Accentnews.ge
მეი-B: ჯონსონი, მოლოდინები და საქართველო

მეი-B: ჯონსონი, მოლოდინები და საქართველო

02/08/2019 07:57:10 თვალსაზრისი, ანალიზი

24 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (Theresa May) ოფიციალურად შეცვალა ბორის ჯონსონმა (Boris Johnson), რომელმაც საბოლოო შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ჯერემი ჰანტს (Jeremy Hunt) სძლია. კონსერვატორთა 66%-იანი მხარდაჭერით ჯონსონი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

რატომ წავიდა ტერეზა მეი?

ტერეზა მეის წარუმატებულობა დიდწილად განაპირობა «ბრექსიტის» ქაოსმა, როდესაც ვესტმინსტერში მის მიერ წარდგენილი სამივე სამოქმედო გეგმა ჩავარდა.

ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც პარლამენტმა ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა ქვეყნის პრემიერი. გარდა ამისა, მეის ლიდერობის პერიოდში რამდენიმე გახმაურებული შიდა პოლიტიკური საქმეც მუსირებდა, მაგალითად «ვინდრაშის» თემატიკა, რომელიც მტრული საიმიგრაციო პოლიტიკის გატარების ნათელი მაგალითი იყო.

ამის პარალელურად, საგრძნობლად იმატა დანაშაულის რიცხვმა ლონდონში, შემცირდა აუტისტური სპექტრის ბავშვთა ზრუნვაზე გამოყოფილი სამთავრობო ხარჯები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებითი ლიმიტები დაწესდა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფონდისთვის დაფინანსება შემცირდა და სხვა.

კონსერვატორულ  პარტიაში არსებული დაბრკოლებები და  ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევები მარტივად შეიძლება, კვლავაც მალე გახდეს იმის წინაპირობა, რომ 2022 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ვიხილოთ. თუმცა მანამდე დიდ ბრიტანეთს ბორის ჯონსონის პრემიერობის გამოცდა მოუწევს.

საერთოდაც, რას წარმოადგენს ბორის ჯონსონი?

ლონდონის ყოფილი მერი და ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი ოდითგანვე გამორჩეული იყო თავისი ექსცენტრიულობით, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში მისმა განცხადებებმა იგი მთლად არაპროგნოზირებადი გახადა. ქალების, მიგრანტების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლგბტქ თემის წარმომადგენლებისადმი ჯონსონის განცხადებები შეიცავდა ცხადად ჰომოფობიურ და რიგ შემთხვევაში ნეიტივისტურ ელემენტებსაც.

სავსებით სავარაუდოა, რომ ჯონსონის სახით დონალდ ტრამპის ბრიტანული ვერსია ვიხილოთ, რომელსაც ჯერ-ჯერობით მაინც უფრო სატირანარევი სახე აქვს, ვიდრე პოლიკიტაში მკაფიოდ გატარებული. თუმცაღა უკვე პრემიერ-მინისტრის ამპლუაში მყოფ ბორის ჯონსონს რეალურად გააჩნია ბერკეტი, თავისი საფრთხისშემცველი გეგმები სისრულეში მოიყვანოს.

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან მისი თბილი ურთიერთობაც შესაძლოა, მომავალი ღრმა კავშირების ჩამოყალიბებას მოასწავებდეს. მაგრამ უკვე მრავალი კრიტერიუმი იკვეთება იმისა, რომ ლექსიკით დაწყებული, პოლიტიკის შემუშავებით დამთავრებული, ჯონსონი-ტრამპის დუეტი აყალიბებს ეკონომიკურად ძალზე სარისკო სისტემას, რომელიც შეიძლება, გადამწყვეტი ინსტრუმენტი გახდეს საერთაშორისო ურთიერთობების გადახედვის კუთხით.

საგადასახადო შეღავათები, მარეგულირებელი კომისიების გაუქმება, თავისუფალი სავაჭრო ზონების გაზრდა, მომხმარებელთა უფლებების გაერთიანების უგულებელყოფა, ხარისხის კონტროლის სისტემის მოშლა - ეს ის პოსტულატებია, რომელთაც ჯონსონი უჭერს მხარს.

