Accentnews.ge
რამდენიმე კითხვა ქართული ეკლესიისა და ლგბტ-აქტივისტების მისამართით

რამდენიმე კითხვა ქართული ეკლესიისა და ლგბტ-აქტივისტების მისამართით

05/07/2019 12:59:51 თვალსაზრისი, ანალიზი

ორიოდ დღის წინ ქართულ მედიასაშუალებებსა და შემდგომ სოცქსელებში ფაქტობრივად, ისტორიული ფოტო გავრცელდა: მასზე ლგბტ აქტივისტები მარიამ კვარაცხელია და გიორგი თაბაგარი ქართული ეკლესიის მაღალ იერარქებთან – პატრიარქის თანამოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, სექსუალური უმცირესობებისადმი ხისტი კრიტიკით ცნობილ ბოდბელ ეპისკოპოსთან, ქორეპისკოპოს იაკობთან და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, ქორეპისკოპოს თეოდორესთან ერთად არიან გამოსახულები.


როგორც ირკვევა, საუბარი აშშ-ის საელჩოს ეზოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შედგა და მას “დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ შეუწყო ხელი.

“ჩემს მიზანს მხარეებს შორის ურთიერთობისთვის საფუძვლის ჩაყრა წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, მიღება საელჩოს ეზოში იმართებოდა და ისე მოხდა, რომ გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. მე ვიცნობდი ერთ მხარესაც, მეორესაც და სიტუაციამ შესაძლებლობა წარმოშვა, ისინი ერთმანეთისთვის წარმედგინა. რაიმე თემებზე საუბარი არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ გაცნობა. თუმცა იმედი მაქვს, სამომავლოდ ეს დადებით შედეგებს მოიტანს” - განაცხადა ჩაჩავამ.

მოგვიანებით გიორგი თაბაგარმა დაადასტურა, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა შემთხვევით ისარგებლეს, რათა საკუთარი პოზიცია ქართული ეკლესიის მაღალ იერარქებამდე მიეტანათ:

“აშშ-ის დიპწარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოგვეცა შესაძლებლობა, პირველად გვესაუბრა ეკლესიის წარმომადგენლებთან. აქამდე მათთან შეხვედრას სხვადასხვა საელჩოების შუამავლობითაც კი ვერ ვაღწევდით. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა ერთ ქვეყანაში მშვიდობიან თანაცხოვრებას შევძლებთ, ჩვენ გვსურს დიალოგი და მშვიდობა, - ეს იყო ის ძირითადი გზავნილი, რომლითაც მამა შიოსთან, მეუფე იაკობთან და მამა თეოდორესთან მივედით. ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები გამოსვლის შესაძლებლობას არ გვაძლევენ, რადგან ამას [ჰომოსექსუალიზმის] პროპაგანდირებად თვლიან, ჩვენ კი ამას არ ვეთანხმებით და ამაზე ვდავობთ. ის ფორმა, რომლითაც ისინი თავის პოზიციას გამოხატავენ, მიუღებელია და საზიანო როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის, ისე  საპატრიარქოსთვის”.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე მღვდელმთავრებთან საუბარს "მნიშვნელოვან შეხვედრად" აფასებს და აცხადებს, რომ  "ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა“.

"საპატრიარქოს ნამდვილად შეუძლია, ძალადობა არა მხოლოდ დეკლარირებულად დაგმოს, არამედ მოუწოდოს ადამიანებს მშვიდობისკენ, მოყვასის სიყვარულისა და განსხვავებულობის მიმღებლობისკენ. ეს არ გვეხება მხოლოდ ქვიარ-ადამიანებს. ეს ეხებათ იმიგრანტებს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ქალებს, შშმ ადამიანებს, დევნილებს, ნარკომომხმარებლებს და უამრავ მოწყვლად ჯგუფს. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც თმის ფერის, საყურის ტარების თუ ფერადი ტანსაცმლის გამო ადამიანებს ქუჩაში სცემენ ან, უკეთეს შემთხვევაში, შეურაცხყოფას აყენებენ. ამიტომ ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს საპატრიარქოს, საზოგადოებაში არსებული სიძულვილი საგრძნობლად შეამციროს და დადგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ეს სჭირდება საზოგადოებასაც! ვკითხულობდი რეაქციებს ამ შეხვედრის შესახებ და უმრავლესობამ დადებითად მიიღო დიალოგის მცდელობა, უფრო მეტს ალბათ, გაუკვირდა, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი: აღარ უნდა ხალხს არც ტაბურეტკიანი და არც ქრისტიანობის სახელით ძალადობისკენ მომწოდებელი სასულიერო პირების ხილვა. პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ინტერესების გამტარებელი საპატრიარქოს ხილვა ხომ მით უმეტეს, ყველაზე ნაკლებად სჭირდება ახლა ქვეყანას. ყველა მიესალმება, თუ ეკლესია მშვიდობისკენ იქნება მოწოდებული, იქადაგებს სიკეთეს, სიყვარულს და საჯაროდ პოზიციონირებით არ შემოიფარგლება მხოლოდ. მოკლედ, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა", - წერს გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში.

