
ევროვიზიის ტრანსლაციისას თელ-ავივის დაბომბვის კადრების ჩვენება სცადეს
15/05/2019 09:15:53 სხვა, მსოფლიო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის ინტერნეტით ტრანსლაციისას კიბერიერიში განხორციელდა,– იუწყება სააგენტო „როიტერსი“.
როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ტრანსლაციისას ჰაკერებმა სცადეს, ინტერნეტში თელ-ავივის დაბომბვის ანიმაციური კადრები ეჩვენებინათ. ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომხდარში მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა.
„ჰამასის მხრიდან ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე წუთში აღვკვეთეთ“, – განაცხადეს ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელში.
პალესტინელები და მათი მომხრეები ისრაელში ევროვიზიის კონკურსის გამართვას ბოიკოტს უცხადებენ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ, ანალოგიურად მოიქცნენ. ამასთან, მათ გააკრიტიკეს ამერიკელი მომღერალი მადონა, რომელიც თელ-ავივში გუშინ ჩავიდა და კონკურსის ფინალზე იმღერებს. მიუხედავად პროტესტისა, მადონამ განაცხადა, რომ ის ევროვიზიაზე მაინც გამოვა და „არ შეწყვეტს სიმღერას, რათა ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგოს“.