ევროკომისიის წარმომადგელობამ უკვე გაცხადებულად გამოხატა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი სავაჭრო და საგადასახადო სივრცეების შექმნა შეიცავს ფულის გათეთრების რეალურ და უდიდეს რისკს.

რაც შეეხება მის პროგრამულ ნაწილს, კერძოდ ჯანდაცვის ეროვნულ სერვისს (NHS), ჯონსონს მკაფიო ხედვა აქვს პროგრამის გადახედვის თავლსაზრისით და არ გამორიცხავს, რომ ამისთვის საუკეთესო გზა პრივატიზაცია იყოს.

აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის გახმაურებული რეფერენდუმის გულმხურვალე მხარდამჭერი ნაიჯელ ფარაჯთან ერთად სწორედ ბორის ჯონსონი გახლდათ.

შოტლანდია-ჩრდ.ირლანდიის გამოწვევები

ჯონსონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი. «პანელბეისის» მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ჩანს, რომ ჯონსონის პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში დამოუკიდებლობის მსურველთა რაოდენობა 53%-ს გადააჭარბებს.

ცხადია, ბრექსიტის ქაოსიც ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც პარალელურად მეორე მნიშვნელოვან გამოწვევას - ჩრდილოეთ ირლანდიას უკავშირდება.

საქმე ირლანდიის კუნძულზე მყარი საზღვრის გავლებას ეხება. ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირში ყოფნა მის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს შეუთანხმებლობით გამოსვლით (No-Deal-ის შემთხვევაში) ქვეყანა ძალიან დაზარალდება. ეს მკაფიოდ დადასტურდა ირლანდიის მთავრობის წევრებსა და ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელს - მიშელ ბარნიეს შორის გამართულ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე.

ამ ხაზს მიუყვება ის პოტენციური საფრთხეც, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ჯონსონის ინიციატივაა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ვერმიღწევის (No-Deal-ის) შემთხვევაში პარლამენტს შეეზღუდოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის საშუალება. შესაბამისად, მას სურს პარლამენტის შეზღუდვის მექანიზმის ამოქმედება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საპარლამენტო წარმომადგენლობითი ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას.

ვესტმინსტერმა სწორედ 18 ივლისს, ჯონსონის პრემიერობამდე მიიღო დადგენილება, რომ 9 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე, სანამ ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელი ორგანო არ იქნება ფორმირებული, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს პარლამენტის დათხოვნა არ შეეძლოს.

ეს ზომა კი რეალურად გულისხმობს პარლამენტში სასესიო ნაწილის გაუქმებას და პარლამენტის პარალიზებას. პარლამენტის ამ ინიციატივას 17-მა კონსერვატორმა წევრმაც დაუჭირა მხარი, მინისტრების ფილიპ ჰამონდისა და მარგო ჯეიმსის ჩათვლით.

სხვათა შორის, ჰამონდი ჯერ კიდევ პარტიის ლიდერის არჩევნებამდე ხმამაღლა აკრიტიკებდა როგორც ჰანტს, ისე ჯონსონს მათი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის გაუაზრებლობის გამო.

ვინ არიან და რას მოასწავებს ჯონსონის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი?

კაბინეტი ცხადად გამოხატულ მემარჯვენე ჯგუფს წარმოადგენს (ე.წ. Hardliners), რომელიც დაკომპლექტებულია ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ინიციატორებით.

