Accentnews.ge
«საქართველო დღეს ნაკლებად მომწიფებულ დემოკრატიად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ”

«საქართველო დღეს ნაკლებად მომწიფებულ დემოკრატიად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ”

19/09/2021 18:24:55 პოლიტიკა, ინტერვიუ

საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია, პუტინი უკრაინაში იმარჯვებს… უკვე არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა შემოჰკრა განგაშის ზარს. რამდენად საფუძვლიანია ეს ალარმისტული განცხადებები? საკმარისს აკეთებენ თუ არა ბრიუსელი და ვაშინგტონი მოკავშირების დასაცავად და რუსეთის შესაკავებლად? რით ემუქრება დასავლეთს ავღანეთიდან ქაოტური გასვლა და როგორ აისახება ეს თბილისისა და კიევის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე? - ამ და ბევრ სხვა საკითხზე “Эхо Каваза” აშშ-ის ყოფილ სპეცწარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, ნატო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩ კურტ უოლკერს ესაუბრა. განხილული საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, “აქცენტი” ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

– დავიწყოთ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისით, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად მკვდარია. რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს? და როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან?

– ვფიქრობ, მუნიციპალური არჩევნები – ეს პირველი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, საკუთარი პოლიტიკური კალენდარი “გადატვირთოს”, რათა შეძლოს, გაიხედოს მომავალში – საერთო ეროვნული არჩევნებისკენ, როცა არ უნდა გაიმართოს ისინი. უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა წინა საერთო ეროვნული არჩევნების (როცა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ და ისმოდა დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები), ასევე შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. სამწუხაროა, რომ საქართველო იმდენად გაყოფილი რჩება პოლიტიკურად, რომ ინსტიტუტები კვლავინდებურად სუსტია. სამწუხაროდ, ვერ იქნა ნაპოვნი ქმედითი გზა საიმისოდ, რომ ეს ინსტიტუტები ემსახურონ ქართველ ხალხს, რათა მან შეძლოს საკუთარი ინტერესების გამოხატვა პარლამენტსა და მთავრობაში დებატებისა და გადაწყვეტილებების მიღების გზით. მომავალი მუნიციპალური არჩევნები კი არის შესაძლებლობა, ეს ვითარება “გადაიტვირთოს”.

უპირველესად, ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ შედეგების სიზუსტეში. მეორეც, ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ვიხილავთ მეტ მრავალფეროვნებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მონაწილეობის წყალობით. რეალობა აღარ იქნება ისეთივე ორპოლუსიანი – “ქართული ოცნება” ან “ენმ”, როგორც ბევრი ფიქრობდა. ვთვლი, რომ ეს დადებითი მომენტია. იმედი მაქვს, ამ რჩევნების შემდეგ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ახლებურად შეხედავენ ევროკავშირისა და აშშ-ის გეგმას (შარლ მიშელის გეგმას), რომელსაც სხვადასხვა დროს ორივე დაეთანხმნენ და იტყვიან, მისი რომელი ელემენტები უნდა განხორციელდეს. ყველა საჭირო ელემენტი წარმოდგენილია ამ შეთანხმებაში. აქ იგულისხმება სასამართლო რეფორმაც, საარჩევნო სისტემის დახვეწაც, გარკვეულ დროს საერთო ეროვნული აჩევნების ჩატარებაც. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და იმედი მაქვს, რომ ისინი დაიწყებენ მუშაობას საგნობრივ დღის წესრიგზე, რათა ამ ყველაფერს ხორცი შეესხას.

– მაგრამ რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს? ევროპულ კრედიტზე მმართველი პარტიის უარი დასავლეთში ბევრმა პროდასავლურ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმად აღიქვა. მაგალითად, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ “Foreign Policy”-ში გამოქვეყნებულ ამასწინანდელ სტატიაში აღნიშნა, რომ «საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია». ეთანხმებით ამ შეფასებას?

– არა, მე მას არ ვიზიარებ. იანი ჩემი კარგი მეგობარია და პატივს ვცემ მის აზრს. ვფიქრობ, თანაავტორი დევიდ კრამერი იქნებოდა – ისიც ჩემი კარგი მეგობარი.

– დიახ, ასე იყო.

