
რუსული თანამგზავრებისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი საზღვარგარეთ გაიქცა
15/05/2019 10:23:01 სხვა, მსოფლიო
რუსეთის კოსმოსური ხელსაწყომშენებლობის სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი იური იასკინი ორგანიზაციაში აუდიტორული შემოწმების ფონზე საზღვარგარეთ გაიქცა.
აღნიშნული ინსტიტუტი რუსული სამხედრო ტექნიკისა და კოსმოსური თანამგზავრებისთვის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებისთვის ელექტრონულ ბაზებს ქმნის. იასკინმა რუსეთი მივლინების მოტივით დატოვა და უკვე უცხოეთიდან გამოაგზავნა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, – იუწყება რუსული მედია.
ირკვევა, რომ საწარმოს საიდუმლოების რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელმა ქვედანაყოფმა იასკინზე უცხოეთის პასროტი სამუშაო მივლინებისთვის აპრილში გასცა.
წლის დასაწყისიდან სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მასობრივი აუდიტი დაიწყო, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის 14 საქმე აღიძრა. როგორც რუსული მედიის წყაროები იუწყებიან, იასკინი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება. თავად საწარმოში მომხდართან დაკავშირებით ჯერ –ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.