დიდ ბრიტანეთს ეყოლება შინაგან საქმეთა ქალი მინისტრი, წარმოშობით უგანდელი პრიტი პატელი (Priti Patel), რომელიც მეის ადმინისტრაციაში მას შემდეგ აღარ მუშაობს, რაც მის მიერ ისრაელში ვიზიტის შესახებ საგარეო საქმეთა სამდივნოს დროულად არ ეცნობა. მაშასადამე,  საერთაშორისო განვითარების მდივნის პოსტი პატელის საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოების ბრალდებით დაატოვებინეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პატელი სიკვდილის დასჯის კანონის გადახედვის და საჭიროებისამებრ მისი ამოქმედების მომხრეცაა. ნიშანდობლივია, რომ ჯონსონი მას აბრუნებს და მეტიც, აწინაურებს კიდეც ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საიდ ჯავიდი (Sajid Javid) კანცლერის პოზიციას დაიკავებს ახალ კაბინეტში. ჯავიდი პროფესიონალი ბანკირია, რომელიც 2010 წლამდე ამ სფეროში მოღვაწეობდა. მეტიც, მოგვიანებით ის “დოიჩე ბანკის”(Deutsche Bank) აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. მას გარკვევით აქვს გაცხადებული, რომ ბრიტანეთის პარლამენტის წევრობისთვის 97%-ით მეტ შემოსავალზე მოუწია უარის თქმა. წარმოშობით პაკისტანელი ჯავიდი ე.წ. „ვინდრაშის“ სკანდალის შემდეგ ტერეზა მეიმ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნა, ხოლო ამბერ რუდი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა.

ჯონსონის ადმინისტრაციაში რუდის ადგილიც მოიძებნა. იგი შრომისა და პენსიების საკითხების მდივნად დაინიშნა. ამბერ რუდიც (Amber Rudd) დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უმსხვილესი საბანკო კორპორაცია „ჯეიპი მორგანისთვის» (JP-Morgan). მართალია, ის ჯერემი ჰანტის კანდიდატურას უჭერდა მხარს, თუმცა ცხადია, რომ ჯონსონმა რეალურად ყველა მსურველი კანდიდატისთვის «მონახა ადგილი», რომლებიც მას შიდაპარტიულ არჩევნებში ეპაექრებოდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მაიკლ გოუვის (Michael Gove) სახით. მას ამ ადმინისტრაციის პირობებში შედარებით უმნიშვნელო პოზიცია - ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერობა ერგო, რომელიც ძირითადად ადმინისტრაციულ საკითხებსა და პრემიერის მრჩევლობას გულისხმობს. ამას აქვს თავისი ისტორია - 2016 წლიდან, როდესაც პარტიის ლიდერის არჩევის დროს გოუვიმ პრაქტიკულად ბოლო წუთს მხარი არ დაუჭირა ჯონსონს და საკუთარი კანდიდატურა წარადგინა პარტიის ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად. შედეგად ბორის ჯონსონი პროცესს გამოეთიშა. რჩება შთაბეჭდილება, რომ გოუვი «დაისაჯა», მაგრამ პარალელურად ჯონსონს ურჩევნია, ის ახლოს ჰყავდეს, რათა მაქსიმალურად აირიდოს გაუთავალისწინებელი შედეგები, რომელიც შეიძლება, იყოს ზომიერი კონსერვატორების შემოკრება და მათთან ცალკე პარტიის დაარსება, როგორც ეს ლეიბორისტული პარტიის შემთხვევაში მოხდა რამდენიმე თვის წინ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერემი ჰანტმა შიდაპარტიული პრაიმერიზის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ორი ხმით აჯობა გოუვის.

კაბინეტში ასევე შედიან: მეთ ჰანოკი (Matt Hancock) - თითქოს ზომიერი კონსერვატორი ლიბერალური «გამონათებებით» ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, ანდრეა ლიდსომი (Andrea Leadsom) გარემოს დაცვის ყოფილი და წარუმატებელი მინისტრი, ამჯერად ადმინისტრაციაში ბიზნეს-მდივანია.

დომენიკ რააბიმ (Dominic Raab) კი საგარეო საქმეთა სამდივნო ჩაიბარა. რააბი დიდი ბრიტანეთის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი და ასევე წარუმატებელი მომლაპარაკებელი იყო ბრიუსელში „ბრექსიტის“ თემატიკაზე. ეს ნიშანდობლივიცაა, რამდენადაც ჯონსონს არც სურს კონსენსუსის ძიება, მაშასადამე, ამ პოლიტიკას ყველაზე კარგად სწორედ რააბი გაატარებს.

ლიზ ტრასი (Liz Truss) - საერთაშორისო ვაჭრობის მდივანი, რომელიც დერეგულაციის, თავისუფალი სავაჭრო ზონების  მომხრეა. ის ყოფილი ლიბერალ-დემოკრატია, რომელიც 2005 წელს კონსერვატორულ პარტიაში გადაბარგდა. 2010 წლიდან ის იუსტიციის მდივანიც იყო.