– მიუხედავად ამისა, მათ ვერ დავეთანხმები. არა მგონია, კრედიტზე უარის თქმა შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან მოწყვეტილად შეიძლება, აღვიქვათ. მთავრობის თვალთახედვით, ოპოზიცია იღწვოდა, რათა შეთანხმების პირობები ფულის მიღებასთან ყოფილიყო ბმაში. ახლა ხელისუფლებისთვის ღირსების საქმეა ამ პირობებზე უარის თქმა სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია დაჟინებით იღწვოდა ამ ბმისთვის. ჩემთვის ეს ერთგვარად საკუთარი თავისთვის სროლა იყო. მთავრობამ უკვე მოაწერა ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, ოპოზიციას კი ეს არ გაუკეთებია. მათ შეეძლოთ, ყველაფერი ისე დაეტოვებინათ, როგორც იყო და არაფერი მოემოქმედათ. მაგრამ როგორც ღირსების საქმე, შემდგომში მოინდომეს, გაეწვიათ ხელმოწერა და ეთქვათ: მორჩა, ამით შებოჭილები აღარ ვართო. ეს უბრალოდ გაუმართლებელია.

გეთანხმებით, ევროპასა და აშშ-ში, განსაკუთრებით – იმ ადამიანებში, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სათანადო ყურადღებით არ ადევნებენ თვალს, აღქმა სწორედ ისეთია, თითქოს ეს იყო ზურგის ქცევა ევროკავშირისთვის, ნატო-სთვის. მაგრამ რატომ უნდა მომხდარიყო ეს, რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს? ვფიქრობ, ამით მათ საკუთარ თავს ავნეს, არადა, შეეძლოთ, ეს თავიდან აეცილებინათ. ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის “ურთიერთრქენასთან” და არა ევროპაზე უარის თქმასთან. პირიქით: რომ გაესაუბროთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჰკითხოთ, რა სურთ მათ საქართველოსთვის, ერთნიც და მეორენიც გეტყვიან, რომ სურთ, საქარველო იქცეს მყარ დემოკრატიად განვითარებული ეკონომიკით, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა, იყოს უკეთესი ბიზნეს-კლიმატი, მოზიდულ იქნას მეტი ინვესტიცია. ორივე მხარეს ერთი და იგივე სურს, უბრალოდ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან.

– ვითომ? ბევრი დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აჩვენოს, ვის მხარესაა, განსაკუთრებით – უსაფრთხოების სფეროში ბელარუსთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ. პრემიერი ღარიბაშვილი შეეცადა, ამ შეთანხმების მნიშვნელობა დაეკნინებინა, უწოდა რა მას “უბრალო ფორმალობა”, თუმცა ამან, როგორც ჩანს, ევროპასა და შშ-ში ბევრისთვის არადამაჯერებლად გაიჟღერა.

– მესმის, რატომაც თქვა ეს პრემიერმა ღარიბაშვილმა. როგორც ჩანს, მას არ სურს, ბელარუსსა და რუსეთში ვინმეს აწყენინოს. თუმცა ვფიქრობ, მას მხედველობიდან გამორჩა, როგორ შეიცვალა ბრიუსელსა და ვაშინგტონში ბელარუსის მიმართ დამოკიდებულება იმ რეპრესიების, დაკავებების, ფიზიკური ძალადობის, ციხეებში არაადამიანური მოპყრობისა და სხვა მსგავსი არადემოკრატიული ქმდებების შემდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან გასული წლის არჩევნებს მოჰყვა, ასევე რუსეთის განგრძობადი მცდელობების შემდეგ, ბელარუსი შთანთქოს. კონტექსტი შეცვლილია. ჩვენ ვაძლიერებთ სანქციებს, ევროკავშირიც აძლიერებს მათ, საქართველო კი ამ დროს ამ შეთანხმებაში რჩება და ამ მომენტში ეს უფრო მეტად წარმოჩინდება კონტექსტიდან ამოვარდნილად, ვიდრე იმ შემთხვევაში, ადრე რომ გაკეთებულიყო.

– ათწლეულების განმავლობაში საქართველო ევროკავშირისა და აშშ-ის უახლოესი ერთგული მოკავშირე იყო რეგიონში. თბილისმა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა სტრატეგიულ მიზნად გამოაცხადა და გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების ყველა მოწოდებას, ერაყსა და ავღანეთში მისიებში მონაწილეობის ჩათვლით. რამდენად ცალსახაა ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა დღეს? ინარჩუნებს თბილისი იმავე ჟინს?

