
ტუმსო აბდურახმანოვი – იმის შესახებ, რატომ იბრძოლეს ჩეჩნებმა საქართველოში აფხაზების მხარეს
02/08/2019 13:17:23 კავკასია, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჩეჩენი ბლოგერი და ანალიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც საქართველომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა, საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რატომ იბრძოლეს თავის დროზე, 1990-იან წლებში ჩეჩნებმა საქართველოში აფხაზების მხარეს.
“ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩეჩნები შეცდომაში იყვნენ შეყვანილები რუსული პროპაგანდის მიერ: მათ ვითარება ისე წარმოუჩინეს, თითქოს ისევე, როგორც თავად ჩეჩნები, რომლებიც დიდი იმპერიის მხრიდან წნეხს განიცდიდნენ და სუვერენიტეტი სურდათ, აფხაზებიც იღწვოდნენ სუვერენიტეტისთვის საქართველოს მხრიდან რაღაც წნეხის გამო. ამიტომაც გარკვეული ჩეჩენი მოხალისეები მაშინ აფხაზეთში გაემგზავრნენ და მონაწილეობა მიიღეს იმ საბრძოლო მოქმედებებში. შემდგომში ბევრმა მათგანმა ეს შეცდომად აღიარა.
ყველა შემთხვებაში, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ოფიციალური პოზიცია. პირიქით, ჩვენი სახელმწიფო იმხანად თავშესაფრად იქცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის [ზვიად გამსახურდიასთვის], რომელიც იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და იმყოფებოდა სომხეთში, სადაც, სამწუხაროდ, მისი უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. ამიტომაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გამსახურდიას პირადი თვითმფრინავი გაუგზავნა გროზნოში ჩასაყვანად. და გარკვეული დროის განმავლობაში ზვიად გამსახურდია ოჯახთან ერთად ჯოხარ დუდაევთან ცხოვრობდა.
ამ საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი: ჩეჩნები - ეს ალბათ, ის უნიკალური ერია, რომელმაც მოახერხა, რეგიონის ყველა კონფლიქტში ორივე მხარეს მიეღო მონაწილეობა. გამონაკლისს ამმხრივ მხოლოდ ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენს, რომელშიც ჩეჩნები მხოლოდ აზერბაიჯანის მხარეს იბრძოდნენ, თუმცა მოგვიანებით აზერბაიჯანლებთანაც უთანხმოება მოუვიდათ და დაბრუნდნენ. ყველა დანარჩენ კონფლიქტში მათ ორივე მხარეზე მოახერხეს მონაწილეობა. ჩეჩნებმა იბრძოლეს როგორც აფხაზების, ისე ქართველების მხარეს; 2008 წლის ცხინვალის მოვლენების დროსაც ასე იყო: რუსეთის მხრიდან იბრძოდნენ ეთნიკურად ჩეჩენი სამხედროები (ბატალიონი “ვოსტოკი”) და ქართველების მხრიდანაც იბრძოდნენ პანკისელები. ახლაც იგივე ხდება უკრაინაში. ამმხრივ ჩეჩნები ალბათ, უნიკალური ხალხია” - ამბობს აბდურახმანოვი.