
ევროკავშირი მზადაა, მოლდოვას ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმაროს
27/10/2021 09:07:03 ევროპა
ევროპული კომისია მზადაა, მოლდოვას ქვეყანაში გაზის დეფიციტისა და რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების გართულების შედეგად წარმოქმნილი ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმაროს, - განაცხადა ბრიფინგზე ევროკავშირის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პეტერ სტანომ.
"ჩვენ ამ საკითხს ძალზე სერიოზულად ვეკიდებით. იცით, რამდენად ერთგულია ევროკავშირი მოლდოვასთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობის პრინციპის მიმართ. რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღეთ ამ საკითხზე "გაზპრომის" განცხადება", - განაცხადა სტანომ მოლდოვაში ენერგოკრიზისის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის კომენტირებისას.
მისივე თქმით, "ევროკავშირი მხარს უჭერს მოლდოვას, უწევს მას ყველა შესაძლო ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას, რათა ქვეყანამ კრიზისი დაძლიოს, განსაზღვროს ალტერნატივები და მოახდინოს ენეგომიწოდებების დივერსიფიკაცია".
"ხუთშაბათს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა - მოლდოვა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი. განვიხილავთ გაზის მიწოდების საკითხსაც. ეს იქნება მოლდოვასადმი ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება", - დასძინა სტანომ.
ენერგოკრიზისის გამო 22 ოქტომბერს მოლდოვას მთავრობამ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.
25 ოქტომბერს კი, პირველად დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, მოლდოვამ ბუნებრივი აირი ალტერნატიული მომწოდებლისგან და არა რუსეთისგან შეისყიდა: სახელმწიფო კომპანია Energocom-მა შესაბამისი კონტრაქტი პოლონურ PGNiG-თან გააფორმა.