
საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს თევზჭერის ირგვლივ მიმდინარე დავის გამო მკაცრი ზომების მიღებით ემუქრება
28/10/2021 07:31:06 ევროპა
საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს თევზჭერის ირგვლივ მიმდინარე დავის გამო მკაცრი ზომების მიღებით ემუქრება. საუბარია, კერძოდ, საბაჟო შემოწმებების გამკაცრებასა და ბრიტანული ტერიტორიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, - იუწყება Financial Times.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომების სრული სია ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
დაძაბულობა თევზჭერის უფლებასთან დაკავშირებით უკვე თვეებია, გრძელდება. იგი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბრიტანეთმა უარი განუცხადა რიგ მცირე ფრანგულ თევზმჭერ ხომალდებს თხოვნაზე, ბრექსითის შეთანხმების ფარგლებში ბრიტანულ ტერიტორიულ წყლებში თევზჭერა გაეგრძელებინათ.
დავის საგანს ბრიტანეთის ნაპირებიდან 6-12 საზღვაო მილის მანძილზე, ასევე საფრანგეთის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მდებარე კუნძულ ჯერსისთან თევზჭერის უფლება წარმოადგენს.
"ამ დროისთვის ჩვენი მეთევზეებისთვის განკუთვნილი ლიცენზიების მხოლოდ ნახევარია გაცემული. მოთმინების ფიალა თითქმის სავსეა. არ დავუშვებთ, რომ ბრიტანეთმა ბრექსითის შესახებ შეთანხმებას ფეხი შეაწმინდოს" - განაცხადა ატალმა პარიზში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, თუ ბრიტანეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი ეფექტური არ აღმოჩნდება, საფრანგეთმა შესაძლოა, ზღვის ფსკერზე გამავალი სადენით კუნძულ ჯერსისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტოს.
სხვა შესაძლო სასანქციო ზომებს შორისაა საზღვარზე საბაჟო კონტროლის გამკაცრება, საფრანგეთის ჩრდილოეთის პორტებში შემავალი ხომალდებისა და სატვირთო მანქანების სანიტარული კონტროლი, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების ჩამოტვირთვის აკრძალვა.