– კარგი კითხვაა. ერთის მხრივ, ვაშინგტონსა და ალბათ ბრიუსელშიც ხალხს მოსწონს საქართველოს ეს “დრაივი”. ქართველები – ყველა, პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, თავს ევროპელებად მიიჩნევენ, საკუთარ თავს ევროპასთან დაკავშირებულ თანამედროვე დემოკრატიად ხედავენ, აცნობიერებენ რა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, ევროკავშირსა და აშშ-სთან ახლო ურთიერთობები – ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესებშია. ქართველები ერთგულნი რჩებიან ამ გზის. ამავდროულად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა; ვნახეთ ასევე დაპირისპირება 2020 წლის არჩევნების შედეგად და უუნარობა, პარლამენტი ყველა ძალის მონაწილეობით შეეკრიბათ, უუნარობა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულიყო გარკვეული შეთანხმება იმაზე, როგორ მიეღოთ და გაეგოთ არჩევნების შედეგები, რათა გზა გაეგრძელებინათ. ამდენად, საქართველო დღეს ნაკლებად მომწიფებულ დემოკრატიად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

თუ საგარეო პოლიტიკას შევხედავთ, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ში, განსაკუთრებით - ავღანეთში. მაგრამ ამ ქვეყნიდან აშშ-ის გასვლასთან ერთად საქართველო აღმოჩნდა სიტუაციაში, როცა ბევრი რამ საკუთარ მხრებზე უნდა იტვირთოს. ეს აღარაა უბრალოდ შენატანი იმაში, რასაც აკეთებს ამერიკა. ეს ძალზე რთული სიტუაციაა. ვერ ვხედავ საქართველოსთვის ვერავითარ სხვა გზას. იმედი მაქვს, შიდა პროცესები დატოვებს შესაძლებლობას, ქვეყანა ბრიუსელისა და ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში დარჩეს.

– აღნიშნეთ, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ნატო-ში გასაწევრიანებლად. ამასწინათ გერმანული “Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელთან მისი უთანხმოების მთავარი მიზეზი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი იყო. “მერკელს მტკიცედ სწამდა, რომ ეს შეცდომა იქნებოდა, მე კი ამას სწორ ნაბიჯად ვთვლიდი” – აღნიშნა მან. ვინ ან რა წარმოადგენს სადღეისოდ მთავარ წინაღობას ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს გზაზე?

– საინტერესო კითხვაა. განვმეორდები, მთავარი წინაღობა ამ ეტაპზე საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური ჩიხია, რადგან ახლა ადამიანებისთვის ბერლინში, პარიზში და ბრიუსელში ძალიან მარტივია, შეხედონ საქართველოს და თქვან, «ისინი მზად არ არიანო». ეს უკვე დავის საგანიც აღარაა. როცა ბუში იყო პრეზიდენტი, ქვეყანამ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დიახ, კიდევ ბევრი რჩებოდა გასაკეთებელი, მაგრამ სახეზე იყო დინამიკა. და მას მართლაც სჯეროდა, რომ საქართველო იმსახურებდა ამ შანსს. ვფიქრობ, მას რეალურად სურდა, ქვეყანას მისცემოდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შანსი – ცნობილი MAP-ი. გერმნიის იმჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი კი ამას სწორ ნაბიჯად არ თვლიდა. მისი აზრით, ეს შეიძლებოდა, მეტისმეტად პროვოკაციული ყოფილიყო პუტინისთვის.

– ანუ, მაშინ ნაადრევი იყო, ახლა კი უკვე გვიანია?

– დიახ, რაღაც ამის მსგავსია. მაშინ ეს იყო წინაღობა. დღეს კი ნატო-ს წევრებს რომ ჰკითხოთ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ალიანსის წევრი, ძალზე გრძელ, განვრცობილ პასუხებს მიიღებთ. უკეთესი იქნებოდა, საქართველო ძლიერ ქეისს წარმოადგენდეს, რათა ამ ადამიანებისთვის უხერხული ყოფილიყო, ეპასუხათ “არა”. მაგრამ ამჟამად მათ არგუმენტების მოყვანაც კი არ სჭირდებათ, ხედავენ რა შიდაპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც მომწიფებულ დემოკრატიას არ შეესაბამება.

რჩება ასევე კორუფციასთან, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, საქართველო თავისას მიაღწევს. ვფიქრობ, საქართველო ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანაა ევროპული მენტალობით და დემოკრატიად ჩამოყალიბების სურვილით. მაგრამ ამას გარკვეული ძალისხმევა და გარკვეული აღდგენითი სამუშაოები დასჭირდება როგორც თავად საქართველოს, ისე ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან.

