
თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო
12/07/2019 10:26:00 სხვა, მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის ინფორმაციით, მისმა ქვეყანამ დღეს რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის პირველი კომპონენტები მიიღო, - იუწყება Reuters.
მინისტრის თქმით, კომპონენტები რუსეთიდან ანკარის სიახლოვეს მდებარე სამხედრო აეროდრომზე ჩაიტანეს და უახლოეს დღეებში მიწოდებები გაგრძელდება.
თურქეთისთვის S-400-ების მიწოდება დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც.
მისი თქმით, - "კომპონენტები თურქულ მხარეს ორმხრივ შეთანხმებებთან და ხელმოწერილ კონტრაქტებთან მკცარ შესაბამისობაში მიეწოდება".
ცნობისთვის: თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. ივნისში სანქციების ფარგლებში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა. მიწოდებები შესაძლოა, სრულად შეწყდეს S-400-თან დაკავშირებული შეთანხმების გამო, - განაცხადეს აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ანკარა დღემდე დაინტერესებულია ამერიკული გამანადგურებლების შეძენაში, თუმცა რუსული S-400-ები ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს, ამიტომაც რუსეთთან მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021