
"საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირება და კანონის უზენაესობის განმტკიცება"
17/02/2019 18:33:57 თვალსაზრისი, ინტერვიუ
„აქცენტის“ ექსკლუზიური ინტერვიუ NATO–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
– ბატონო სტოლტენბერგ, ცოტა ხნის წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. როგორც მის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეთ, ალიანსი აღიარებს „საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და გრძელდება მუშაობა საქართველოს საბოლოო წევრობისთვის“. მინდა, გკითხოთ, სადღეისოდ კონკრეტულად რომელი მიმართულებით იკვეთება პრობლემები და კიდევ რა კონკრეტულ საკითხებზე აქვს სამუშაო საქართველოს, რომ ალიანსის კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილოს?
– გასულ კვირას ალიანსის მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის NATO–ში გაწევრიანების პროტოკოლს. მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრი ქვეყნები პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ, ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად გახდება ორგანიზაციის რიგით ოცდამეათე წევრი. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ NATO–ს კარი ღიაა დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც ვაშინგტონის ხელშეკრულების ერთგულნი არიან.
რაც შეეხება საქართველოს, სადღეისოდ ქვეყანამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებაზე. მართალია, საქართველომ უკვე განახორციელა შთამბეჭდავი რეფორმები, მაგრამ რეფორმირების პროცესი კვლავ უნდა გაგრძელდეს. ამ მიმართულებით ქვეყანა ალიანსისგან უპრეცედენტო მხარდაჭერასა და დახმარებას იღებს.საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის. NATO საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს და მოვუწოდებ საქართველოს განაგრძოს ყველა ამ შესაძლებლობის სრულყოფილად გამოიყენება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ალიანსს.
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ეს კი გულისხმობს სასამართლო სისტემის რეფორმირებას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობის NATO-ს სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.
სადღეისოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება, რომ მოემზადოს წევრობისთვის.ვგულისხმობ, კერძოდ, იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელსაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები საქართველოს როგორც ექსპერტების დონეზე, ასევე ფინანსურ დახმარებას უწევენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყანას, აამაღლოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.
მოუთმენლად ველით NATO-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვას, რომელიც მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი. ეს სწავლება არა მხოლოდ ალიანსის ერთგულების გამომხატველია საქართველოს მიმართ, არამედ აჩვენებს, რამდენად გაუჯობესდა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა.
– როგორც ცნობილია, კრიტერიუმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიის განვითარებაა. საქართველოში გასული წლის ბოლოს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის – ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ. როგორ შეაფასებდით საქართველოს სადღეისო მდგომარეობას დემოკრატიული განვითარების მიმართულებით?
- მისასალმებელია, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ხელისუფლების მიერ კარგად იყო ორგანიზებული. ეს არჩვენები ეუთო-მ თავისუფლად და სამართლიანად შეაფასა. თუმცა აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს სახეზე იყო მწვავე დაპირისპირება. მჯერა, მთავრობა ეუთოს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ყველა გამოვლენილ ხარვეზს მომავალი არჩევნებისთვის გამოასწორებს და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.
მოხარული ვარ, რომ NATO–ში ვუმასპინძლე პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. მოუთმენლად ველი მასთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ქვეყანაში რეფორმების განხორციელების კუთხით.
–როგორც ბრიფინგზე აღნიშნეთ, ალიანსმა ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე გააძლიერა წარმოდგენილობა შავ ზღვაში. თუმცა ქერჩის მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს არ არის საკმარისი რეგიონში რუსეთის ქმედებების აღსაკვეთად. გეგმავს თუ არა ალიანსი რაიმე დამატებითი ზომების მიღებას?
–შეშფოთებულები ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის ზრდით. შავი ზღვის უსაფრთხოება NATO-ს პრიორიტეტია. სამი მოკავშირე – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, ასევე ჩვენი ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა ზღვისპირა სახელმწიფოები არიან. რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია მთელი რეგიონის სტაბილურობას უთხრის ძირს. და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს NATO–სა და საქართველოზე.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, ალიანსმა გაზარდა თავისი წარმოდგენილობა შავ ზღვაში. სადღეისოდ NATO–ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. NATO–ს შავ ზღვაში დიდი წარმოდგენილობა აქვს და ალიანსი რეგიონში ჩვენი წარმოდგენილობის დონის სათანადოობის შეფასებას განაგრძობს.
