
როგორ იყენებს კრემლი ჰიბრიდულ ომში რუსულ პასპორტებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ
14/06/2021 12:00:48 ანალიზი
უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული „პასპორტიზაცია“ 2.9 მილიონ უკრაინელს შეეხო. 2020 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ გააჟღერა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური მესიჯი, რომლის მიხედვით რუსეთი ყოველთვის იცავდა და დაიცავს რუსების ინტერესებს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.
ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა უკანონო სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად საქართველოშიც გამოიყენა და უკრაინაშიც. ეს გასაკვირი არც არის, რუსეთი ხომ დიდი ხანია, საერთაშორისო სამართლის ნორმების საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობს.
„პასპორტიზაცია“ რუსეთმა ფორმალურად 2002 წელს დაიწყო, როდესაც მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო. თუმცა, ამ მეთოდს მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ 1999 წლიდან იყენებდა. „პასპორტიზაცია“ თავდაპირველად ბალტიის რეგიონის ქვეყნებზე იყო გათვლილი, ყველაზე მეტად კი – ლატვიასა და ესტონეთზე. გავლენის შენარჩუნებისთვის კრემლმა ბალტიისპირეთში მცხოვრები უამრავი, მოქალაქეობის არმქონე პირის კაპიტალიზაცია მოახდინა და მათ რუსული პასპორტები დაურიგა. მოგვიანებით, ბალტიის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის შესაჩერებლად სწორედ ეს ახალი, რუსეთის მოქალაქეები გამოიყენა და მათ სხვადასხვა დროს რეგიონის ევროატლანტიკური მისწრაფებების გაპროტესტებას ავალებდა. ასე იქმნებოდა ილუზია, თითქოს, ამ ქვეყნების მოქალაქეების დასავლეთის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ერთიანი და მყარი არ იყო, თუმცა, საბოლოოდ, რუსეთს ბევრი არაფერი გამოუვიდა.
2020 წლის გაზაფხულზე რუსეთმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა. კრემლმა ორმაგ მოქალაქეობაზე აკრძალვა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებისთვის მოხსნა. ეს ცვლილებები შეეხო მოლდოვას, უკრაინას, ბელარუსსა და ყაზახეთს.
გაერო-ში უკრაინის მისიის მუდმივი წარმომადგენლობის პრესცენტრმა ალექსეი რეზნიკოვის განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია დონბასში 400’000მდე, ყირიმში კი 2.5 მილიონამდე უკრაინელისთვის იძულებით რუსული პასპორტების დარიგებაზე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაისში დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში 527,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა, ერთ მილიონამდე გაიზარდოს. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რუსეთის პრეზიდენტის არალეგიტიმური კანონი, რომელიც მარტში შევიდა ძალაში და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს საკუთრების უფლებას უზღუდავს. ეს კიდევ ერთი ზეწოლის იარაღია და უფრო მეტი უკრაინელის რუსად გადაქცევის მიზანს ემსახურება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს შემთხვევა განსხვავდება უკრაინისგან, რადგან ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ირიბი ეთნიკური კავშირიც კი არ აქვთ რუსეთთან.
