![იტალიაში ანტივაქსერული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა [ვიდეო]](https://new.accentnews.ge/storage/files/1634581272-35FGHAOOEVOSBDKVI5QQZR2464.jpg)
იტალიაში ანტივაქსერული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა [ვიდეო]
18/10/2021 18:45:18 ევროპა
იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტეში პოლიციამ კოვიდპასპორტების გასაპროტესტებლად გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების გამყენებას წინ უძღოდა დემონსტრანტების მიერ პორტის ბლოკირების მცდელობა.
მოგვიანებით დემონსტრანტებმა პროტესტი ქალაქის მთავარ მოედანზე გააგრძელეს.
მედია წერს, რომ დაპირისპირებისას რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.
ე.წ. მწვანე ბარათები იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა. ქვეყანაში წლის ბოლომდე მოქმედი წესის თანახმად, დასაქმებულს სამსახურში გამოცხადებისას მოსთხოვენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელების ცნობას ან კოვიდტესტის უარყოფით პასუხს.
სამსახურში კოვიდპასპორტის გარეშე მისვლის შემთხვევაში, დასაქმებული 600-დან 1 500 ევრომდე ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.
იტალიის პროფკავშირები ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოვიდნენ,– იუწყება „როიტერი“.
ცნობისთვის: გასულ კვირას "მწვანე ბარათების" წინააღმდეგ აქცია გაიმართა რომშიც. პროტესტის მონაწილეებმა პროფკავშირების ფილიალებში და პრემიერ-მინისტრის ოფისში შეჭრა სცადეს, რის გამოც პოლიციას მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა. პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათ შორის მემარჯვენე დაჯგუფების „ფორცა ნუევას“ ლიდერები.
17 ოქტომბერს კი იტალიაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მთავრობას ნეო-ფაშისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდეს.
პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, დროა, სახელმწიფომ თავისი დემოკრატიული ძალა აჩვენოს კანონებისა და კონსტიტუციის აღსრულების კუთხით.