Accentnews.ge
ევროპარლამენტარი კალიურანდი: "მოვუწოდებთ ოპოზიციას, გონს მოეგონ. საქართველო სტაბილურობას და შეუფერხებლად მოქმედ ინსტიტუტებს იმსახურებს"

ევროპარლამენტარი კალიურანდი: "მოვუწოდებთ ოპოზიციას, გონს მოეგონ. საქართველო სტაბილურობას და შეუფერხებლად მოქმედ ინსტიტუტებს იმსახურებს"

19/02/2021 17:23:57 პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანა სტაბილურობას და შეუფერხებლად მოქმედ ინსტიტუტებს იმსახურებს.

როგორც ევროპარლამენტარი "აქცენტთან" საუბრისას აცხადებს, ხელახალი არჩევნებისკენ მოწოდება არ არის გამართლებული და ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

"ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და მედია პოლარიზაცია, ასე ის ფაქტი, რომ საზოგადოებას აქვს უნდობლობა ინსტიტუტების მათ შორის პარლამენტისა და სასამართლო სისტემის მიმართ. ეს პოლარიზაცია და უნდობლობა კიდევ უფრო ართულებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შემდეგი რაუნდის გამართვის შესაძლებლობას. ამ კონტექსტში, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გონს მოეგონ, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და თავიდან აიცილონ რადიკალური ან პროვოკაციული განცხადებები, რამაც შესაძლოა, ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს. მაშინ, როცა 2020 წლის არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთლიანობაში უკვე შეფასდა, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კარგად ორგანიზებული, ხელახალი არჩევნებისკენ მოწოდება არ არის გამართლებული. საქართველო იმსახურებს სტაბილურობას და შეუფერხებლად მოქმედ ინსტიტუტებს, მათ შორის ისეთი პარლამენტით, რომელსაც შეეძლება თავისი კონტროლის განხორციელება მთავრობაზე და სასამართლო რეფორმის მე -4 ტალღის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებას და კანონის უზენაესობას", – განაცხადა ევროპარლამენტარმა "აქცენტთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს. გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S