რუსული „პასპორტიზაცია“ რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად, რუსეთი გამარტივებული პროცედურების საშუალებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მოკლე დროში, იმ ქვეყნის სამართლებრივი თანხმობის გარეშე, რომლის ტერიტორიაზეც „პასპორტიზაცია“ ხორციელდება, ასიათასობით ადამიანს რუსეთის მოქალაქეობას ანიჭებს, შემდეგ კი ამტკიცებს, რომ მათი დაცვის ვალდებულება აქვს, თანაც – აუცილებლად სამხედრო ინტერვენციის გზით. „პასპორტიზაციის“ თავისი არსით სრულად ემთხვევა კრემლის მიდრეკილებას, თავის ნებაზე განმარტოს საერთაშორისო სამართალი იქ, სადაც და როგორც მოესურვება. კრემლი თავად და უკანონოდ ქმნის წინაპირობას და შემდეგ არასწორ სამართლებრივ არგუმენტებს არგებს. არასწორს იმიტომ, რომ, საერთაშორისო სამართლით, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივი კავშირი უნდა არსებობდეს, ნატურალიზირებული მოქალაქე მჭიდრო კავშირში უნდა იმყოფებოდეს მოქალაქეობის გამცემ ქვეყანასთან. ასეთი კავშირი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ასიათასობით ადამიანსა და რუსეთს შორის ფიზიკურად ვერ იარსებებს, ამიტომაც, მოსკოვს ახლადგაჩენილი, რუსეთის მოქალაქეების დიპლომატიური გზებით დაცვის უფლებაც კი არ აქვს, არათუ სამხედრო გზით.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ქართველი სამხედროები ცხინვალში რუსი სამშვიდობოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის აქტში დაადანაშაულა და დასძინა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედვედევის განცხადება განავრცო და საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა, რაც, კრემლის აზრით, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად მოსკოვს თავდაცვის უფლებას ანიჭებდა. აგვისტოს ომის შემსწავლელმა საერთაშორისო დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის „პასპორტიზაციის“ პოლიტიკა ფაქტობრივი კავშირის გარეშე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პასპორტების დარიგებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა.
2008 წლის ომის შემდეგ, უკრაინელი პოლიტიკოსები ქვეყნის ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით, ყირიმში რუსეთის მოქალაქეების მზარდი რიცხვის გამო ღელავდნენ. უკრაინის კანონით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული იყო, თუმცა, სიმფეროპოლში რუსეთის საკონსულო მაინც აქტიურად არიგებდა პასპორტებს. უკრაინელების შიში, რომ საქართველოს მსგავსად მათთანაც რუსეთი მოქალაქეებს სამხედრო ინტერვენციისთვის გამოიყენებდა, გამართლდა. 2014 წელს, ფაქტობრივად, ისტორია განმეორდა და ახლა უკვე კარგად დაგეგმილი „პასპორტიზაციის“ მსხვერპლი უკრაინა გახდა. ყირიმის ანექსიას მასიური „პასპორტიზაცია“ უძღოდა წინ. 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, რუსეთის ოფიციალური პირები ღიად საუბრობენ სეპარატისტული რეგიონების ინტერესების დაცვის შესახებ. 2019 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მინიჭების შესაძლებლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. პირველი პასპორტები 2019 წლის 14 ივლისს გაიცა. 2021 წლის 8 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გავლენიანმა მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა, რომელიც უკრაინის მიმართულებას კურირებს, ღიად განაცხადა, რომ „რუსეთი შეიძლება, აიძულონ, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები დონბასში და რუსეთი ამას გააკეთებს.“
საერთაშორისო საზოგადოება მეტი სერიოზულობით უნდა მოკიდებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სერგეი ლავროვის განცხადებებს: „ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ღირსებას დავიცავთ ყველგან, სადაც უნდა იყვნენ ისინი.“ ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელი 2008 წელს აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენება კრემლისთვის პრინციპის საკითხი იყო. რუსეთმა, ერთი მხრივ, საკუთარი მოქალაქეების ქვეყნის შიგნით დაცვის უფლებასა და ვალდებულებას, მეორეს მხრივ კი, საზღვრებს გარეთ მოქალაქეების დაცვის უფლებას შორის ზღვარი მიზანმიმართულად წაშალა. რუსული „პასპორტიზაცია“ კრემლის ინსტრუმენტია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე გავლენის შესანარჩუნებლად, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების უკანონოდ განსათავსებლად. რაც მთავარია, უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში რუსეთის ანექსიისთვის წინაპირობას ქმნის და, აუცილებლობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვს სამხედრო ჩარევის ლეგიტიმაციის შესაძლებლობას აძლევს. ამიტომაც, მზარდი რუსული „პასპორტიზაცია“ ახლა უკრაინისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს და ევროპის სტაბილურობას ემუქრება.
/ნატალია ჭანია