– მოდით, ვისაუბროთ კრემლის ახალ გეოპოლიტიკურ იარაღზე, როგორც მას უკრაინის პრეზდენტი ზელენსკი უწოდებს, – გაზსადენ «ჩრდილოეთ ნაკად-2”-ზე. ანგელა მერკელი, ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე ერთგული დარჩა ამ პროექტის. კიევში იგი შეეცადა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ბერლინმა გაიზიარა ვაშინგტონის პოზიცია ამ გაზსადენის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე. მაგრამ რას ნიშნავს «არ უნდა იყოს გამოყენებული»? - ვლადიმირ პუტინი ხომ წლების განმავლობაში სწორედ ამას აკეთებს! რასთან დაკავშირებით შეიცვლის იგი ქცევას, ვინ შეაჩერებს მას – ანგელა მერკელი, რომელიც ძალიან მალე, ამ შემოდგომაზე კანცლერის თანამდებობას ტოვებს?

– დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან როგორც პრესიდან ვიცით, «ჩრდილოეთ ნაკადი-2” უკვე პრაქტიკულად დასრულებულია. ამერიკულ-გერმანულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკას იარაღად გამოიყენებს, გერმანია სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს და ამ მიმართულებით საერთო ევროპულ ძალისხმევას ჩაუდგება სათავეში. თუმცა ყველაფერი მეტისმეტად ორაზროვანია, არამკაფიო. დიდწილად იმ განცხადებაში საუბარია ენერგეტიკასა და ფინანსურ პრობლემებზე, მაგრამ უკრაინისთვის ეს ძირითადი საკითხი არაა, მთავარი პრობლემა მისთვის უსაფრთხოებაა. არ ვფიქრობ, რომ აშშ-მა და გერმანიამ ამ კუთხით არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. და თქვენი კითხვაც იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ყველას მოგვიწევს მისთვის პასუხის გაცემა: რას მოიმოქმედებს დასავლეთი, რას მოიმოქმედებენ აშშ და გერმანია, თუკი რუსეთი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას ეცდება? არ ვთვლი, რომ ვიღაცას ეს უკვე სერიოზულად აქვს გააზრებული, არადა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის.

– მერკელის გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონიც ერთგულია პუტინთან მისი “სტრატეგიული დიალოგის”. ჯო ბაიდენი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პუტინს “მკვლელი” უწოდა, ივნისში შეხვდა მას ჟენევაში. და ეს ყველაფერი – ყირიმის ანექსიის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის, ბრიტანეთში ადამიანების “ნოვიჩოკით” მოწამლვის, ალექსეი ნავალნის მოწამლვისა და შემდგომი დაპატიმრების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების დევნისა და სხვა მსგავსი ქმედებების პირობებში. როგორც თქვენს სტატიაში აღნიშნეთ, პუტინი კვლავინდებურად იმარჯვებს. როგორ უნდა შეიცვალოს ეს? როგორ უნდა შევაჩეროთ პუტინი?

– ეს ძალზე მნიშვნელოვანი კითხვაა. მაშფოთებს თავად პუტინიცა და ისიც, როგორ აღიქვეს დამკვირვებლებმა მისი 16 ივნისის შეხვედრა ჯო ბაიდენთან. ყველაფერი, რაც ამ შეხვედრამდე მოხდა, თითქოს ჩამოიწერა. პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, თუკი რუსეთი სამომავლოდ რაიმეს მოიქმომედებს, ჩვენ შეგვიძლია, პასუხი გავცეთო. მაგრამ ეს უხსნის მას პასუხისნგებლობას ყველაფერ იმაზე, რაც მანამდე იყო. ვფიქრობ, პუტინი ამას “მწვანე შუქად” აღიქვამს საიმისოდ, რომ თავისი გააგრძელოს. ჩემს სტატიაში ვწერ, რომ დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში რეგულარულად უშვებს რამდენიმე შეცდომას: 1) მუდმივად ემხრობა დეესკალაციას. როცა რუსეთი ზეწოლას ახორციელებს, ჩვენ მაშინვე ვიწყებთ სიტუაციის დეესკალაციის მცდელობებს. რუსეთმა ეს იცის და კიდევ უფრო აძლიერებს წნეხს. ამან მთელს დასავლეთსა და, რაღა თქმა უნდა, უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და სხვებს უდიდესი ზიანი მოუტანა; 2) დღის წესრიგის დანაწევრება: ვამბობთ, რომ გვსურს, ვითანამშრომლოთ რუსეთთან ერთში, მაგრამ არ ვეთანხმებით მეორეში. რეალურად, ეს რუსეთს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს. თანამშრომლობის აშშ-ისთვის საინტერესო სფეროებში (მაგალითად, კლიმატის ცვლილების საკითხებში) ჩაბმის ფონზე რუსეთი აგრძელებს ყველაფერს, რაც მოესურვება, სხვა – სადავო საკითხებში, მაგალითად, ადამიანებს კლავს დონბასში. და ეს ჩვენი შეცდომების სრული ჩამონათვალი არაა. ვთვლი, რომ აშშ ძალიან მტკიცედ უნდა სცემდეს პასუხს რუსეთის ქცევას ყველა მიმართულებით, თუ გვსურს პუტინის ყურადღების მიზიდვა მისი ქცევის შესაცვლელად.

