
დასრულებული „სპეცოპერაცია“: კრიმინალი, პოლიტპატიმარი თუ გაფრთხილება ევროკავშირისგან?
11/05/2021 14:50:24 ინტერვიუ
სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების „სპეცოპერაცია“ (როგორც პროცესს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ უწოდა) დასრულდა და ამ ნაბიჯით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის მეორე პუნქტიც შესრულდა. თუმცა ტრადიციულად, სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები რადიკალურად განსხვავებულად წარმოუდგენენ საზოგადოებას პროცესს: მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის მიერ მელიასთვის წინმსწრებად გადახდილი გირაო სამართლებრივი პროცესის ნაწილია, ოპოზიციიდან „მოქალაქეები“ ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა უბრალოდ პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაში შეიტანა წვლილი, სხვა ოპოზიციონერი ლიდერები კი ევროკავშირის ჟესტში ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ხედავენ, აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „კრიმინალს არ გამოიხსნიდა“ საპყრობილიდან.
მიუხედავად განსხვავებული პოზიციონირებისა, ფაქტია, რომ უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე როგორც სამართლებრივი ისე პოლიტიკური კუთხით: მელიას სისხლის სამართლის პრეცედენტულ საქმეს (გირაოს გირაოთი დამძიმებითა და შემდეგ არარსებული გირაოს მოთხოვნით), კიდევ ერთი პრეცედენტი დაემატა – ევროკავშირის მიერ წინმსწრებად გადახდილი გირაოს თანხა. თავად გირაო კი მორიგ ჯერზე სასამართლომ 10 მაისს შეუფარდა მელიას; ფაქტია, რომ მელიას ელექტრონული სამაჯური ევროკავშირს დაუჯდა 40 000 ლარი და როგორც „აქცენტს“ ევროკავშირში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილების ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი უდასტურებს, მსგავს პრეცედენტს აქამდე ადგილი არ ჰქონია.
„გირაოს გადახდა მედიაციის პროცესის ნაწილი იყო. შესაბამისად, ეს გახლდათ შეთავაზება ევროკავშირის შუამავლების მხრიდან, რათა მედიაციის პროცესი გამარტივებულიყო. შუამავლების მხრიდან ეს [გირაოს გადახდა] არის მკაფიო სიგნალი, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, დაეხმაროს საქართველოს კრიზისის მოგვარებაში, როცა ამის საჭიროება დგება",– ამბობს "აქცენტთან" ევროპელი "მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრი, ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.
ამასთან, ევროპარლამენტარი პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ელის, რომ ევროკავშირს პოლიტპატიმრების საქმის განხილვა აღარ მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგნოზირებს, რომ ევროკავშირი უფრო მკაცრი იქნება:
"ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება უპრეცედენტოა, ჩემი აზრით, აჩვენებს, რამდენად ღირებულია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან. თუმცა ეს არ არის პრეცედენტი ჩვენი ქცევისა ყველას მიმართ და ყოველთვის. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად, მაგრამ არა ცალმხრივად გამოყენებისთვის. როგორც საქართველოს პარტნიორი, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ და დაგეხმაროთ განვითარებაში. თუმცა პარტნიორობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აიღოს. ასე რომ, საქმე არ ეხება მხოლოდ ევროკავშირის გაცემას და სამაგიეროდ არაფრის მიღებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორისგან ველოდები, რომ მომავალში პოლიტპატიმრების საქმის განხილვა აღარ მოგვიწევს. თუ მაინც მოგვიწევს, საქართველოს შეუძლია, არ ელოდოს, რომ ევროკავშირი კვლავ გასცემს. იგი მომავალში უფრო მკაცრი იქნება".
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი გირაოზე ევროკავშირის მცდელობის კონტექსტში საუბრობს, დაეხმაროს საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში:
"ბატონი მელიასთვის გირაოს გადახდა გამონაკლისი შემთხვევა იყო, რაც ევროკავშირის მხრიდან სერიოზულ ერთგულებას წარმოადგენს, დაეხმაროს საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ევროკავშირი მოელის, რომ ყველა ხელმომწერი მიღწეულ შეთანხმებას სრულფასოვნად და დროულად განახორციელებს. საქართველოს სანდოობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შესრულდება ხელშეკრულება. ევროკავშირის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საქართველოს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისკენ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზის ძიებისკენ, არის ორგანიზაციის ერთგულების დასტური მისი ასოცირებული პარტნიორების მიმართ".
გირაოს გადახდის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა და შეთანხმების იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს „აქცენტთან“ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე:
„ჩემი აზრით, როგორც არ უნდა აფასებდნენ მას პოლიტიკოსები, თავად შეთანხმება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმატებაა. შეთანხმებაში არსებულ პუნქტებს შორის ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი იყო მართლმსაჯულების საკითხი, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების და ვფიქრობ, ეს [გირაოს გადახდა –რედ.] იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ენმ–ს დაბრუნებას პარლამენტში, რამაც შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტების, მათ შორის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის განხორციელება უნდა უზრუნველყოს“.
ანალიტიკოსის ანალიზის თანახმად, სადღეისოდ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში მასშტაბური მიზანი არ ჩანს:
„მაგალითად, თავის დროზე გვქონდა ამბიცია, გაგვეფორმებინა ასოცირების შეთანხმება და მიდიოდა მუშაობა; იყო ვიზალიბერალიზაცია და ყველა ამ საკითხზე მუშაობდა. დღეს მსგავსი კონკრეტული ნიშნული, რასაც გვსურს, მივაღწიოთ და არის შეთანხმებული ევროკავშირთან, ჰორიზონტზე არ ჩანს. ჩვენი მხრიდან დაანონსებულია 2024 წელს წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან დადებითი მუხტი არ მოდის. არავის უთქვამს, რომ ეს განაცხადი აუცილებლად უნდა გაკეთდეს და დაგვეხმარებიან. ამას თავისი საფუძვლებიც აქვს: იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვიწევს ფუნქციონირება, ალბათ, ნაადრევიც შეიძლება, იყოს ამაზე ლაპარაკი. განაცხადი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მანამდე ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი – სახლის მშენებლობა სახურავიდან არ უნდა დავიწყოთ: გვჭირდება მართლმსაჯულების რეფორმა (ამ სასამართლოთი მსგავსი ამბიცია არასერიოზულია), კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უმცირესობების უფლებების დაცვა, სოციალური საკითხების მოგვარება. ამის შემდეგ შეგვეძლება, წელგამართულები მივიდეთ და არა მოწყალების სათხოვნელად“.