
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა
18/07/2019 17:12:27 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა და ლიდერებმა სტუმრებს არაერთი საინტერსო მუსიკალური და საცეკვაო ნომერი წარუდგინეს. ბანაკის გახსნის ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნითა და ფოიერვერკებით დასრულდა.
"ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა შალვა ძინძიბაძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ.
რობოტექნიკის ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 1500-მდე მოსწავლეს უმასპინძლებს. მოსწავლეთა ნაკადი ყოველ კვირას განახლდება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილია მრავალფეროვანი, სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. ისინი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგებისა და სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით გაივლიან ელექტროობის, რობოტექნიკისა და სამხედრო სწავლებებს. ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ელექტროდეტალების შექმნაში. სწავლება ეფუძნება STEM-ის საგნებს და მისი მიზანია მოსწავლეებს არა მარტო ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება და მართვა, არამედ მათი კონსტრუირება, დაპროგრამება და დასახულ მიზნებზე მორგება შეძლონ. დღის მეორე ნახევარი დატვირთულია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ფიზიკური და ინტელექტუალურ აქტივობებით.
აღსანიშნავია, რომ ერთკვირიანი პროგრამის ერთი დღე სამხედრო თემას ეთმობა. მოსწავლეებისათვის სამხედრო მოსამსახურეები შეიარაღების გამოფენას მოაწყობენ. გამოფენის შემდეგ კი ბავშვებს ქართული ჯარის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის საკითხებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებენ რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკს. მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში", –ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021