Accentnews.ge
ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?

ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?

17/05/2021 11:06:24 ინტერვიუ

ჯერ კიდევ დილით დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი ირწმუნებოდა, ქალაქში სიმშვიდეაო, მაგრამ დღის პირველ ნახევარში დმანისი დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა: საყოფაცხოვრებო ნივთებით, ქვებით შეიარაღებული თანამოქალაქეები არღვევდნენ პოლიციის კორდონებს და ერთმანეთს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე უპირისპირდებოდნენ.

ამ დროისთვის ქალაქში პოლიციის გაძლიერებული ძალებია მობილიზებული, დმანისის შესასვლელი განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი, ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

რა მოხდა დმანისში – ინციდენტის პირველი ეპიზოდი

როგორც თვითმხილველები ყვებიან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ქართველი (სვანები) დმანისის ბაზართან მდებარე ერთ–ერთ მაღაზიაში მივიდნენ, რომლის მესაკუთრეც ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ლუდის ვალად გადაცემა მოითხოვეს ისე, რომ მისი გასტუმრების ვადა არ დაუკონკრეტებიათ. გამყიდველმა ქალმა მათ განუმარტა, რომ მაღაზიის მეპატრონის გარეშე პროდუქტის უსასყიდლოდ გაცემის უფლება არ ჰქონდა. ქალი იხსენებს, რომ მისი არგუმენტაციით ახალგაზრდები გაღიზიანდნენ, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და მას სცემეს. 72 წლის კაცს 25 წლის ბიჭები ურტყამდნენ, წარმოგიდგენიათ ასაკიანი ადამიანის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება?!“.

როგორც ირკვევა, პირველი ეპიზოდი ამგვარად ამოიწურა, თუმცა შემდეგ ქართველები უკან ადამიანთა ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, მათ ადგილზე დახვდნენ აზერბაიჯანელები და დაუნდობელი ფიზიკური დაპირისპირების კადრები კი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, მედიისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. დაპირისპირებაში ფიგურირებდა ლურსმნიანი ჯოხები, ხელკეტები.

ინციდენტის მეორე დღე

როგორც ადგილობრივები ყვებიან, დღეს დმანისში აქცია იყო დაანონსებული, თუმცა აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელთა ნაწილი გუშინდელი ინციდენტის მონაწილე პირების საცხოვრებელი სახლებისკენ დაიძრა და სახლებს ქვები დაუშინეს. ამას კი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება მოყვა.

აგრესია იგრძნობოდა მედიის მისამართითაც, მათ ადანაშაულებდნენ რა ვითარების ესკალაცაში. ამასთან, როგორც ირკვევა, სვანეთიდან დმანისში ეკომიგრანტის სტატუსით ჩასახლებული მოქალაქეები მათთან მიმართებაში „ჩამოსახლებულები“ – მსგავსი ფორმულირების გამოყენებამ და ამ საკითხზე აქცენტირებამ აღაშფოთა.

ამბის ორი მხარე

მედიისთვის მიცემულ კომენტარში დმანისის მერმა ეთნიკური დაპირისპირება გამორიცხა და განაცხადა, რომ ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება კონკრეტულ ჯგუფებს შორის მოხდა. შსს–მაც მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისკენ, ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს ხელოვნურად ნუ გადაზრდით ეთნიკურ დაპირისპირებაშიო, მაგრამ მნიშვნელოვანია თავად მოქალაქეების აღქმა და ეს აღქმა ცხადყოფს პრობლების რეალურად არსებობას, თუმცა მეორე საკითხია, როგორ დაინახავს მას სახელმწიფო, რა კვალიფიკაციას მისცემს და რა ფორმით მოახდენს რეაგირებას.