2018 წელს NATO–ს გემებმა 120 დღე დაჰყვეს შავ ზღვაში, მაშინ, როცა 2017 წელს - მხოლოდ 80. ამასთან, ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა და ამერიკულმა გემებმა „HMS Echo“ და „USS Fort McHenry“ შავ ზღვაში წვრთნები ჩაატარეს. გარდა ამისა, NATO–ს ეგიდით რამდენიმე მოკავშირე რეგიონში საჰაერო პატრულირებას ატარებს. ამასთან, მოკავშირეები რეგულარულ ფრენებს ახორცილებენ შავი ზღვის თავზე.
ვაფასებთ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ვაძლიერებთ საქართველოსთან თანამშრომლობას ქვეყნის სანაპირო დაცვის ერთეულების მომზადებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ NATO–ს საზღვაო სარდლობა თანამშრომლობს საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრთან.
– ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდა. თესავენ აზრს, თითქოს NATO-ში ჩვენი სწრაფვა იწვევს რუსეთთან კონფლიქტს და „თუ წყნარად ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება". თქვენი აზრით, არის თუ არა რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ აგრესიის რეალური მიზეზი NATO-ში სწრაფვა?
- საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, უფლება აქვს, თავად აირჩიოს, რომელ ხელშეკრულებას ან ალიანსს შეუერთდეს. ეს ფუნდამენტური პრინციპი დაცულია საერთაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის - „ჰელსინკის დასკვნითი აქტით“ და NATO–სა და რუსეთს შორის გაფორმებული „დამფუძნებელი აქტით“, რომლებსაც რუსეთი აწერს ხელს. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, NATO–ში გაწევრიანების საკითხში ჩაერიოს. ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა პატივი უნდა სცეს ამ პრინციპს.
ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ სადეზინფორმაციო კამპანიების მიმართ, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოებებისა და ჯარის წინააღმდეგ. სადეზინფორმაციო კამპანია და პროპაგანდა ჰიბრიდული საფრთხეების ნაწილია, რომლის წინაშეც სადღეისოდ ვდგავართ. ეს საფრთხეები ასევე მოიცავს დახვეწილ კიბერშეტევებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას. NATO–ს მოკავშირეები რუსეთის ჰიბრიდულ გამოწვევებს პასუხობენ. ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა ამ გამოწვევებზე რეაგირება შეძლონ. აქტიურად ვუპირისპირდებით პროპაგანდის ფაქტებს - იქნება ეს გავრცელებული ზეპირი, ბეჭდური თუ ონლაინ გზით.
-რუსეთის ხელისუფლების კვალდაკვალ, NATO-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებიც. სოხუმსა და ცხინვალში ამბობენ, რომ საქართველოს NATO–ში არათუ გაწევრიანება, სწრაფვაც კი მათთვის პირდაპირი საფრთხეა. რას იტყოდით აღნიშნულთან დაკავშირებით?
–კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, უფლება აქვს, თავად აირჩიოს მომავალი. ალიანსი მხარს უჭერს ყველა მისი პარტნიორის უფლებას, თავად გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხში. რეალურად, საკითხი ასე დგას: რუსეთი საქართველოს არჩევანის უფლებას პატივს არ სცემს.
NATO–ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და შეწყვიტოს სხვადასხვა სახის ქმედებები ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ. რუსეთის ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ეუთოს პრინციპების და მის მიერვე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. NATO მტიკიცედ უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზეა მიმართული.
მივესალმებით საქართველოს ერთგულებას კურსისადმი, გადაჭრას კონფლიქტები ძალის არგამოყენების გზით გადაჭრას. ამასთან, მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას, ნდობის აღდგენის გზით დაამყაროს კომუნიკაცია ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
მარიკა ჩუბინიძე
საინფორმაციო საააგენტო „აქცენტი“
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021