
ენერგომატარებლების ფასების რყევის ფონზე ევროკავშირის 9 ქვეყანამ ენერგობაზრის რეფორმირების წინააღმდეგ გაილაშქრა
26/10/2021 07:13:41 ევროპა
ევროკავშირის 9 სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ ძალისხმევა გააერთიანეს ენერგობაზრის რეფორმირების წინააღმდეგ გასალაშქრებლად და განაცხადეს, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ ენერგეტიკის რიგგარეშე მინისტერიალზე ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას მხარს არ დაუჭერენ.
ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს ენერგოკრიზისი, რომელიც მომხმარებლების ანგარიშებსა და ბიზნესზე აისახება, თუმცა მის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე 27 წევრი ქვეყნის შეთანხმება პრობლემურად გამოიყურება.
ვინაიდან ელიან, რომ ენერგომატარებლების გაძვირება სულ მცირე, გაზაფხულამდე გასტანს, გასულ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნები კრიზისის შედეგებთან გასამკლავებლად ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ რიგ მოკლევადიან ზომებზე შეთანხმდნენ, გადასახადების შემცირებისა და გადახდების გადავადების ჩათვლით. თუმცა წარმოიშვა აზრთა სხვადასხვა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბლოკის ენერგობაზრის რეფორმირებას ემხრობიან და ეწინააღმდეგებიან.
მაგალითად, საფრანგეთი და ესპანეთი რეფორმირების მომხრეთა შორის არიან, გერმანია კი - პირიქით და თავის პოზიციას იმ მოსაზრებით ამყარებს, რომ კრიზისი მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელიც რადიკალურ ზომებს არ მოითხოვს.
მასთან ერთად ლუქსემბურგი, ავსტრია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია და ჰოლანდია მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრები საბოლოო მომხმარებლებისთვის კონკურენტული ფასების ყველაზე მყარი გარანტიაა.
ფასების მკვეთრი ზრდის ძირითადი მიზეზი ენერგიაზე, მათ შორის ბუნებრივ აირზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდაა. წლის დასაწყისიდან გაზის ფასმა 170%-ით იმატა.
ამჟამად ევროკავშირი მძლავრადაა დამოკიდებული იმპორტირებულ აირზე, უმთავრესად - რუსულზე.