მაგალითად, ქართველების ნაწილი დღეს დილით მომხდარ ინციდენტზე ამახვილებდა ყურადღებას, ამბობდნენ, რომ თავდაცვის რეჟიმში მოქმედებენ და 16 მაისის მოვლენებზე საუბრისგან თავს იკავებდა; ან ამბობდნენ, რომ პროდუქტს უსასყიდლოდ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა, თუმცა დეტალებზე აღარ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ არ იციან, რა მოხდა. მოისმენდით ამგვარ კომენტარებსაც: „ჩვენ და აზერბაიჯანელები ძმები ვართ, ყველაფერი აუცილებლად კარგად დასრულდება“; „საუკუნეებია, აქ ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, მათი უფლებები უნდა იქნეს დაცული, მაგრამ ყველას უფლება თანაბრად უნდა განისაჯოს ზოგადად, საქართველოში“; „30 წელია აქ [აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები – რედ] ცხოვრობენ და მათი მიწა–წყალი არაა. მთელი ბანდა იყო ჩამოსული ხელკეტებით და ესაა სამართალი? ესაა საქართველო?!“

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ 16 მაისის მოვლენები დაპირისპირების პირველი შემთხვევა არაა, თუმცა მსგავსი მასშტაბის აქამდე არ ყოფილა:

„ხშირად მოდიან, ქურდებად თვლიან თავს და პროდუქტს უფასოდ ითხოვენ. ახლაც იგივე მოხდა – ლუდი უნდოდათ. მათ არ უნდათ, რომ აქ აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. ნახეთ, აქ ქართველების რამდენი მაღაზიაა. მაინც და მაინც აზერბაიჯანელების მაღაზიაში შევიდნენ. წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება მსგავსი ფაქტი“.

„ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. სულ გვცემენ. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა“ – ყვებიან ადგილობრივები.

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის ინფორმაციით, კი დმანისში მცხოვრებ ქართველს ერთ-ერთი აზერბაიჯანელის მფლობელობაში მყოფი მაღაზიიდან სისტემატიურად მიჰქონდა სურსათი „ნისიად“, თუმცა თანხა არ გადაუხდია. მაღაზიის მეპატრონემ კი ფულის უკან ამოღების მიზნით საქმეში ჩარია ახლობელი ახალგაზრდები, რომელთა ნაწილიც წარმოშობით დმანისელის, აწ გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის (იგივე „გული“) აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და შეხლა-შემოხლა მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა:

„აქტიურად ხორციელდება ზარები თურქეთში მყოფ როგორც ეთნიკურად ქართველ, ისე აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდებსა“ და კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან, რათა მოხდეს ამ საქმის დალაგება და მხარეების შერიგება“.

კონტექსტი

„კანონიერი ქურდი“ „გული“, როცა 2017 წელს გამოვიდა აზერბაიჯანის გობუსტანის საპატიმროდან, თურქეთში წასვლამდე საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივად სქემები დაალაგა. სქემა ასე გამოიყურება: „გული“ და მისი კლანი უზრუნველყოფს არჩევნებზე აზერბაიჯანულ დასახლებებში „ქურდული სამყაროს“ ჩართულობას (ხმების მოგროვება, მოქალაქეების დაშინება, უბნებზე კუნთმაგარი ძველი ბიჭების მოყვანა...), ხოლო ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება ხელს არ უშლის „გულის“ აზერბაიჯანულ დასახლებებში "პალაჟენიის" დამყარებას. ამ "პალაჟენიის დამყარების" შედეგად, „გულის“ კლანის წევრები უამრავ მცირე და საშუალო ეთნიკურ აზერბაიჯანელ ბიზნესმენს სძალავენ ქურდული "ობშიაკის" ფულს. ასევე, ამ ნაბიჯის შედეგად მარნეულის ახალგაზრდობაში დაახლოებით, იგივენაირად არის პოპულარული ქურდული მენტალიტეტი, როგორც 90-იანი წლების ქუთაისში. ბავშვები მხრებზე იხატავენ ქურდულ ვარსკვლავებს, უსმენენ "ვარავსკოი" სიმღერებს და ბირჟამზე იმას განიხილავენ, როვშან ლენკარანსკი უფრო მაგარი ქურდი იყო თუ „გული“. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში მოხდა ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდებს“ (ძირითადად საბერძნეთში მყოფ წარმოშობით რუსთაველ ქურდებს) შორის ერთგვარი "ჯენტლმენური" შეთანხმება: აზერბაიჯანელი კრიმინალები არ ეხებიან ეთნიკურ ქართველ მეწარმეს, ხოლო ქართველი კრიმინალები არ ეხებიან ეთნიკურად აზერბაიჯანელ მეწარმეს“,– ყვება კვახაძე.

