიტიკამ” (არაერთგზის დაიწერა, რომ იგი უპირველესად, “მამებსა და პაპებს” ეყრდნობათ), როგორც ჩანს, გარკვეული როლი შეასრულა იმაში, რომ ამ ამბიციურ ახალგაზრდობას მიეცა შესაძლებლობა, აცნობიერებდა რა საკუთარ ევროპულ არჩევანს, უნივერსიტეტებში ესწავლა და არა ფუგასები ედო რუსული სატანკო კოლონების გადაადგილების მარშრუტებზე.
ერთმა დამსახურებულმა დიპლომატმა თქვა: «მათ ორი პროვინცია წაგვართვეს, ჩვენ კი მათ - ათიო». იმას გულისხმობდა, რომ 1992-ში საბჭოთა საქართველოს ნანგრევებზე, რომელიც უდავოდ აცნობიერებდა, რომ მენტალური და ცივილიზაციური თვალსაზრისით, რუსეთ-საბჭოეთის სამყაროს წარმოადგენდა, ნულიდან დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და დღეს მოსკოვი “ათიოდე პროვინციაში” მხოლოდ ცალკეულ, უმთავრესად ვირტუალურ პლაცდარმებს ინარჩუნებს. თუმცა ამჟამინდელ დაძაბულ ვითარებაში ბევრი მსგავს მოსაზრებებს “თავის მართლების ლუღლუღად” ჩათვლის, განსაკუთრებით - თუ მათ დაემატება მსჯელობა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე.
ერთ წერტილში შეერთდა რამდენიმე ხაზი: 1) “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის”, ყველა “ძველი პარტიის” და მეტიც – მთელი ელიტის კრიზისი ღრმავდება; 2) ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება; 3) ახალგაზრდობა ოცნებობს ღირსეულ ცხოვრებაზე განვითარებულ და სამართლიან ქვეყანაში; 4) გეოპოლიტიკური ცვლილებების წინათგრძნობა ახალ იმედებს წარმოშობს; 5) როგორც ელიტისთვის, ისე დაბალი ფენებისთვის პრინციპში, გასაგებია, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.
შეიძლება, ირწმუნო, რომ წინააღმდეგობათა გროვიდან რაიმე ნათელი, ჰუმანური და დემოკრატიული წარმოიშობა, თუმცა ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით, უნდა ვემზადოთ უარესისათვის. ყველაფერი ჩამოთვლილი წარმოადგენს, მათ შორის, წინაპირობებს ქართული ნაციონალიზმის ისტორიაში ახალი (ეთნონაციონალისტური, ხოლო შემდეგ ეტატისტურის შემდეგ) ეტაპის დაწყებისა. რა თქმა უნდა, პანიკას მიცემა და ვეიმარის რესპუბლიკის უადგილოდ ხსენება არ ღირს, თუმცა, როგორც ჩანს, არც მოდუნებაა მიზანშეწონილი.
ყველაზე პრაგმატული და ადექვატური პოლიტიკაც კი არ აუქმებს ეროვნულ გრძნობებს. ბიძინა ივანიშვილის თავისებური პრაგმატიზმი და “ეროვნულის მეტაფიზიკის” ფეთქებადსაშიშროების უგულებელყოფა შესაძლოა, მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. რუს დეპუტატ გავრილოვის ქცევითა და დავით-გარეჯის სიახლოვეს ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის პრობლემებით გამოწვეულმა ემოციურმა აფეთქებებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ 7 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” დიდად არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით და ჩვეულებისამებრ, პროცესები თვითდინებაზე მიუშვა. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, დაინახა, რომ ზამბარა დაჭიმულია, ერი გადაიძაბა, პოპულისტების ღაღადმა კი შეიძლება, პარტიისა და მთავრობისთვის სასიკვდილოდ საშიში, ჭეშმარიტად ქტონიკური ძალები გამოაღვიძოს. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე, იღებს რა “ნორმალიზების პოლიტიკას” გონებით, იმავე დროს უარყოფს მას გულით.
სულ მცირე, საპარლამენტო არჩევნებამდე ”ქართულ ოცნებას” მოუწევს მანევრირება: ერთის მხრივ - “შტრეზემანის ხაზის” (რომელსაც მხარს უჭერს მისი და არა მარტო მისი ამომრჩევლის ნაწილი) შენარჩუნება, ხოლო მეორეს მხრივ - ყველაფრის კეთება საიმისოდ, რომ “ნაციონალური ვულკანის” მორიგ ამოფრქვევებს აარიდოს თავი. 1990-იანებმა აჩვენა, ხოლო “ნულოვანებმა” დამაჯერებლად დაადასტურა: რაც მეტია ქართულ პოლიტიკაში გრძნობა, თუნდაც ყველაზე გულწრფელი, მით უფრო მარტივია მუშაობა კრემლისათვის. გამორიცხული არ არის, ივანიშვილმა კვლავ გამოიყენოს “პარალელური საგარეო პოლიტიკის” ტაქტიკა, (მაგალითად) პრეზიდენტს და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მისცეს შესაძლებლობა, რუსეთის მიმართულებით ხისტი პრინციპულობის დემონსტრირება მოახდინონ, დანარჩენებს კი “მახვილი კუთხეების დაბლაგვება” უბრძანოს. ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა ეს გამოსავალი, მაგრამ საგარეო პოლიტიკის წინასაარჩევნო კონიუნქტურაზე (და პირიქით) მზარდი დამოკიდებულება “ქართული ოცნების” ისედაც რთულ მდგომარეობას ყველა შემთხვევაში კიდევ უფრო დაამძიმებს.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას