Accentnews.ge
ქართული დემოკრატიის მორიგი ტესტი: ვინ რა მოიგო 2 ოქტომბერს

ქართული დემოკრატიის მორიგი ტესტი: ვინ რა მოიგო 2 ოქტომბერს

05/10/2021 16:21:59 ინტერვიუ

2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ მუნიციპალიტეტების დონეზე რომ არ წყვეტდა პარტიული წარმომადგენლობის ბედს, არამედ 2–წლიანი პოლიტიკური კრიზისის, ადგილობრივ დონეზე და საერთაშორისო ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების ფონზე, ქართული დემოკრატიის ტესტად იყო დანახული, ამას მობილიზებული საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობაც ადასტურებს და ღიად მიგვანიშნებდნენ კიდევ სტრატეგიული პარტნიორები. საკუთარი იმედგაცრუება უკვე გამოხატა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრა ჯიმ რაშმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა კი მთავრობა გააფრთხილა, რომ „ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას დარღვევებზე, ხმების მოსყიდვაზე", ხოლო ეუთო/ოდირის შეფასებაში "პოლარიზაცია", "დაშინება", "ძალადობა", "გავლენა ამომრჩევლებზე", "ხელისუფლების არასათანადო უპირატესობა" – მსგავს სიტყვებს ამოიკითხავთ.

იხილეთ ასევე: აშშ-ის საელჩო: "ამომრჩევლები იმსახურებენ სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს"

გაიარა ტესტი საქართველომ?

ამ კითხვაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერს, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს კორნელი კაკაჩიას უშუალოდ ეუთო/ოდირის, საელჩოების, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დასმული აქცენტების გათვალისწინებით, უარყოფითი პასუხი აქვს. მსგავს საფუძველს კი მას ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აძლევს:

„ყველამ აღნიშნა, რომ არჩევნები ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყო კარგად ორგანიზებული, მაგრამ ამ დასკვნებში ვერ მოხვდა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მნიშვნელოვანი სიტყვა „სამართლიანი“. პირდაპირ არის დასახელებული პრობლემები: დაშინება, ზეგავლენის მოხდენა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი გარემო – ეს სერიოზული პრობლემებია, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები სტანდარტებით ვერ ჩატარდა, რადგან ამ პრობლემების გარეშე შესაძლოა, სხვა შედეგი დამდგარიყო. ამდენად, ბუნებრივია, რომ ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება“,– განმარტავს „აქცენტთან“ პოლიტოლოგი.

რა მიიღო 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებამ?

ფაქტობრივად, ამოისუნთქა“,– ამბობს კორნელი კაკაჩია. საქმე იმაშია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარ მიშელის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. კერძოდ, თუ მმართველი პოლიტიკური გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა 43%–იან მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, ეს გარემოება ვადამდელი არჩევნების წინაპირობა გახდებოდა. სწორედ აღნიშნული პუნქტი სახელდებოდა პროცესზე დამკვირვებლების მხრიდან „ქართული ოცნების“ მთავარ მოტივად, დაეტოვებინა შეთანხმება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი მონაცემებით, მმართველ გუნდს ნდობა ამომრჩეველთა 46.7%–მა გამოუცხადა, შესაბამისად, „ოცნებამ“ ხსენებული ბარიერი გადალახა.

„რომ არ მიეღო 43%, მიუხედავად იმისა, რომ გავიდენ შარლ მიშელის შეთანხმებიდან, მათზე მორალურ–პოლიტიკური წნეხი განხორციელდებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამდენად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. მინიმუმ, საკითხი დღის წესრიგიდან ცოტა ხნით მოიხსნა“,– ფიქრობს პოლიტოლოგი.

ამდენად, მისი ხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ სტატუს–კვო შესაძლოა, გაუარესებული მდგომარეობით, მაგრამ მაინც შეინარჩუნა:

„ხელისუფლება, დიდი ხანია, ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში იმყოფება და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, არ ითვალისწინებენ, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს. მიზეზი კი ისაა, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში გაბატონებული „ვენდეტის წესი“ აშინებთ. სწორედ ამიტომ არ თმობენ სასამართლოს: ისინი რეალურად იბრძვიან არა მხოლოდ რეჟიმის, ფიზიკური გადარჩენისთვის. მათ იციან, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა იკლებს, ხალხი გადაიღალა და ეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით რეგიონებშია შესამჩნევი. უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად დავაჯამეთ და „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ დახარჯული თანხა საოცნებოა ბალტიისპირა ქვეყნების პარტიებისთვის. ეს წარმოუდგენელია, მით უფრო, ასეთ ღატაკ ქვეყანაში. ამ არჩევნებში მათი მიზანი ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება იყო. ამდენად, ქართულმა ოცნებამ სტატუს კვო შესაძლოა გაუარესებული მდგომარეობით, მაგრამ მაინც შეინარჩუნა“.

რა მიიღო ოპოზიციამ?

საარჩევნო პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია რიგი უბნების გადათვლას ითხოვენ, რამაც შესაძლოა, საბოლოო შედეგებზეც მოახდინოს გავლენა. ამასთან, წინ მეორე ტურებია: 20, მათ შორის, ხუთ მსხვილ თვითმმართველ ქალაქში მოსახლეობა მერებს მეორე ტურში აირჩევს. მეორე ტურში გადაწყდება რამდენიმე სადეპუტატო მანდატის ბედიც, მაგრამ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხუთ ქალაქში მმართველი გუნდი ოპოზიციაში გადასვლის რისკის წინაშე დგას, იკვეთება კოალიციის ჩამოყალიბების საჭიროებაც, რაც სიახლეა ქართული რეალობისთვის.

„ოპოზიციამ გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა ვერ მიიღო ის, რაზეც იყო საუბარი: რეფერენდუმი, რეჟიმის ცვლილება. ოპოზიციის ნაწილს არ სურს, დაიჯეროს, რომ „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად სხვადასხვა მანიპულაციისა, მაინც ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი“,– ფიქრობს პოლიტოლოგი.

კაკაჩიას აზრით, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნო პერიოდში რიტორიკის დონეზე გამოხატული მზაობა პრაქტიკაში განახორციელოს და მცირე პარტიებთან კოალიცია შექმნას.

„თუ ამომრჩეველი დაინახავს, რომ მსგავსი თანამშრომლობა საქართველოში შესაძლებელია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის. პოლიტიკოსებმა მისცენ ეს მაგალითი ამომრჩეველს და შემდეგ უკვე აღარ იქნება მნიშვნელოვანი, ვინ არის კონკრეტული პარტიის ლიდერი – პარტიები თავად დააბალანსებენ ერთმანეთს. ამ არჩევნებითაც დადასტურდა, რომ ამომრჩევლის მოთხოვნები გაიზარდა, პოლიტიკოსების რადიკალურ ინსტინქტს ვერ ენდობა, შესაბამისად, ცდილობს დაბალანსებას, რათა მათ აკონტროლონ ერთმანეთი, მაგრამ პოლიტიკური კლასი საზოგადოების მოთხოვნებს ვერ ეწევა. ჩვენ გარემო უნდა შევცვალოთ: მხარი დავუჭიროთ კონსენსუსისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ გარემოს შექმნას, სადაც პარტიები თანამშრომლობენ, ისინი არიან ერთმანეთის მეტოქეები, მაგრამ არა მტრები. ვიდრე ამას არ მივაღწევთ, მოჯადოებულ წრეზე ვივლით“.

რა მიიღო საზოგადოებამ?

პოლიტოლოგის ხედვით, საზოგადოებამ არჩევნების გზით ცვლილებების შესაძლებლობის რწმენა მიიღო.

„ქართული ოცნების“ უძლეველობის შესახებ მითი შეირყა, შესაძლებელია ცვლილებები არჩევნების გზით. საზოგადოება იმასაც ხვდება, რომ რევოლუციებით ცვლილებები არ გამოვა“.

ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა

მართალია, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც რუსთავის #12 საპატიმროსთან გაიმართა, ენმ–ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ საზოგადოებას საქმის კურსში თავად ჩააყენებს, თუმცა დღეს მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსა. პარალელურად პარტია მეორე ტურისთვის მოემზადება. ამ ეტაპზე უცნობია საკითხისადმი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, მათ შორის იმ პარტნიორი პარტიების, რომლებმაც მეორე ტურში ენმ–ის კანდიდატებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

კაკაჩია, ითვალისწინებს რა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების საკითხის აქტუალიზების რესურს ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს ახლო მომავალში „ქართული ოცნების“ მხრიდან შეცდომებს, რაც თემას კვლავ „გაცოცხლებას“ მისცემს იმპულსს. მაგრამ ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საკითხზე „პედალირებას“ გამორიცხავს. ამ ფონზე კი მას ეეჭვება, ენმ–მ ძლიერი საპროტესტო ტალღის ორგანიზება შეძლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S