ინტეგრაციის პრობლემა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სამწუხაროს უწოდებს დმანისში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ქვემო ქართლში არსებობს უსამართლობის, უთანასწორობის განცდა, ინტეგრაციის საკითხების არასრულყოფილად განხორციელების პრობლემა.

ის იმედს იტოვებს, რომ ვითარება ჩაცხრება, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მხოლოდ დღევანდელი დღით არ უნდა შემოვიფარგლოთ, რადგან ინციდენტი დაგროვილი პრობლემების გამოძახილია და ის მხარეების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევით სრულად არ ამოიწურება და არც ყოფით ნიადაგზე დაწყებული ინციდენტის უგულებელყოფაა დასაშვები:

„დედამიწის ზურგზე ყველა კონფლიქტი ხშირად იწყება საყოფაცხოვრებო კონფლიქტით და ის შემდეგ წარმოაჩენს, რამდენად დიდი პრობლემებია საზოგადოებებს შორის. ამიტომ, ყოფითი კონფლიქტების უგულვებელყოფა დაუშვებელია. ეს არის ბოლო წვეთი თასში. ბევრ ფაქტორზე შეიძლება საუბარი. სწორედ ამიტომ შეიქნა სპეციალური სამინისტრო, რომლის ამოცანაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების გაანალიზება და ინტეგრაციისთვის ხელშეწყობაა. ეს საკითხები დღემდე მოუგვარებელია“.

მას მაგალითად მოჰყავს სახელმწიფოს დამოკიდებულება, როდესაც რიგი შეზღუდვები მოიხსნა საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველთათვის, აღდგომის დღესასწაულზე, თუმცა არა ნოვრუზ–ბაირამის დღესასწაულზე, მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა და თხოვნისა.

„უამრავი ფაქტორი ეწყობა ერთმანეთს“,– აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.

ზაქარეიშვილის პოლიტიკოსების როლზე ამახვილებს ყურადღებას:

„პოლიცია იქ რომაა, კარგია, მაგრამ კონფლიქტის მოგვარება მისი საქმე არაა. მის საქმე წესრიგს დამყარებაა. საჭიროა, ეს საკითხები პოლიტიკურ დონეზე გადაწყდეს. პოლიტიკოსებმა პოლიციას გადაულოცეს საქმე და თავად თბილად არიან მოწყობილები კაბინეტებში. ამ ხალხს უნდა გავუჩინოთ თანასწორობის განცდა: რისი უფლებაც აქვს დომინანტ ჯგუფს, არანაკლები უფლება აქვთ მათაც. არ უნდა იყოს განსხვავება და ეს განსხვავება არის! სწორედ ეს იწვევს შემდეგ თუნდაც ერთი ბოთლი ლუდის გამო არაადექვატურ რეაქციებს. კეთილი ვინებოთ, გავიაზროთ, რომ ეს არ არის ლუდის პრობლემა, ეს მსხვილი პრობლემაა, ხელისფლება ცდილობს, გააჩუმოს ის, ვისაც სიმართლის თქმა სურს. ამიტომ, ვფიქრობ, მედია სწორად იქცევა. აშუქებს იმას, რაც ხდება. ვინც მედიის ბრალეულობაზე საუბრობს, სწორედ ისინი არიან დამნაშავეები და არ სურთ, სიმართლის გამოაშკარავება. უნდა ესმოდეს ყველას, რომ წესებს ამყარებს სახელმწიფო და არა ჯგუფი. როგორც ჩანს, იქ გარკვეული ჯგუფი მოქმედებს, პროდუქტი ნისიად მიაქვთ, ფულს არ აბრუნებენ, პოლიციაში რეკავენ და უვარდებიან, „რატომ დარეკავო?! ეს დაუშვებელია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S