
რა საკითხებს განიხილავენ აშშ–ისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები დღევანდელ შეხვედრაზე
18/10/2021 08:46:13 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინიტრო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს. ინფორმაციაში საუბარია იმ საკითხებზე, რომელთაც აშშ–ისა და საქართველოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ.
"პენტაგონის უმაღლესი პირის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება, რის შემდეგაც კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, შავი ზღვის აუზისა და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია, რაშიც ქართულ მხარეს უდიდეს მხარდაჭერას უწევს ოფიციალური ვაშინგტონი, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ოპერაციაში ერთმანეთის მხარდამხარ მსახური – ამ საკითხებს განიხილავენ ჯუანშერ ბურჭულაძე და ლოიდ ოსტინი თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. დღესვე კოლეგები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს", – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
როგორც თავდაცვის უწყება აღნიშნავს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეიძლება შეფასდეს, რადგან მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.
მისივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროდან აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც ლოიდ ოსტინს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში სპეციალური ოპერაციების ძალებში სტუმრობით დასრულდება, სადაც ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება გაიმართება.
ლოიდ ოსტინი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021