Accentnews.ge
თბილისი საგარეო პოლიტიკურ მიდგომებს ცვლის?

თბილისი საგარეო პოლიტიკურ მიდგომებს ცვლის?

25/08/2021 13:28:35 ინტერვიუ, ანალიზი

მიუხედავად უკრაინასა და საქართველოს წინაშე არსებული საერთო გამოწევებისა და რიტორიკის დონეზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე აქცენტირებისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბოლო 9 წლის განმავლობაში პაუზა შეინიშნებოდა, რასაც პროცესზე დამკვირვებლები საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცდომად აფასებდნენ და ამ მიმართულებით ხშირად ისმოდა კრიტიკა არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როდესაც ურთიერთობებში ერთგვარი დინამიკა გაჩნდა: შედგა, მათ შორის, უმაღლესი დონის ვიზიტები, უკრაინას ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად სტუმრობდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი და რუსეთის მიერ „უკიდურესად არამეგობრულ“ ღონისძიებად შეფასებულ „ყირიმის პლატფორმაზე“ კრემლის აგრესიით დაზარალებული ორი ქვეყნის საერთო პრობლემატიკაზე ისაუბრა. საყურადღებოა, რომ პრემიერს თან ახლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც, რამაც სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით გარკვეული სიახლეების მოლოდინი შექმნა. ხსენებულმა დინამიკამ გააჩინა კითხვა, მაინც რითაა განპირობებული თბილისის ამჟამინდელი პოზიციონირება და უნდა აღვიქვათ თუ არა ის „რუსეთის არგაღიზიანების“ პოლიტიკისდან გადახვევად? საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიდგომებში ცვლილებები შეაქვს?

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი „აქცენტთან“ ამბობს, რომ „საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმაში არის შეხსენება იმ ინტერესებისა, რომელთაც საბჭოთა კავშირის ის ყოფილი ერები იზიარებენ, რომლებიც დასავლურ დემოკრატიულ მომავალს აშენებენ“.

„დადგება ის დროც, როდესაც შავი ზღვა გახდება შესაძლებლობების რეგიონი. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიისა და ოკუპაციის პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. ამავდროულად, აშშ და ნატო–ს სხვა წევრები უნდა მუშაობდნენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კრემლის პროვოკაციების შესაკავებლად და აღსაკვეთად“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი პოლ გობლიც პოზიტიურად აფასებს თბილისის გადაწყვეტილებას, ყირიმთან დაკავშირებით უკრაინისა და დასავლეთის პოზიცია გაიზიაროს:

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკა, რათა საქართველომ მიაღწიოს სრულიად გონივრულ მიზანს – საბოლოოდ გაწევრიანდეს ნატო–სა და ევროკავშირში. თუმცა მოკლევადიან პერიოდში ეს შესაძლოა, არ მოხდეს. რაც შეეხება რუსეთის არგაღიზიანების საკითხს, თუ საქართველოს სურს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, ეს რუსეთს გააღიზიანებს. გაღიზიანების თავიდან აცილების გზა კი არ არის ის, რომლითაც თბილისი ამჟამად ხელმძღვანელობს",– უთხრა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინასა და რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი კი პროცესის ცალსახა შეფასებას არ ჩქარობს და გვირჩევს, მოვლენებს დავაკვირდეთ, ფიქრობს რა, რომ ერთია ვიზიტები (რაც ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს), სწორად პოზიციონირებაც, მაგრამ მეორე – პარტნიორობის კონკრეტულ ქმედებებში კონვერტირება. ჩეჩელაშვილის აზრით, არსებობს ორი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ საქართველო–უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად „ისხამს ხორცს“ და შემდეგ ხარისხში გადადის:

  • საქართველოს პოლიტიკის „დიდი შვიდეულის“ პოლიტიკასთან კოორდინირება;
  • რუსეთიდან ხორბლის იმპორტის უკრაინაში წარმოებული ხორბლით ჩანაცვლება.

„დიდ შვიდეულზე“, საქართველოსგან განსხვავებით, ყოველთვის აღნიშნავენ უკრაინის პრობლემატიკას, მკაფიოდ უჭერენ მხარს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შედგება, ერთ–ერთი მაჩვენებელი ისიც იქნება, რომ ჩვენი პრობლემატიკა „დიდი შვიდეულის“ დღის წესრიგში გაჩნდება. დიდი ხანია, უკრაინელები ამ მიმართულებით მხარდაჭერას გვთავაზობენ“,– განმარტავს „აქცენტთან“ ჩეჩელაშვილი და იქვე დასძენს, რომ მისთვის დიდი კითხვის ნიშანია, რატომ რჩება ოფიციალური თბილისის ყურადღების მიღმა აღნიშნული შეთავაზება, მით უფრო, რომ ცნობილია უკრაინის დიპლომატიის რესურსები, პოტენციალი და საქართველოსთან ყველა დონეზე მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება:

„ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს: ან საერთაშორისო ურთიერთობების პალიტრაში „დიდი შვიდეულის“ ინსტიტუტის მნიშვნელობა ვერ დაინახეს (რაც რთულად ასახსნელია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი პროფესიონალი მუშაობს); ან გარკვეულ მომენტში ჩაითვალა, რომ რუსეთთან მკაფიო დაპირისპირებას პრობლემების ორმხრივი ურთიერთობების ფორმატებში გადაწყვეტა სჯობს, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა“.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, ჩეჩელაშვილი გვახსენებს, რომ საქართველოში ხორბლის 90% სწორედ მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან შემოდის, რაშიც ქვეყანა ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარს ხარჯავს.

„ოკუპანტ ქვეყანაზე ამგვარი დამოკიდებულება, მით უფრო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტით, დაუშვებელია!“.

გარდა ამისა, ჩეჩელაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს „მიძინებული სამხედრო–პოლიტიკური თანამშრომლობის კომპონენტის გაცოცხლებას“, იგივე „დრონების“ თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას:

„როდესაც ელჩი ვიყავი, იმ პერიოდიდან მახსოვს, რამდენად გვეხმარებოდა უკრაინა სასაზღვრო ძალების აღმშენებლობის პროცესში. ბოლო პერიოდში,. როდესაც ჩვენი ურთიერთობების ხარისხი დაეცა, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ სამხედრო–ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობა დაპაუზდა“.

ანალიტიკოსის დასკვნით, თუ მის მიერ ხსენებული ხელშესახები ინდიკატორები რეალურად გამოჩნდა, „ეს იქნება ნიშანი, რომ მმართველმა პარტიამ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი სტრატეგია გადაიაზრა და დაასკვნა, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, რუსეთთან ურთიერთობები კონსტრუქციულ კალაპოტში გადაეყვანა, მიდგომამ რესურსი ამოწურა და უნდა გადავიდეთ საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეპტუალურ საწყისებზე“.

ჩეჩელაშვილი ელის, რომ ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შედეგები რამდენიმე თვეში გამოჩნდება:

„კარგია, რომ პრემიერი კიევში ჩავიდა; კარგია რომ „ყირიმის პლატფორმას“ დაესწრო; კარგია, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები გავცვალეთ, ახლა უკრაინელების ჯერია, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ განცხადებები არაა – პარტნიორობა არის საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში დღის წესრიგის გაზიარება, ერთმანეთის დახმარება და ერთიანი ფრონტით დადგომა საერთო საფრთხისა და გამოწვევის წინააღმდეგ, რომელიც მოცემულ მომენტში რუსეთია. გარკვეული იმედები გაჩნდა და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S