
ფორმატის ბედი უკარასინოდ
31/07/2019 17:18:56 თვალსაზრისი, ანალიზი
აბაშიძე-კარასინის ფორმატის პრაღის შეხვედრების ბედი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გრიგორი კარასინის წასვლის შემდეგ აქტიური განხილვის საგნად რჩება. გამოცემა «კომერსანტის» ცნობით, სამინისტროს კულუარებში კარასინის შესაძლო შემცვლელად საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინი დასახელდა - ერთ-ერთი იმ სამი რუსი დიპლომატიდან, რომლებიც 2007 წელს თბილისიდან გააძევეს.

კარასინის ქართველი კოლეგა – პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ხსენებული საკადრო გადაწყვეტილების კომენტირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს - “ჯერ ოფიციალურად არაფერია ცნობილიო” და არც იმას ამბობს, რამდენად კარგად იცნობს ბ-ნ ივან ვოლინკინს, თუმცა აღნიშნავს, რომ პრაღის შეხვედრები “არ არის ვინმეს .ვინმესთან პეროსნალური დიალოგი, ეს საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური, პირდაპირი დიალოგის ფორმატია და იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს”:
«ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამ ვითარებაში გვაქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ხოლო 2012 წლიდან დაწყებული - პრაღის ეს ფორმატიც, რომლის ფარგლებშიც ვაჭრობასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ბიზნესსა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ. ეს ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ამას გვირჩევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომლებიც აცნობიერებენ მარტივ რეალობას: მეზობელ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ საკომუნიკაციო არხი და დიალოგის გარკვეული დონე. რაღა თქმა უნდა, როცა პირადი, პერსონალური ურთიერთობები კარგია, ეს ნებისმიერ დიალოგს ხელს უწყობს და ვფიქრობ, ის, რომ ბ-ნ კარასინს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი, გარკვეულწილად ხელს უწყობდა ჩვენი მიზნების რეალიზებას. თუმცა პრაღის შეხვედრები – ეს არ არის ვინმეს .ვინმესთან პერსონალური დიალოგი, ეს საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური, პირდაპირი დიალოგის ფორმატია და იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს”.
ამასთან, ზურაბ აბაშიძე არ თვლის, რომ კარასინთან დიალოგში მისმა ძალისხმევამ “დათვური სამსახური” გაუწია საქართველოს ეკონომიკას, რომელიც რუსულ ბაზარს მიება.
ცნობისთვის: ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებასა და სანქციების საფრთხეზე ხშირად საუბრობენ როგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც. მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოსკენ ფრენები შეწყდა, რაც მოსკოვმა დეპუტატ სერგეი გავრილოვის ირგვლივ ამტყდარი სკანდალისა და თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების საპასუხოდ გააკეთა. ამან უკვე ჰპოვა ნეგატიური ასახვა ქვეყანაში მიმდინარე ტურისტულ სეზონზე.
«ქართული ეკონომიკა, ვაჭრობა საკმარისად დივერსიფიცირებულია, ამას ადასტურებს სოლიდური კვლევების შედეგები: რუსეთზე ჩვენი სასაქონლო ბრუნვის დაახლოებით 10-11% მოდის და ამ ფონზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გვაქვს ევროკავშირთან, რომლის წევრი ქვეყნების წილი რუსეთისასთან შედარებით, 2-ჯერ დიდია – დაახლოებით 21%. გარდა ამისა, თურქეთი ჩვენთვის #1 სავაჭრო პარტნიორია, ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია აზერბაიჯანიც. ამდენად, განსაკუთრებული დამოკიდებულება რუსული ბაზრისადმი არ გვაქვს. ამ მხრივ გამონაკლისს შესაძლოა, მხოლოდ ღვინო წარმოადგენდეს».
თუმცა ქართული ოპოზიცია ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატს იმთავითვე ეჭვის თვალით უყურებდა და მოითხოვდა, ხელისუფლებას ეს დიალოგი შეეწყვიტა და კონცენტრირება ჟენევის ფორმატზე მოეხდინა. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კარასინი შესაძლოა, ვოლინკინმა შეცვალოს, რომელიც 2007 წელს ჯაშუშური სკანდალის ფონზე საქართველოდან გააძევეს, ოპოზიცია კიდევ უფრო ააფორიაქა.
ცნობისთვის: ვოლინკინთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟების – კონსტანტინე და ცოტნე გამსუხურდიების სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ იმის მტკიცებულებად განასაჯაროვა, რომ ისინი თითქოსდა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად. 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქცია ძალისმიერი მეთოდებით დაშალეს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
«ეს იყო იმჟამინდელი ხელისუფლების სრულიად შიზოფრენიული მიდგომა. მათ მუდმივად ელანდებოდათ სახელმწიფო გადატრიალება, ჯაშუშები», – იხსენებს იმჟამინდელი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია იგი ამბობს, რომ იმხანად თბილისში მომუშავე ვოლინკინთან დაკავშირებული სკანდალური აუდიოჩანაწერები მამამისს ეხებოდა:
«ივან ვოლინკინთან ამ თემაზე გვქონდა საუბარი. მე კონკრეტულად როსტოვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები მაინტერესებდა. ეს 2007 წლის მარტში ხდებოდა, როდესაც გროზნოში ზვიადის საფლავის მიკვლევის შემდეგ იგი თბილისში გადმოასვენეს. მაშინ ჩატარდა მისი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ ერთადერთი ექსპერტიზა».
კონსტანტინე გამსახურდია იხსენებს, რომ მისი ძმა ცოტნე მაშინ დააკავეს კიდეც, თუმცა პატრიარქ ილია მეორეს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს და პირადად მასაც მოუწია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების კითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საქმე დაიხურა.
კონსტანტინე გამსახურდიასთვის კარასინის შეცვლის საკითხის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟი გაუგებარია:
«რატომ ვფიქრობთ, რომ ვოლინკინი კარასინზე უარესი იქნება ან უკეთესი? ვინც არ უნდა დაინიშნოს, იგი საქართველოს მიმართ იმავე პოლიტიკას გაატარებს, რომელსაც რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა აწარმოებს”.
ილუზიები არც ცოტნე გამსახურდიას აქვს, რომელსაც ივან ვოლინკინთან თბილი ურთიერთობები აკავშირებს.
“ივანემ პირადად მომიტანა მამაჩემის ექსპერტიზის საბუთები. არ მახსოვს მისი მხრიდან ქართველი ხალხის ან სახელმწიფოს მიმართ შოვინისტური დამოკიდებულება. როდესაც მისი შესაძლო დანიშნვის შესახებ შევიტყვე, გამიხარდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ჩინოსნები, ცალკეული პირები არ წყვეტენ საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას. უბრალოდ მგონია, რომ თუ ეს პირადად ვოლინკინზე იქნება დამოკიდებული, რუსულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოს კიდევ უფრო მეტი დემონიზაცია არ მოხდება”, - დასძენს ცოტნე გამსახურდია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021