ამგვარად, ამ შემთხვევითმა ნაცნობობამ ლგბტ თემის “ღირსების მარშის” - “Tbilisi Pride”-ის ორგანიზატორებს ეკლესიასთან დიალოგის დაწყების იმედი ჩაუსახათ. თუმცა მზადაა კი ეკლესია, ეს ურთიერთობა განაგრძოს და შეძლებენ თუ არა “ფრაიდის” თავკაცები, ეკლესია ლგბტ თემის წარმომადგენლების თვითგამოხატვის უფლებაში დაარწმუნონ? თუ ქართული ეკლესიის აქამდე არსებულ პოზიციას გავითვალისწინებთ, ეს მარტივი არ უნდა იყოს: საპატრიარქოში ხომ თვლიან, რომ “როდესაც მცირე ჯგუფი მთელი დანარჩენი მოსახლეობისთვის საკუთარი პოზიციის თავს მოხვევას ცდილობს, ეს მწვავე უკურეაქციას იწვევს, რადგან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შელახვას, მის არჩევანზე ძალადობას და, მაშასადამე, არელობისა და დაპირისპირების პროვოცირებას».

აშშ-ის საელჩოს ეზოში შემდგარი გაცნობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალური კომენტარი მხოლოდ დღეს გაკეთდა - საპატრიარქოს პრეს–სპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების სახით. ჯაღმაიძე აშშ-ის საელჩოში შემდგარ გაცნობასა და მის ამსახველ ფოტოს, მანამდე კი 20 ივნისისა და შემდგომ ქვეყანაში განვითარებულ ცნობილ მოვლენებს “ერთი და იგივე ძალის ორ სცენარად” განიხილავს, მიზნად კი “საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობის  შემცირებას” მიიჩნევს და ხაზმასმით აღნიშნავს, რომ ლგბტ თემისა და “ფრაიდის” საკითხებში საპატრიარქოს პოზიცია უცვლელია.

თავის მხრივ, ლგბტ თემში “ფრაიდის” ჩატარების იდეაზე უარს არ ამბობენ, ამასთანავე, სჯერათ, რომ ეკლესიასთან დიალოგი დამყარდება და გაგრძელდება მთელი ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ.

“ღირსების მარში” მაინც ჩატარდება და საპატრიარქოსთან დიალოგი იმისთვის გვჭირდება, რომ ეკლესიამ მოუწოდოს საზოგადოებას, ხელი აღარ შეუშალოს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების თვითგამოხატვას” - ამბობს გიორგი თაბაგარი.

მიმომხილველ თენგიზ აბლოთიას კი პრობლემა თითიდან გამოწოვილად მიაჩნია და კითხვები/პრეტენზიები აქვს როგორც ლგბტ-აქტივისტებთან, ისე ლგბტ თემის რადიკალ მოწინააღმდეგეებთან, რომელთა ზურგსუკან ეკლესიასაც მოიაზრებს.

„საქართველოში გეების ირგვლივ კვლავ ვნებათაღელვაა. თითქოს ქვეყანას სხვა საქმე არ ჰქონდეს. მთელი საქართველო ცალი ფეხით ლამის ისტორიულ სანაგვეზეა, ყველაზე ხმაურიანი აყალ-მაყალი კი სხვისი პირადი ცხოვრების ირვლივაა ატეხილი! ნათელია, რომ საქართველო, ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, გეი-აქტივისტებისა და ანტიგეი–აქტივისტების დაპირისპირების არენადაა ქცეული. ერთნიც და მეორენიც რაღაც თავის სამყაროებში ცხოვრობენ და იცავენ მათ ინტერესებს, ვინც მათგან ამას დიდად არც ითხოვს. რეალური ქართველი გეების უმეტესობა საკმაოდ წყნარად ცხოვრობს, დიდად არ იმალება, თუმცა ამჯობინებს, თავისი სექსუალური გემოვნების შესახებ განსაკუთრებით არ იხმაუროს. ირგვლივ ყველამ იცის, თუმცა ამ თემას დელიკატურად გვერდს უვლის. ამიტომაც რიგითი გეების უმეტესობა ამ მრავალწლიან ბატალიებს ერთგვარი შიშით ადევნებს თვალს – „მდგომარეობა არ გაუარესდესო“. ხალხისთვის მაინცდამაინც ახლო არც გეების მოსისხლე მტრების – პროფესიონალი ანტიგეებისა და რადიკალების პოზიციაა. რომლებიც, არსობრივად, დარბევებისა და ლინჩის წესით გასამართლებისკენ სწრაფვის გარდა, სხვა დიდად არც არაფრით არიან დაკავებულები. ქართველების დიდი ნაწილის საერთო ჰომოფობიური განწყობის მიუხედავად, რადიკალების მზაობა, კლან, ასახიჩრონ, ცოცხლად წვან და ა.შ. ჰეტეროსექსუალურ თანამეგობრობას დიდად არ იზიდავს. შედეგად  ჰომოსექსუალებიცა და ჰეტეროსექსუალებიც თავის უმრავლესობაში ამ ომს ტელევიზორებთან მოკალათებულნი ადევნებენ თვალს და ერთდერთი სურვილი აქვთ – ყველაფერი რაც შეიძლება, სწარაფად დასრულდეს“, – წერს აბლოთია.

