
EU-ს გეგმით, საქართველო 5 წელიწადში 3.9 მილიარდ ევროს მიიღებს
07/07/2021 12:27:24 ევროპა
ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, 17 მილიარდ ევროს გაუკეთოს მობილიზება აღმოსავლეთ სამზობლოს რეგიონის ეკონომიკის აღდგენისთვის.
„2,3 მილიარდი ევრო იქნება გრანტის სახით, დანარჩენები პროექტებისა და ინვესტიცების სახით, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდავთ. მიზანია, სამეზობლოს ქვეყნებს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დავეხმაროთ და მივეხმაროთ საქართველოს, კრიზისის შემდეგ უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნაში. ამაზე ჩვენ საქართველოს მთავრობებთან ერთად ვმუშაობდით, რათა მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა. 5 გარდამტეხი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა საქართველოსთვის, არის ამ თანამშრომლობის შედეგი. ჩვენ არ გვინდა ისეთი რამე შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ. მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ“,– განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, პორემიერთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მთავარი სისუსტე დაკავშირებადობის არქონაა, იქნება ეს გზები და რკინიგზა, შავი ზღვის რეგიონის გამოუყენებელი პოტენციალი, დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტენტეტ ქსელებთან:
„ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია, საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც ეს გამოწვევა დაკმაყოფილდება, შეიქმნება დაკავშირებადობა, მცირე და საშუალო საწარმოების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე და ასევე, საქართველო წარედგინება ახალ მწვანე კონცეფციას. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რამოდენიმე ეტაპს გადაახდეტს. საქართველო ამ გეგმით შეძლებს, მინიმუმ 3.9 მლიარდი ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს 1/3 იმისა, რაც ქვეყანას კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის დახმარების დიდი პაკეტი, თუმცა ყველა ჩვენგანისთვის უშველებელი ამოცანა. ჩვენ ერთად დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს პრაქტიკაში დავნერგოთ. პრემიერთან ვისაუბრეთ ძლიერი ინსტიტუტების აუცილებლობაზე, რომლებიც შეძლებენ ამ პროგრამის განხორციელებას“.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტები 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოსახლეობისთვის რეალური ცვლილებების განხორციელებას შეძლებენ და ქვეყანაში რეალობა ხალხისთვის შეიცვება, რომელთაც სურთ შრომა.