
კულება: "ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის წლები უკრაინისთვის რთული პერიოდი იყო"
06/05/2021 09:38:35 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის წლები უკრაინისთვის რთული პერიოდი იყო.
„ეს იყო რთული პერიოდი და ამ დროს ჩვენ ყველა ფოკუსირებული ვიყავით მხოლოდ ერთზე – აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნებაზე“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, კიევი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატებთანაც და რესპუბლიკელებთანაც კარგი ურთიერთობები ჰქონდეს.
2019 წელს აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებასთან დაკავშირებით ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. ამის საფუძველზე წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა. მოგვიანებით, სენატმა პრეზიდენტი გაამართლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში ვიზიტით აშშ–ის სახელმწიფო მდივანი იმყოფება. კიევში ჩასულმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.