
"ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო, როგორც სატრანზიტო კვანძი, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება"
25/06/2021 09:43:20 საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ფოთში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ევროკავშირი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო კავშირებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე.
მიივე თქმით, "ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო, როგორც სატრანზიტო კვანძი, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება"
„ევროკავშირის ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გრანტებით აშენდა, ან შენდება - აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის 156 კმ სიგრძის მონაკვეთი. წელს, ევროკავშირმა საქართველოს რკინიგზასთან ერთად დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რკინიგზის სექტორის უსაფრთხოების, საოპერაციო თავსებადობის, ორგანიზებისა და რეგულირების გაძლიერებას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო კვანძის, მიმზიდველობას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და მთავრობასთან იმისათვის, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩვენი ექსპერტების დახმარებით, ამ სფეროში ევროკავშირის ბევრი საკანონმდებლო აქტის გადმოღებამ ხელი შეუწყო საზღვაო სექტორში უსაფრთხოების, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები მსოფლიოში უკვე აღიარებულია, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, სამუშაო პირობები უფრო უსაფრთხო, ხოლო საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. საზღვაო სექტორში მომუშავე ყველა ადამიანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. თუმცა, ჩვენ აქ არ გავჩერდებით. გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებმა, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, მოამზადეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც საზღვაო სექტორის წამყვან მიმართულებებში განსაზღვრავს სტრატეგიული განვითარებისა და ზრდის მიზნებს აღნიშნული დარგის გაძლიერებისა და მომავალი გამოწვევებისთვის მისი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეგულარული სატვირთო საბორნე კავშირების განვითარებაზე. ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე. დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, ჩვენ მოვამზადეთ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე მდებარეობენ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.