
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ: "გადაიაროს არჩევნებმა"
17/05/2019 03:41:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს არჩევნების შემდეგ მიუბრუნდებიან. ასე უპასუხა მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჟურნალისტის კითხვას, დააყენა თუ არა ჩუგოშვილმა პარტიაში თაზო ფაცაციას გარიცხვის საკითხი, რომელმაც ენმ-ის წევრი ქალების მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს მივუბრუნდებით. გადაიაროს არჩევნებმა. ახლა ზუგდიდში ძალიან დაძაბული ვითარებაა, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩანს ეკრანებიდან. შესაბამისად, ალბათ ამაზე საუბრის დროც მოვა", - თქვა ჩუგოშვილმა.
მან კოლეგა ქალებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის კომენტარი, რომელიც დაიწერა. როგორც წესი, ქალები ხდებიან ხოლმე ასეთი ტექსტების სამიზნე. მე თვითონაც გავმხდარვარ, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან და სხვათაშორის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ქალებს, მაშინ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ასეთი მხარდაჭერა არ მიმიღია, როცა გავმხდარვარ სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი, კომენტარების ობიექტი. მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა ჩემი ქალი კოლეგის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის და ვინ არის ავტორი, ასეთი რამ არის სრულიად მიუღებელი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური ჭიდილი არ ნიშნავს ყველანაირი ზღვარის წაშლას აბსოლუტურად და თავზე ხელის აღებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ თინა ბოკუჩავას მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები "ფეისბუქზე" გამოიყენა.
"თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში"დამამთავრებინა" ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო", - დაწერა ფაცაციამ.
სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, ეს პოსტი წაიშალა. თუმცა, ფაცაციას ფეისბუქზე კვლავ რჩება ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის წევრის ანი წითლიძის მიმართ გამოყენებული ასევე შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
"Ani Tsitlidze განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ რომელზეც ჭკუა გეკეტება", - წერს თაზო ფაცაცია.
მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბოდიში მოიხადა.