
"რულოვსსა და მის თანაპარტიელებს თავს დაესხნენ"
14/05/2019 08:49:35 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ინციდენტი დადიანების სასახლის ეზოში მოხდა, როდესაც რულოვსი ადგილობრივ მედიას ინტერვიუს აძლევდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, თავდასხმაში "ქართული ოცნების" 5 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის ისინიც, ვინც რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდნენ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
გამოძიება სსკ–ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ.
სხდომის დამთავრების შემდეგ სანდრა რულოვსმა „ქართული ოცნების“ საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა, რასაც შემდეგ ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
საკრებულოს წევრები სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით მის მიერ წარსულში გამოთქმული პოზიციების გამოც დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ იგი ადრე ზვიად გამსახურდიას მომხრე არ იყო და ახლა უკვე პოზიცია შეიცვალა.
„ზვიადის მომხრე მეც გავხდი. შეიძლება ადრე არ მქონდა ასეთი წარმოდგენა და მეგონა, რომ რაღაც დაჯგუფებები იყო, რადგან 90-იან წლებში ასეთი მოსაზრება იყო ხალხში. ამაზე ვწერდი ხოლმე პარაგრაფებს, თუმცა ახლა ყველა უნდა ვიყოთ ზვიადის იდეის გამაგრძელებლები, აქ არ არის საუბარი, ვინ მოგვწონს და ვინ არა, ქვეყანაა გადასარჩენი“, – განაცხადა სანდრა რულოსვმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021