რა ეფექტები შეიძლება, ჰქონდეს ჯონსონის პრემიერობას საქართველოსთვის?

ბორის ჯონსონის ერთ-ერთი დაპირება თავიდანვე გულისხმობდა იმას, რომ დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,7% კვლავაც საერთაშორისო დახმარებას მოჰხმარებოდა. ამ კუთხით თვისობრივად არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ შიდა ფისკალური მდგომარეობის გართულებამ შეიძლება, ამ გადაწყვეტილების გადახედვაც გამოიწვიოს.

გარდა ამისა, იგივე რჩება ბრიტანეთის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი, რომელიც UKAID პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და ბევრი ბენეფიციარი ჰყავს როგორც საჯარო მოხელეების სივრცეში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაშიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნატო-ს სამეკავშირეო მისიების ფარგლებში თვითონ ბრიტანეთის კონტრიბუცია რეგიონში ხარისხობრივად გაიზარდა. ამას დაემატა უკრაინასა და საქართველოში მოქმედი «პროფესიული განვითარების პროგრამის» დანერგვაც, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც ნატო-ს სხვა რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთად დიდი ბრიტანეთიც იყო.

თუ აშშ ნატო-სადმი ჩამოუყალიბებელ პოზიციას შეინარჩუნებს, მარტივად შეიძლება, ეს საკითხი ბრიტანეთის მთავრობის ამჟამინდელ ადმინისტრაციაშიც დისკუსიის საგანი გახდეს, ამიტომ დიდ მნიშვნელობას იძენს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან შავი ზღვის რეგიონითა და ახლო აღმოსავლეთთან არცთუ შორს მდებარე ქვეყნით დაინტერესება. ირანთან დაძაბული ურთიერთობის პირობებში კი ეს ალბათობა რეალურად დასაშვები ხდება.

ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვა და საერთო ენის პოვნა უჭირს,  საქართველოში კონკრეტულმა პრორუსულმა და ნაციონლისტურმა ჯგუფებმა შესაძლოა, ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივების მიზნით გამოიყენონ.

ასევე შესაძლებელია, დასავლეთის წამყვანი ქვეყნის პრემიერის ნეიტივისტური და ქსენოფობიური მესიჯებიც საკმაოდ მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე საქართველოში არასწორად იქნას აღქმული იგივე ულტრანაციონალისტურ და პრორუსულ სპექტრში.

საქართველოში, სადაც პოლარიზაციის უმაღლესი ხარისხია გამოკვეთილი, შესაძლო საერთაშორისო პოლიტიკური   ცვლილებების აღქმა ცხადია, ძალიან გართულდება.  

რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს?

და ბოლოს, აუცილებელია, ვთქვათ, რომ ყველა გამოწვევა, რომელიც ტერეზა მეის ადინისტრაციის პირობებში წარმოიშვა, საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ჯონსონი ამ ეტაპზე ამის გარანტორად ნაკლებად შეიძლება, განვიხილოთ, იმის მიუხედავად, რომ მისი უპირველესი დაპირება 31 ოქტომბერს ბრექსიტის ქაოსის დასრულებას შეეხება. ზუსტად რამდენიმე დღის წინ ჯონსონმა სამართალდამცავ უწყებას ოცი ათასი ახალი პოლიციელი დაამატა. ამით ჯონსონმა დაპირება შეასრულა, რაც ცხადია, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არ არის ნათელი, საიდან გაჩნდა მსგავსი რესურსი ან რა სფეროს მოაკლო პრემიერმა ეს თანხა. სავარაუდოდ, ამ გზით ჯონსონს სურს თავის დამკვიდრება, როგორც «პირობების შემსრულებელი» (Real Doer) მინისტრისა, რათა ბრექსიტის თემატიკით გაღიზიანებული ხალხის ნდობა მოიპოვოს, მთავარი ორიენტირი ოდნავ მაინც გადაიტანოს სხვა სივრცეში და მოკლევადიანი სტაბილურობის შეგრძნება გააჩინოს.

ავტორი: ელიზბარ ხვიჩია 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S