
გერმანიამ რუსული ფლოტისთვის განკუთვნილი ძრავების მომსახურებაზე უარი განაცხადა
24/08/2021 19:02:02 ევროპა
რუსული მრეწველობის ირგვლივ ტექნოლოგიური სანქციების წრე ვიწროვდება: გერმანიამ რუსული ფლოტისთვის განკუთვნილი ძრავების მომსახურებაზე უარი განაცხადა, - იუწყება finanz.ru.
მისივე ინფორმაციით, "ავიაპრომის" კვალდაკვალ, რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებების ამკრძალავი საექსპორტო კონტროლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია - სახელმწიფო ჰოლდინგი, რომელიც 40 სხვადასხვა საწარმოს აერთიანებს.
უცხოური კომპანიები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს რუსული საწარმოების მიერ მიწოდებული სათადარიგო ნაწილების მომსახურებაზე, - განაცხადა ამასწინათ გამართულ ბრიფინგზე კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსი რახმანოვმა.
«პრობლემა ყოველდღიურად იზრდება, უცხოეთიდან პროდუქციის მოწოდებები იგვიანებს, უცხოელი პარტნიორების მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევებიც გახშირდა. ახლა შეიქმნა სირთულეები გერმანულ ძრავებთან დაკავშირებით" - აღნიშნა მან.
რუსეთის სტატისტიკისა და ინოვაციების მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, რუსული საწარმოების მოწინავე ტექნოლოგიების თითქმის მესამედს ქვეყანა უცხოეთში ყიდულობს. ამასთან, 2011-18 წ.წ. პერიოდში ტექნოლოგიური დამოკიდებულება მუდმივად იზრდებოდა: იმპორტის წილმა 21,1%-დან 29,3%-ს მიაღწია.