
ევრო–5–ზე ნაჩქარევი გადასვლა: გაძვირებისა და რუსული მონოპოლიის საფრთხე
01/08/2019 10:15:38 თვალსაზრისი, ანალიზი, ეკონომიკა
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია ხელისუფლებას იმპორტირებადი დიზელის სტანდარტის ევრო–5-მდე გაზრდის გადავადებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხში სიჩქარემ რუსული კომპანიების მიერ ბაზრის მონოპოლიზება შეიძლება, გამოიწვიოს.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში იმპოტირებადი და გაყიდვაში უკვე არსებული დიზელის სტანდარტი ევრო-5-მდე უნდა ამაღლდეს. საწვავის ეს სახეობა ნაკლებ გოგირდს შეიცავს, ვიდრე ევრო-4, რომელიც ამაჟამად არის გაყიდვაში და შესაბამისად, ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, – განმარტავენ ქართველი ექსპერტები. ისინი თანხმდებიან, რომ ეკოლოგიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებმა ევრო 5–ის სტანდარტის საწვავი გამოიყენონ. თუმცა იმაზე, როდის უნდა ამოქმედდეს ეს სტანდარტი, მოსაზრებები განსხვავებულია.
31 ივლისს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და საქართველოში დიზელის საწვავის ზოგიერთმა მომწოდებლებმა მთავრობას მიმართეს მოწოდებით, ევრო–5–ზე გადასვლა ერთი წლით გადავადდეს – ანუ მანამ, სანამ აზერბაიჯანში შესაბამისი საწვავის წარმოება ამოქმედდება.
„საქართველოში დიზელის საწვავის ერთ–ერთი ძირითადი მომწოდებელი ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია. თუმცა ვინაიდან ეს სახელმწიფო მომავალ წელს ევრო–5–ს ვერ აწარმოებს, იგი საქართველოში დიზელს ვერ მოგვაწვდის. წარმოიშობა სოციალური საკითხიც – ქვეყნის ბაზარზე ყველაზე იაფი პროდუქტი აღარ გაიყიდება“, – განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
„გაყიდვაში არსებული დიზელის 40% სადღეისოდ საქართველოში აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება, თუმცა ევრო 5–ის სტანდარტის საწვავის წარმოების შესაძლებლობა ქვეყანაში მხოლოდ 2021 წელს გაჩნდება, იმ დროისთვის კი ქართულ ბაზარს რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტები შეავსებენ. ისინი სადღეისოდ ყველაზე კონკურენტუნარიანია, რადგან ევროპულთან შედარებით, ნაკლებ ლოჯისტიკურ დანახარჯებს მოითხოვს, ეს რუსულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, მონოპოლისტებად იქცნენ და საკუთარი პირობები დააწესონ. ჩვენთვის ეს გამართლებული არ არის, თუ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. აზერბაიჯანი კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის - ენერგოუსაფრთხოების ნაწილში“, – დარწმუნებულია კომპანია “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე.
ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბაზრის რუსულ დიზელზე დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბიზნეს–ინტერესებში შედის, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს:
„სხვა შემთხვევაში ასეთ სიჩქარეში აზრს ვერ ვხედავ, საქართველოში ხომ დღემდე არ ჩატარებულა არც ერთი სრულფასოვანი კვლევა იმასთან დაკავშირებით, როგორ აისახება ევრო–5-ზე გადასვლა ქვეყნის ეკოლოგიაზე, რაც ხელისუფლების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა“.
მართლაც, დღემდე დანამდვილებით არ არის ცნობილი, დიზელის საწვავზე მომუშავე რამდენი ავტომობილი გადაადგილდება ქვეყანაში და რა მდგომარეობაში არიან ისინი. სავალდებულო ტექდათვალიერებას ქვეყნის მთელი ტრანსპორტი წლის ბოლოსთვის გაივლის, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა. მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, გაუმართავმა ტრანსპორტმა, რომელიც ევრო–5–ზე იმუშავებს, ეკოლოგიას ისეთივე ზიანი მიაყენოს, რაც ევრო–4–ზე მომუშავემ:
„ჯერ საქართველოში გაყიდვაში არსებული ევრო–4–ის ხარისხი შეამოწმონ. მართალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს, შეამოწმოს, თუმცა არაეფექტურად. ქვეყანაში უნდა არსებობდეს მაღალი ხარისხის კონტროლისა და შემოწმების სისტემა“, – ამბობს კვაშილავა.
გარდა ამისა, როგორც ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ვასილ ურუშაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ევრო 5–ის სტანდარტი შემოიღეს, დიზელის მომხმარებელ კომპანიებს საწვავი დაახლოებით 15 თეთრით გაუძვირდებათ.
„ევრო 5–ის სტანდარტის შემორების შემთხვევაში ევრო 4–ის სტანდარტის დიზელი მთლიანად ამოვარდება ბაზრიდან. მისი ძირითადი მომწოდებელი დღეს აზერბაიჯანია. ყველაზე მეტად ამ საწვავს სადღეისოდ მოიხმარენ სამშენებლო, სადისტრიბუციო კომპანიები. ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში მათ საწვავი დაახლოებით 15 თეთრით გაუძვირდებათ, რაც ნიშნვას იმას, რომ მათი სერვისიც გაძვირდება“, – განაცხადა ურუშაძემ.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები მთავრობას სთავაზობენ, ჩაატაროს შეხვედრა ექსპერტებთან, რომლებიც მას ევრო–5–ზე სწრაფი გადასვლის რისკების შესახებ მოახსენებენ.
ცნობისთვის: საქართველოს საწვავის ბაზარზე რუსეთი დღემდე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელების დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებს ეკუთვნით. „ლუკოილი“ რუსული ბრენდია, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის კომპანია „პეტროკასიც“, რომელიც „გალფის“ მფლობელია.