– დავუბრუნდეთ იმას, რაც ხდება ევროპაში, ვისაუბროთ ამერიკის ლიდერობის თემაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ “ამერიკა დაბრუნდა”, მაგრამ ახლა ევროპაში ბევრს ამაში ეჭვი ეპარება. ავღანეთიდან ქაოტური გასვლის შემდეგ ბევრი ევროპელი აშშ-ისგან სტრატეგიული ავტონომიისკენ მოუწოდებს. ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ პირველად, კვლავ იმატა შფოთვამ იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეუძლიათ ევროპელ პარტნიორებს, მიენდონ ვაშინგტონს. რას ნიშნავს ეს ევროატლანტიკური ერთობისთვის?

– ეს ტრაგედიაა. თუ გახსოვთ, 2009 წელს პრეზიდენტად ბარაქ ობამას არჩევას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მას ბუშის ადმინისტრაციის შემდეგ ევროატლანტიკური პარტნიორობის განახლების იმედებს უკავშირებდნენ. იმხანად იყო დიდი უკმაყოფილება ბუშის ადმინისტრაციის მიერ ერაყში დაწყებული ომით. ურთიერთობები გარკვეულწილად გაუმჯობესდა მისი მეორე ვადის პერიოდში, მაგრამ ადამიანები ობამას მაინც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. თუმცა გავიდა სულ ორიოდ წელიწადი და ვფიქრობ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ არ აღმოჩნდა ფოკუსი ევროპაზე, სახეზე იყო შემოტრიალება ევროპისგან აზიისკენ, იყო ასევე არასაკმარისი ჩართულობა ნატო-ში, იყო ლიბიური კამპანია, როცა აშშ-მა მოულოდნელად განაცხადა, “ოქეი, ჩვენ დავასრულეთო” და ყველაფერი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შეატოვა. ამ ყველაფერმა შფოთვა გამოიწვია. რომ აღარაფერი ვთქვათ ტრამპის ადმინისტრაციაზე. ვფიქრობ, არსებობდა მტრობა, რომელიც ევროპელებსა და ტრამპს შორის გამწვავდა, განსაკუთრებით – გერმანიასთან ურთიერთობაში.

ახლაც, ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლიდან 8-9 თვეში, კვლავ იგივეს ვხედავთ. ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე გადის. ისინი გრძნობენ, რომ აშშ ვერ ახდენს პრობლემების გადასაჭრელად გამბედაობის, ნებისყოფისა და სიმტკიცის დემონსტრირებას და ეს კვლავ იწვევს ამერიკით იმედგაცრუებას. იმედი მაქვს, გარკვეულ მომენტში ამას დავძლევთ და დავინახავთ, რომ ჩვენ და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს საერთო ინტერესები გვაქვს – ხელს ვუწყობთ დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის, უსაფრთხოების განვითარებას მსოფლიოში, რომელშიც უნდა ვიარსებოთ. ჩვენს ინტერესებშია, ეს მოვახერხოთ და მოვახერხოთ ერთობრივად, რადგან ასე მეტის მიღწევას შევძლებთ. მაგრამ სადღეისოდ სულ სხვა რეჟიმში ვართ: ტერორისტები ავღანეთში გადაჯგუფდებიან, მოწინააღმდეგეები ხედავენ ჩვენს სისუსტეს, გაუბედავობას, ვაკუუმს… ამ პირობებში ჩვენს მოკავშირეებს შესაძლოა, აღარ მოუნდეთ, გამოჰყვნენ აშშ-ს და სამომავლოდ სხვა ოპერაციებშიც მიიღონ მონაწილეობა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოვედით ჩვენ ამ ოპერაციიდან. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს უდიდეს ზიანს მოგვიტანს.

