
სალომე ზურაბიშვილი რუსეთს მიმართავს
09/07/2019 10:07:57 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთს მოუწოდებს, მისივე დახასიათებით, რადიკალურ ჯგუფებს არ უპასუხოს.
„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. დღეს კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.
შეგახსენებთ, რომ კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021