მისივე აზრით, ლგბტ აქტივისტების ქმედებები ორი – მსოფლიო და ადგილობრივი, ქართული თვალსაზრისით შეიძლება, განვიხილოთ და პირადად მას ორივეს მიმართ კითხვები გააჩნია:

„ჰომოფობი არ ვარ და ამ კონფლიქტში ჩემთვის უპირობო მტერი თვალთმაქცი ტრადიციონალისტები და მათ ზურგსუკან ამოფარებული ქართული ეკლესიაა. თუმცა პრეტენზიები მაქვს ლგბტ აქტივისტების მიმართაც და უპირველესად – საერთაშორისოების: სულ რაღაც 20 წლის წინ დიქტატორები, უზურპატორები და სისხლისმსმელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოს თვალში რჩებოდნენ იმად, რასაც წარმოადგენდნენ, - ანუ დიქტატორებად, უზურპატორებად და სისხლისმსმელებად; მათ არაფერი ჰქონდათ სათქმელი არც თავისი ხალხისთვის, არც უცხოებისთვის, საკუთარი თავის სასარგებლოდ არანაირი არგუმენტი არ გააჩნდათ. და აი, 20 წლის წინ განვითარებულ ქვეყნებში აქტიური საქმიანობა გააჩაღა გეი–აქტივიზმმა, რომელიც რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოეგონებინათ. დიქტატორებმა, უზურპატორებმა და სისხლისმსმელებმა, კორუფციონერებმა, ქურდებმა, თაღლითებმა, პოლიტიკანებმა, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას ან უკვე არსებულის გახანგრძლივებას ცდილობდნენ, გაიაზრეს: «აგერ არ არის შანსი?! - ახლა შეიძლება, იპარო, კლა, მოისყიდო, რუინებად აქციო საკუთარი, ნორმალურ ცხოვრებას მიუჩვეველი ქვეყნები და ამისათვის მხოლოდ ერთია საჭირო – დროდადრო ევროპიდან და ამერიკიდან გეი–პარადები აჩვენო და მაქსიმალურად პათოსურად იძახო, „გინდათ, იგივე ჩვენთან მივიღოთ?! სწორედ ამას გვახვევენ თავს ამერიკელები და ევროპელები, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლიანო“...და აი, ის, ვინც ჯერ კიდევ გუშინ  სისხლისმსმელი და უზურპატორი იყო, საუკეთესო შემთხვევაში  – უნიჭო პოლიტიკოსი ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ახლა «ეროვნული იდენტობის დამცველად» და «მცირეწლოვანთა გარყვნის წინააღმდეგ მებრძოლად» გადაიქცა...  

მე მესმის გეი-აქტივისტების მოქმედების მოტივი. მათი, ცოტა არ იყოს, გადამეტებული აქტიურობა პასუხია ათასწლოვან დევნაზე, შევიწროებასა და მკვლელობებზე. მათ მიმართ უსამართლობის სიმბოლოს ჩემთვის გამორჩეული ბრიტანელი მეცნიერი ალან ტიურინგი წარმოადგენს: […] მისი წყალობით მეორე მსოფლიო ომი 1,5 წლით ადრე დასრულდა და დაახლოებით მილიონი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა არატრადიციული ორიენტაციის გამო, რომელიც XX საუკუნის 50-იან წლებში დიდ ბრიტანეთში კანონით დასჯადი იყო, სახელმწიფომ, ძეგლის დადგმის ნაცვლად, იგი […] თვითმკვლელობამდე მიიყვანა…. ალბათ, ძნელია, მსოფლიოში ამაზე დიდი უსამართლობა იპოვო და სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ მიზეზს გეებისადმი ტოლერანტული მიდგომისა, რომელიც სადღეისოდ განვითარებული ქვეყნების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. თუმცა ყველაფერს აქვს ბნელი მხარე – იმას, რაც ნორმალურ სახელმწიფოებში პოზიტიურ შედეგებს იწვევს, არცთუ ნორმალურ ქვეყნებში საპირისპირო ეფექტი აქვს: გარდა იმისა, რომ გადამეტებულმა გეი-აქტივიზმმა შანსი მისცათ მათ, ვინც საზოგადოებას წლობით «პარსავდა», საზოგადოებრივი მორალის დამცველთა იმიჯი შეეძინათ, მან ზოგიერთ ქვეყნებში რიგითი გეების ცხოვრება სულაც არ გააუმჯობესა – პირიქით, ლგბტ-აქტივიზმის თავშეუკავებელმა გაფართოებამ იქ, სადაც საზოგადოება ამისათვის საერთოდ არ იყო მზად, ჰომოსექსუალების მიმართ აგრესიის ზრდა გამოიწვია» - ....