– ეგებ პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოასწოროს ეს სიტუაცია თეთრ სახლში ყოფნის განმავლობაში?

– არასოდეს თქვა “არასოდეს». რომ მოისურვოს, რომ კონცენტრირდეს ამაზე, ის ამას შეძლებს. პრობლემა იმაშია, რომ ამჟამად არ მეჩვენება, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამას თავის პასუხისმგებლობად მიიჩნევდეს. ისინი უარყოფენ იმ შეფასებებს, რომელიც ეხლა წარმოვადგინე და რომელიც მეტყველებს მათ სისუსტეზე, არასაკმარის გამბედაობაზე, მოკავშირეების მიტოვებაზე. როგორც თავადაც აღნიშნეთ, ისინი ამბობენ, რომ “ამერიკა დაბრუნდა”, მაგრამ მათ, ვინც ავღანეთში აშშ-ის მხარდამხარ იბრძოდა და იმედოვნებდა, რომ ამერიკა გააგრძელებდა ავღანეთში ღია გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ისევე, როგორც მათ, ვისაც სხვა პრობლემები აწუხებდა, რომლებშიც აშშ-ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახლა ამაში ეჭვი ეპარებათ.

– 11 სექტემბრის ტერაქტების მე-20 წლისთავზე ამერიკის ყველაზე ხამგრძლივი ომი დასრულებულია. მაგრამ დასრულდა კი ტერორიზმთან ომი?

– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, გასულ წელს ან თუნდაც ამ გაზაფხულზე, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების მე-20 წლისთავზე მსგავს ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. ჩვენ ვხედავთ ქაბულში “ალ-ქაედასა” და “თალიბანის” რეჟიმებს, რომლებსაც ამჟამად ხელთ აქვთ მთელი ჩვენი შეიარაღება; ვხედავთ “ალ-ქაედასა” და “ისლამურ სახელმწიფოს” არა მარტო ავღანეთში, არამედ მათ გაფართოებულ წარმოდგენილობას ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაშიც კი. ამგვარად, სადღეისოდ ისინი უფრო ფართოდ არიან წარმოდგენილები, ვიდრე ადრე. რომ აღარაფერი ვთქვათ ერაყსა და სირიაზე. სადღეისოდ ჩვენთვის უფრო რთულია სადაზვერვო მონაცემების შეგროვება ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში არსებულ ვითარებაზე, ვიდრე ერთი ერთი თვის წინ. არსობრივად, ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი უკან ჩვენს უნარში, ვიაზრებდეთ და ვუმკლავდებოდეთ იქ ტერორისტულ საფრთხეს.

ძალიან არ მომწონს ფრაზა “ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი” ან “ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულება”, რადგან ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ეს. ჩვენ არ დაგვისრულებია ტერორიზმი. თუ ვსაუბრობთ ტერორიზმთან ომზე, ვინმეს შეიძლება, სიტყვა “ომი” არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწევს, მასთან მიმართებაში რაიმე მოვიმოქმედოთ.

თუ ავღანეთში ჯარების განთავსებაზე ვისაუბრებთ, ჩვენ იქ წარმატებას ვაღწევდით ბოლო დრომდე. ქვეყანა წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა, ჩვენც კონტინგენტი მინიმუმამდე შევამცირეთ და ავღანეთის ძალებმა წამყვანი როლის თამაში დაიწყეს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ავღანეთში განათლება ვრცელდებოდა, ქვეყანა იცვლებოდა – ნელა, მაგრამ მაინც და ეს ყველაფერი 20 წლის განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი ძალები ამ დრომდე რჩებიან გერმანიაში – მეორე მსოფლიო ომიდან 20 წლის შემდეგაც, ჩვენ ამ დრომდე გვყავს ჩვენი ძალები კორეაში – კორეული ომის შემდეგ. ასე, რომ თუ სამხედრო წარმოდგენილობაზე ვისაუბრებთ, ავღანეთს მათ ვერაფრით შევადარებთ. ეს უბრალოდ მკვეთრი პოლიტიკური ფრაზაა, თქვა, “ჩვენ ვასრულებთ ომსო”, რეალობა კი იმგვარია, რომ ვერაფერი დავასრულეთ და პირიქით - შესაძლოა, ვითარება მხოლოდ გავაუარესეთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S