ტრადიციულ ქართველებში ჰომოფობიურ განწყობებს იგი შემდეგნაირად ხსნის:

“ტრადიციული ქართველების თვალთახედვით, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში მათ ირგვლივ საშინელება ხდება: ტრადიციული ქართული გაგება თავისი სრული არაკონკურენტულობის მიზეზით ყველა მიმართულებით უკანა პლანზე გადადის; იცვლება ოჯახური ურთიერთობები, ახალგაზრდების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში მოხუცების როლი, საზოგადოებაში ქალის როლი და ა.შ.. გაუთავებელი ტაბუები და შეზღუდვები ფაქტობრივად უბრძოლველად დამარცხდა და დღეს ყველას შეუძლია, ისაუბროს ყველაფერზე,;არ არსებობენ არანაირი უპირობო ავტორიტეტები, ვინაიდან 1990-იანებში ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირად გაისვარა... ტრადიციული ქართველი შოკს შოკზე განიცდის, მთლიანადაა დაკარგული დროსა და სივრცეში, განვლო რა 20 წლის განმავლობაში გზა ქვეყნიდან, სადაც სილამაზის კონკურსების მონაწილეებს გრძელი კაბები და ჯინსის შარვლები ეცვათ, ქვეყნამდე, სადაც ტრანსგენდერი ღიად ყვება თავის ისტორიას ტელესტუდიაში. ცოტა ერს თუ მოუწია ესოდენ მოკლე დროში ამხელა გზის გავლა.!და ჩვენს ურა-პატრიოტებს სულ ორი “წმინდა ძროხაღა” რჩებოდათ: 1) მათი უმაქნისი, მოჩვენებით-რიტუალური რელიგიურობა, რომელსაც უკვე წყალი აქვს შეყენებული; 2) ეკლესია, თუმცა პირველად არათუ წლების, საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში ეკლესიის ღია კრიტიკა დაიწყო და მთავარი ხატება – პატრიარქი ილია მეორეც კი აღარ წარმოადგენს ხელშეუხებელ პერსონას. საბოლოო ჯამში, მათ ერთადერთი გულისჩინი დარჩათ – გეები. ამიტომაც სწორედ მათკენ ამისამართებენ ახლა მთელს თავის ცხოველურ ენერგიას, რომელიც პერსონალური წარუმატებლობებისა და შოკის ერთობლიობას წარმოადგენს იმ ცვლილებებისგან, რომლებთანაც მათ ადაპტირება ვერ შეძლეს”.

აი, ამგვარ ვითარებაში ითხოვენ, აბლოთიას შეფასებით, ლგბტ-აქტივისტები “ფრაიდის” ჩატარებას, “იმის გაუთვალისწინებლად, რომ სულ 50-იოდე წლის წინ დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალიზმი კანონით ისჯებოდა, ქართველები კი ბრიტანელებს 100 წლით მაინც ჩამოვრჩებით”. ამიტომაც, მისი აზრით, სულაც არაა გასაკვირი, რომ ფრაიდის ჩატარების ყოველი მცდელობა “მინი-სამოქალაქო ომში” იზრდება.

ამასთანავე, აბლოთიას შეფასებით, ლგბტ-აქტივისტები არ ითვალისწინებენ პოლიტიკურ ფაქტორს – იმას, რომ “საჯარო გეი-აქტივობის ყოველი მცდელობა – ეს დამატებითი პროცენტებია ურა-პატრიოტების, შავრაზმელების, საბჭოელებისა და დაუფარავი კრემლისტების ყულაბაში და თუ ოდესმე საქართველოში ფაშისტები და ქსენოფობები გაიმარჯვებენ, მთ მადლობა, სხვებთან ერთად, გეი-აქტივისტებსაც უნდა გადაუხადონ”.

იგი ურჩევს  ლგბტ-აქტივისტებს, “ნუ მოახდენენ მოვლენების ზედმეტ ფორსირებას და ამ ეტაპზე მიიღონ მიღწევებისა და თავისუფლების ის დონე, რომელიც გააჩნიათ”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S